Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკა და ევროპა უთანხმოებებს აგვარებენ


აშშ-ისა და ევროპის კავშირის ლიდერებმა ოთხშაბათს, ვაშინგტონში, თავიანთი ტრადიციული ყოველწლიური შეხვედრა გამართეს. როგორც რადიო "თავისუფლების" ვაშინგტონელი კორესპონდენტი ჯეფრი დონოვანი იუწყება,

ორივე მხარემ ხაზგასმით აღნიშნა შერიგების აუცილებლობა - მას შემდეგ, რაც ერაყის ომის საკითხში განსხვავებული პოზიციების გამო ამერიკელი და ევროპელი მოკავშირეების ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა.

ჩვენი ვაშინგტონელი კორესპონდენტის ცნობით, სამიტის შემდეგ მის მონაწილეებს სახეებიდან ღიმილი არ შორდებოდათ. აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუშიც და მისი სტუმრებიც, ევროპის კომისიის პრეზიდენტი რომანო პროდი და ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კოსტას სიმიტისი, მოლაპარაკების შედეგებით აშკარად კმაყოფილი ჩანდნენ.

თეთრ სახლში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მათ ხაზი გაუსვეს ტრანსატლანტიკური ერთობის აუცილებლობას - განსაკუთრებით ახლა, როცა მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე არაერთი სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანა დგას. მათგან უმნიშვნელოვანესია ტერორიზმთან ბრძოლა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების კონტროლი. სწორედ ამ სფეროებში ამერიკამ და ევროპამ მოქმედების ერთობლივი სტრატეგია დასახეს. მაგალითად, მათ ერთად მოუწოდეს ირანს, შეასრულოს პირობა, რომ არ იმუშავებს ბირთვული იარაღის შექმნაზე და ითანამშრომლებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან.

ჯორჯ ბუშის თქმით, მან და მისმა ევროპელმა პარტნიორებმა მოილაპარაკეს, გააერთიანონ ძალისხმევა, რათა შეჩერებულ იქნეს მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ჩრდილოეთი კორეა ან ირანი. პრეზიდენტმა დასძინა, რომ აუცილებელია, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან ირანმა ხელი მოაწეროს დამატებით ოქმს, რომელიც შესაძლებელს გახდიდა მისი ბირთვული ობიექტების უფრო საფუძვლიან შემოწმებას.

[ჯორჯ ბუშის ხმა] "ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ბოლო ანგარიშში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ირანმა არ შეასრულა მსოფლიოს წინაშე ნაკისრი ვალდებულება, მუშაობის საშუალება მიეცა სააგენტოს წარმომადგენლებისთვის. ამერიკა და ევროპის კავშირი იზიარებენ მოსაზრებას, რომ ირანმა ყოველმხრივ უნდა ითანამშრომლოს ატომური ენერგიის სააგენტოსთან."

ირანის მიმართ ევროპის გამკაცრებული პოზიცია ევროპის კომისიის პრეზიდენტმა რომანო პროდიმ შემდეგი სიტყვებით გამოხატა:

[რომანო პროდის ხმა] "ირანთან ყოველდღიურ, ღრმა დიალოგს ვაწარმოებთ. მათგან მოვითხოვთ, რომ ყველანაირ ინსპექციებზე დათანხმდნენ, მოულოდნელზეც კი, რადგან ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ სამომავლო მშვიდობას საფრთხე არ ემუქრება."

ვაშინგტონის სამიტი ჯორჯ ბუშისა და ევროპის კავშირის ლიდერების პირველი შეხვედრა იყო ერაყში სამხედრო კამპანიის დაწყებიდან, ანუ მარტიდან მოყოლებული. ამ კამპანიის მიმართ საფრანგეთისა და გერმანიის მკვეთრად უარყოფითმა დამოკიდებულებამ და ვაშინგტონის ზოგიერთმა გადაწყვეტილებამ, რომელსაც "ძველ კონტინენტზე" ბევრი "ერთპიროვნულს" უწოდებდა, სერიოზულად დაძაბა მოკავშირეთა ურთიერთობა. მეტიც, ბევრი ექსპერტის აზრით, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ეს კრიზისი უმძიმესი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში.

მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ბევრ საკითხში კონსენსუსი იქნა მიღწეული, ყველა უთანხმოების მოგვარებაზე საუბარი მაინც გადაჭარბებული იქნებოდა. მაგალითად, ევროპის კავშირის ზოგიერთი წევრის აშკარა უკმაყოფილებას იწვევს ვაშინგტონის ახალი, პრევენციული დარტყმების პოლიტიკა, მისი დადებითი დამოკიდებულება გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვები პროდუქტების მიმართ და სხვა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც "ძველსა" და "ახალ" კონტინენტებზე განსხვავებულად აფასებენ, პალესტინელთა ექსტრემისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ მოქმედების გზები გახლავთ. მაგალითად, საფრანგეთი დარწმუნებულია, რომ აუცილებელია სამშვიდობო მოლაპარაკებებში "ჰამასის" რადიკალური ორგანიზაციის პოლიტიკური ფრთის ჩაბმა, რასაც ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია არ იზიარებს.

მოკლედ, უთანხმოებები რჩება, მაგრამ, როგორც თვით სამიტის მონაწილეებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მთავარია, რომ ევროპაც და ამერიკაც მზად არიან, მათს მოგვარებაზე იმსჯელონ.

სამიტზე კიდევ ერთხელ გაიჟღერა ტერმინმა "ძველი ევროპა". შეგახსენებთ: ამ რამდენიმე თვის წინათ, როცა ერაყის გარშემო ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა გერმანია და საფრანგეთი "ძველ ევროპას" მიაკუთვნა და "ახალი ევროპის" ნაწილად მოიხსენია აღმოსავლეთი ევროპის ის ქვეყნები, რომლებმაც ერაყის სამხედრო კამპანიაში მხარი დაუჭირეს ვაშინგტონს.

ამჯერად სიტყვები "ძველი" და "ახალი", "ბებერი" და "ახალგაზრდა", თავის გამოსვლაში იხმარა არა ვაშინგტონის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, არამედ ევროპის კომისიის პრეზიდენტმა რომანო პროდიმ.

[რომანო პროდის ხმა] "ბევრი ამბობს, რომ ევროპა მეტისმეტად დაბერდა. შეიძლება ასეც იყოს. მაგრამ ხანდაზმული ასაკი გვეხმარება, შევიცნოთ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, მსოფლიოში არსებული რეალობა. ამიტომ, ჩემი აზრით, თუ განმარტოებით დავდექით, ბატონო პრეზიდენტო, ევროპაც მეტისმეტად ბებერია და შეერთებული შტატებიც მეტისმეტად ახალგაზრდა საიმისოდ, რათა მსოფლიოს მშვიდობა მოვუტანოთ. ჩვენი ვალია, ერთმანეთს მხარში ამოვუდგეთ და დედამიწაზე მშვიდობა დავამკვიდროთ."

პროდის ამ სიტყვების გაგონებაზე ბუშს გაეღიმა და თავის ევროპელ სტუმარს უთხრა: "ისე, ამ ბოლო დროს რაღაც ახალგაზრდულად გამოიყურებიო." კაცისგან, რომელიც სულ ცოტა ხნის წინათ ევროპის მისამართით უხეში გამოთქმების ხმარებასაც არ ერიდებოდა, ეს ნათქვამი ყველა დამსწრემ შვებითა და სიამოვნებით მიიღო.

ხუმრობა ამით არ დამთავრებულა. როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა არი ფლაიშერმა ჟურნალისტებს უთხრა, დილით ჯორჯ ბუშმა თავისი ევროპელი სტუმრები საუზმეზე შემდეგი სიტყვებით მიიპატიჟა: "წამოდით, გენეტიკურად მოდიფიცირებული საჭმელი ვჭამოთო." თუ იმავე ფლაიშერს დავუჯერებთ, სტუმრებს გასცინებიათ. ოღონდ გასარკვევია, რა იყო ეს: გულწრფელი მხიარულება თუ ნერვული სიცილი.
XS
SM
MD
LG