Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამთავრდა თუ არა ომი ერაყში?<br>


უკვე ორი თვეა ერაყში არსებულ ვითარებას "ომისშემდგომს" უწოდებენ პოლიტიკოსებიცა და მსოფლიო პრესაც. თუმცა, პასუხი შეკითხვაზე დამთავრდა თუ არა ერაყში ომი, ჯერ არავის გაუცია.

ისე კი, ბევრიც არავინ არის, ვისაც შეეძლო პასუხის გაცემა და ამიტომ ყველა ახლო წარსულში ბრუნდება და შეერთებული შტატების პრეზიდენტის სიტყვებს იხსენებს. საქმეს დიდად არც ეს შველის. ერაყში გრძელდება შეიარაღებული შეტაკებები, შედარებით მცირე მასშტაბის, მაგრამ ისინი მხსვერპლით მთავრდება.

1 მაისს სპარსეთის ყურიდან სამშობლოსკენ გზად მიმავალმა ჯორჯ ბუშმა ავიამზიდ "აბრაამ ლინკოლნზე" გამოაცხადა: [ბუშის ხმა] "ძირითადი საომარი ოპერაციები ერაყში დამთავრდა. ერაყის ბრძოლაში შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა გაიმარჯვეს". ახლა, როცა ყველა ხედავს, რომ ერაყში საომარი მოქმედებები, მართალია, არა - ფართომასშტაბიანი, მაგრამ მაინც გრძელდება, ხაზს უსვამენ იმას, რომ ჯორჯ ბუშს არ უთქვამს, რომ ომი დამავრდა, არამედ თქვა, რომ დასრულდა ძირითადი საომარი ოპერაციები. ამას მნიშვნელობა აქვს იმათთვის, ვისაც სურს, რომ პრეზიდენტ ბუშის გათვითცნობიერებულობაში დარწმუნდეს, თორემ მათთვის, ვინც ერაყში დღემდე საომარ ოპერაციებში მონაწილეობა უწევს, ალბათ, ძირითადი და წვრილმანი ოპერაცია ერთნაირად მნიშვნელოვანი და რისკიანია.

1 მაისიდან დღემდე ერაყში 57 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. მათგან ერთი მესამედი, როგორც იტყვიან, მტრის ტყვიამ იმსხევრპლა, დანარჩენები კი კატასტროფებმა და სხვა არა საომარმა შემთხვევებმა. ბოლო დროს თავდასხმის ობიექტები აღმოჩნდნენ ბრიტანელი ჯარისკაცებიც. სამშაბათს ექვსი ბირტანელი სამხედრო პოლიციელი მოკლეს. ამის შემდეგ კიდევ 4 ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა არასაბრძოლო სიტუაციებში.

მიმომხილველთა უმეტესობა ადასტურებს, რომ ერაყში ომი გრძელდება და რომ ეს არის ე.წ. ასიმეტრიული ომის მაგალითი, როცა საფრთხე მოდის არა რეგულარული ჯარისგან, არამედ მცირე ჯგუფებისგან, რომლებიც მოულოდნელ თავდასხმებსა და ტერაქტებს ახორციელებენ.

სამხედრო დაზვერვის ექსპერტი ენთონი კორდსმენი ამბობს:

[კორდსმენის ხმა]
"როცა ლაპარაკია ასიმეტრიულ ომებზე, როცა საქმე გვაქვს მაღალ იდეოლოგიურ დატვირთვასთან, როცა ვლაპარაკობთ საფრთხეებზე, რომელიც მომდინარეობს არარეგულარული ჯარისგან, არამედ სამხედროთა მოულოდნელი თავდასხმებისგან და ტერორიზმისგან. პრაქტიკულად, შენ იგებ ომს მაშინ, როცა აღარავინ გესხმის თავს და აღარ არსებობს საფრთხე. და როცა ლაპარაკია ერაყსა და ავღანეთზე, აშკარაა, რომ შეერთებული შტატების ჯარები იქ ბრძოლას განაგრძობენ".

კატოს კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელ ტედ კარპენტერს მიაჩნია, რომ შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობები უნდა შეეცადონ რაც შეიძლება მალე გაიყვანონ ერაყიდან ჯარები და იქ წესრიგის დამყარება ერაყელებს მიანდონ. კარპენტერმა "რადიო თავისუფლებას" განუცხადა:

[კარპენტერის ხმა]
"ის, რისი მოწმეებიც ახლა ვართ, ძალიან გავს მეოცე საუკუნის ეროვნულ-გამანთავისუფლებელ, ან ანტიიმპერიულ მოძრაობებს. თუკი შეერთებულ შტატებს სურს, რომ ნაკლებ სირთულეებს წააწყდეს ერაყში, მას უნდა ჰქონდეს იქიდან რაც შეიძლება სწრაფად გამოსვლისა და ერაყის ერაყელებისთვის გადაბარების ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული სტრატეგია, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ შეიძლება შედეგით დიდად კმაყოფილები არ დარჩნენ".

შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ელ გორის მრჩეველს უშიშროების საკითხებში ლეონ ფერთს მიაჩნია, რომ ერაყში არსებული ვითარება ადასტურებს, რომ მოკავშირეთა წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმები ცენტრალიზებულად იმართება.

[ფერთის ხმა]
"ბუშის ადმინისტრაცია ახლა იძულებული ხდება შეცვალოს თავისი პოზიცია მომხდარზე და ახლა თითქმის დარწმუნებით აღიარებს, რომ სადამ ჰუსეინი ცოცხალოა და შეიძლება ერაყშიც იმყოფებოდეს. დღითიდღე მათი გამონათქვამები სულ უფრო ამყარებს აზრს, რომ ამერიკელ ჯარისკაცებზე თავდასხმები მათი დახოცვის მიზნით, როგორღაც იმართება, რაც თავის მხრივ დროთა განმავლობაში შეიძლება პოლიტიკურად წამგებიანი გახდეს".

ერაყში მიმდინარე მოვლენების გამო ამერიკელებს ჯერჯერობით ჯერჯერობით დიდი უკმაყოფილება არ გამოუხატავთ. თუმცა, არავინ იცის როდემდე გასტანს მათი შემწყნარებლობა შეერთებული შტატების მთავრობის მიმართ ერაყის ომის გამო.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG