Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანკისის სპეცოპერაციის შედეგები


კოდორის ხეობისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლება პანკისის ხეობაში ვითარების გამწვავებას ნაკლებად ელის და ირწმუნება კიდეც, რომ რუსეთის მოსაზღვრე კუთხეში,

სადაც ცოტა ხნის წინ ვითარება უმართავი იყო, სიწყნარე და სტაბილურობაა. საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ავთანდილ იოსელიანი უცხოელ კოლეგებს ურჩევს პანკისის ახალ რეალობაში დასარწმუნებლად იქაურობა თავად მოინახულონ. როგორია პანკისის ახალ რეალობა, ანუ ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგები?

"პანკისის პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია. რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთის დარღვევა რუსეთის მხრიდან არის შესაძლებელი და არა საქართველოდან. მოცემულ ეტაპზე არ არსებობს არავითარი საფუძველი პანკისის ხეობაში რუსეთის დახმარებით რაიმე სპეცოპერაციის ჩასატარებლად." - საქართველოს უშიშროების მინისტრმა ასეთი კომენტარი გაუკეთა რუსეთის პრეზიდენტის ამასწინანდელ განცხადებას, რომელიც მან ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა. როგორც ცნობილია, პუტინმა პანკისის ხეობა უწინდებურად დესტრუქციული ელემენტებისა და ტერიტორისტების თავშესაფრად მოიხსენია, მოითხოვა აღიკვეთოს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთზე თავდასხმის ფაქტები და კიდევ ერთხელ დაადასტურა ოფიციალური მოსკოვის მზადყოფნა მონაწილეობა მიიღოს პანკისის ერთობლივ ოპერაციაში, რა თქმა უნდა, თუ საქართველოს ხელისუფლება ერთობლივი ოპერაციის ჩატარებაზე დათანხმდება. პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შემდეგ, მას შემდეგ, რაც პანკისის პრობლემა, ასე თუ ისე, დავიწყებას მიეცა (იქიდან გამომდინარე, რომ საგრძნობლად შემსუბუქდა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით კი, თითქმის, გადაიჭრა), საქართველოში პუტინის გამოსვლა ეუცნაურათ. მართალია, პანკისის ხეობის ერთ-ერთ სოფელში ახლახან დააკავეს უცხოელი მოქალაქეების გატაცებაში ეჭვმიტანილი პირი, საქართველოს ხელისუფლებაში გადაჭრით აცხადებენ, რომ პანკისში ტერორისტები არ არიან, რომ გამორიცხულია აქედან რუსეთში შეიარაღებული პირების შეჭრის საშიშროება შეიქმნას. ამაში საქართველოს სახელმწიფო დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარე ავთანდილ იოსელიანი პანკისის ხეობის მონახულებამ დაარწმუნა. იმისათვის, რომ პანკისის ხეობის ახალ რეალობაში სხვებიც დარწმუნდნენ, ის მზად არის რუსეთის საგარეო დაზვერვისა თუ სხვა ქვეყნების შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები პანკისის ხეობაში მიიპატიჟოს.

[ავთანდილ იოსელიანის ხმა] "იქ არავინ არ არის და, თუ ვინმეს ძალით მოიყვანენ, არ ვიცი. არავითარი საფუძველი არ არის იმის, რომ იქ ერთობლივი ოპერაცია ჩატარდეს. თუ რუსებს აქვთ ინფორმაცია, რომ იქ ტერორისტები არიან, მოგვაწოდონ. ჩვენი ინფორმაციით, იქ ტერორისტები არ არიან. "

აცხადებს ავთანდილ იოსელიანი. პანკისის ხეობის დღევანდელობასა და მის ახლო წარსულს შორის განსხვავებას ცასა და დედამიწას შორის განსხვავებას ადარებს დუისელი მექა ხანგოშვილიც. ის ახლახან დაბრუნდა პანკისიდან და გვითხრა:" პანკისის სპეცოპერაციის შედეგებით ადგილობრივი მოსახლეობაც კმაყოფილიაო". ჩვენს შეკითხვას, მაინც რა შეცვალა პანკისის ოპერაციამ ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაში, მექა ხანგოშვილმა უპასუხა:

[მექა ხანგოშვილის ხმა] "ადამიანებს იქ უფრო მშვიდი ძილით სძინავთ და, დავუშვათ, იმის შიში ისე აღარა აქვთ, რომ მათი შვილები შეიძლება ნარკომანები გახდნენ. გუშინ ნარკოტიკული ნივთიერებები ლამის ქუჩაში იყიდებოდა, დღეს ასეთი რამ არ ხდება."

ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ პანკისის პრობლემა მთლიანად გადაჭრილია. ჯერ კიდევ წინ არის პანკისის ოპერაციის მესამე ფაზა, რომლის დაწყებაც დაფინანსების პრობლემამ შეაფერხა, მაგრამ არც ისეა საქმე, როგორც ადრე იყო. ამდენად, რაში დასჭირდა პუტინს პანკისის გახსენება, გამოცანად დარჩა, - იქნებ, ზაფხულის სეზონისთვის მოსალოდნელ სასაზღვრო პროვოკაციებზე მისანიშნებლად?
XS
SM
MD
LG