Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამაზ ნადარეიშვილისა და ემზარ კვიციანის დაპირისპირების მიზეზები


უკანასკნელ დღეებში პიკს მიაღწია დაპირისპირებამ აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების ლიდერ თამაზ ნადარეიშვილსა და კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებულ ემზარ კვიციანს შორის.

ნადარეიშვილი კვიციანს კოდორის ხეობის რუსეთის სამშვიდობო ძალებისათვის ჩაბარების განზრახვას აბრალებს, ხოლო პრეზიდენტის რწმუნებული აფხაზეთის დევნილ ხელისუფლებას გაეროს დამკვირვებლების გატაცების ორგანიზებაში ადანაშაულებს..

24 ივნისს კოდორის ხეობაში, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიის ერთადერთი ნაწილია, თბილისის მიერ კონტროლირებადი, მოსახლეობის საპროტესტო აქცია დაიწყო. მე ტელეფონით დავუკავშირდი აქციის მონაწილეებს, რომლებმაც ინტერვიუში განაცხადეს, რომ თუ ემზარ კვიციანი თანამდებობიდან გადადგება, მაშინ კოდორის მოსახლეობა ხეობას მიატოვებს და ლტოლვილად იქცევა. კოდორის ხეობის სამთო-მსროლელი რაზმის - „მონადირის" მეთაურის, მაიორ ზურაბ გერლიანის განცხადებით:

[ზურაბ გერლიანის ხმა] „ემზარის იმედით ვართ ჩვენ. ომის პერიოდიდან მოყოლებული დღემდე ჩვენთან არის და ამის იმედით არის კოდორის ხეობის მოსახლეობა, მთელი ჯარი. ემზარ კვიციანს თუ რაღაცნაირი პრობლემა შეექმნა, აქ ხალხი არ გაჩერდება, აჯანყდება ხალხი და ვერც გავაჩერებთ მერე ჩვენ ამ ხალხს."

ემზარ კვიციანს სწორედ კოდორის ხეობის რუსეთის სამშვიდობო ძალებისთვის ჩაბარების განზრახვას აბრალებს თამაზ ნადარეიშვილი. არადა, ქართულ-რუსულ მოლაპარაკებათა უკანასკნელ რაუნდზე მხარეები კოდორის ხეობაში ქართული და აფხაზური მხარეების ბლოკპოსტების შექმნაზე შეთანხმდნენ და ამ სქემიდან გაეროს დამკვირვებლები და რუსი მშვიდობისმყოფელები საერთოდ ამოვარდნენ.



ზევით ნახსენები უსაფუძვლო ბრალდება გვაფიქრებინებს, რომ ნადარეიშვილისთვის კვიციანი პოლიტიკურადაა მიუღებელი. გალის რაიონსა და კოდორის ხეობის ქვედა სოფლებში ლტოლვილთა დაბრუნების პროცესში ემზარ კვიციანის აქტიური როლი და მის მიმართ სოხუმის ხელისუფლების დამოკიდებულება აფხაზეთის დაბრუნების პროცესში დევნილი ხელისუფლების როლს ამცირებს.

24 ივნისს ემზარ კვიციანი პრეზიდენტ შევარდნაძეს შეხვდა. მანამდე კვიციანი ამბობდა, რომ რწმუნებულის პოსტს დატოვებს, თუ თამაზ ნადარეიშვილი არ გადადგება. შევარდნაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ კვიციანმა ასეთი განცხადება გააკეთა:

[კვიციანის ხმა] „არანაირი გადაწყვეტილება არ მიმიღია ჯერჯერობით. ნადარეიშვილისგან განსხვავებით, მაგი რომ წამოვიდა სოხუმიდან და სოხუმი დაეცა, მე თუ გადავდექი თანამდებობიდან, ეს არ ნიშნავს, რომ კოდორიდან წამოვალ. დავრჩები იქ და მტერს მაინც არ შემოვუშვებ."[სტილი დაცულია]

ემზარ კვიციანმა განაცხადა, რომ თამაზ ნადარეიშვილს ძველ განცხადებებს აპატიებს, თუ იგი ბოდიშს მოიხდის. ნადარეიშვილი ბოდიშის მოხდას არ აპირებს, თუმცა მისი პოზიცია გაცილებით შერბილებულია. მისი თქმით:

[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] „ემზარ კვიციანთან საერთო არაფერი არ მქონდა. ჩვენი ბოლო შეხვედრა 98 წელს იყო. იმის შემდეგ არც მინახავს, არც არაფერი გამიგია და, საერთოდ, მე არ ვერევი კოდორის ხეობაში. ამიტომ მე არავითარ პრეტენზიებს არავის არ ვუყენებ, პრეზიდენტის გადასაწყვეტია ეს საკითხი."

პრეზიდენტის ვერდიქტი კი ჯერჯერობით სტატუს-კვოს შენარჩუნებაა.
XS
SM
MD
LG