Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტში საგადასახადო კანონპროექტთა კონკურენცია გაჩაღდა


საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო ფრაქცია „მრეწველების" ინიციატივით მომზადებული ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი. საერთაშორისო ფონდების დახმარებითა და

საუკეთესო ექსპერტების ძალისხმევით შექმნილ ამ პროექტს თავის დროზე პრეზიდენტმა შევარდნაძემაც დაუჭირა მხარი. თუმცა ახლა მთავრობა პარლამენტში საგადასახადო კოდექსის სულ სხვა პროექტით შევიდა.

ეკონომიკის ექსპერტის ნიკო ორველაშვილის ხელმძღვანელობით მომზადებულ საგადასახადო კოდექსის პროექტს ფინანსთა სამინისტრო პრეზენტაციაზეც კი დაუპირისპირდა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ ახალი კოდექსის კონცეფციას მაღალი შეფასება მისცა. ახლა კი ფინანსთა სამინისტრომ - შესაბამისად, მთავრობამ - საგადასახადო კოდექსის ცვლილებათა საკუთარი პროექტი დაუპირისპირა პრეზიდენტის მოწონებულ კანონპროექტს. ამას ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ანთელიძე მეტად ორიგინალურად ხსნის:

[ზურაბ ანთელიძის ხმა] „რაც შეეხება თავად მიღებას, მრეწველების კანონის მიღებას, აქ საუბარია რაზე - რომ, იქ არის, სანამ, დავუშვათ ეს, თვითონ კანონშივეა ჩადებული, რომ უნდა იყოს აბსოლუტურად იდენტიფიკაციის სისტემა, ანუ ყველა გადასახადის გადამხდელი უნდა იყოს აღრიცხული. შესაბამისად, ამას სჭირდება სერიოზული შესაბამისი დრო. ამიტომ ამ დროის განმავლობაში... და სჭირდება მუშაობა - იქ არის რამდენიმე კანონი მისაღები." [სტილი დაცულია]

მუშაობა ნამდვილად საჭიროა და, თუ ოდესმე მთავრობამ ეს მუშაობა არ დაიწყო, ისე კანონპროექტის რეალიზებისთვის საჭირო დიდი დრო არასდროს შემცირდება. მრეწველთ საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტში ერთი მოსმენით მიღებული პროექტის ავტორი ნიკო ორველაშვილი ამბობს, რომ ფინანსთა სამინისტრო ყოველთვის თავისთვის სასარგებლო კანონპროექტს დაუჭერს მხარს.

[ნიკო ორველაშვილის ხმა] „მრეწველები, როგორც საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები, არაადეკვატურად იქცეოდნენ. მაგათ რატომღაც ჩათვალეს, რომ მთავრობა გააკეთებდა იმ საქმეს, რომელსაც ესენი საარჩევნო დროშად გამოიყენებდნენ. მთავრობა მაგას არ გააკეთებდა, ეგეთი გულუბრყვილობა მე გამიჭირდება დავწამო ნებისმიერს."

ორველაშვილის პროექტი მთლიანად ცვლის ურთიერთდამოკიდებულებას გადამხდელსა და გადასახადის ამკრეფს შორის. კერძოდ, გადამხდელის ვალდებულებები ზომიერია და მას თავდაცვის მექანიზმებიც ენიჭება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამართავ სუბიექტს გადასახადის ამკრეფის მხრიდან კორექტული დამოკიდებულების მოთხოვნის სურვილი უჩნდება, რაც მთავრობას აიძულებს თვითრეფორმირება მოახდინოს. ნიკო ორველაშვილის თქმით:

[ორველაშვილის ხმა] „ჩვენ ამ გარემოს შეცვლას ვსახავდით მთავარ მიზნად. მაგათ ნაწილში არის კოსმეტიკური ცვლილებები. ახლა ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებები არასდროს გაითვალისწინებს იმავე ურთიერთპასუხისმგებლობის საკითხს. და ყოველთვის ასეა: მე დამაგვიანდება 1 დღით და უნდა დამაკისრონ ჯარიმა და მერე საურავი, თვითონ აგვიანებენ წლებით და ათწლეულებით და, არა, ისინი ამ ქვეყნიურ ცოდვა-მადლზე მაღლა არიან უფრო."

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებები, რომლებიც 27 ივნისს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა, ითვალისწინებს მცირე ბიზნესის, ერთი გადასახადით, კაპიტალბრუნვის 5%-ით დაბეგვრას და დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებას. ასევე, სააქციზო გადასახადისაგან თავისუფლდება საბურავებისა და ხიზილალის იმპორტი, თუმცა, თუ რატომ მაინცდამაინც ეს სახეობები, ფინანსთა სამინისტროს კონკრეტულად არ განუმარტავს.

როგორც ჩანს, წინასაარჩევნოდ სახელისუფლებო ბლოკს იმდენი საბურავის გაცვეთა და იმდენი ბანკეტის მოწყობა დასჭირდება, რომ გადაწყვიტა ძირითადი მოთხოვნილების პროდუქტები აქციზის გაუქმების გზით გააიაფოს. წინასაარჩევნოდ არც მცირე ბიზნესის გულის მოგებაა ურიგო საქმე. თუმცა, თუ რამდენად მოხერხდება პარლამენტში მთავრობის მიერ წარდგენილი ცვლილებების დამტკიცება, ძნელი სავარაუდოა, რადგან მრეწველები შეეცდებიან ფინანსთა სამინისტროს პროექტი ისევ დაბლოკონ, როგორც ეს 27 ივნისს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მოხდა.

ამ ცვლილებების, ისევე როგორც პირველი მოსმენით მიღებული ახალი საგადასახადო კოდექსის, ბედი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა ურთიერთდამოკიდებულება ჩამოყალიბდება სახელისუფლებო ბლოკსა და მრეწველთა პოლიტიკურ გაერთიანებას შორის.
XS
SM
MD
LG