Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ალაპარაკდა საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაჭრის გეგმაზე?


კვირის ბოლოს საქართველოს უშიშროების

მინისტრის განცხადებამ, თითქოს ხელისუფლებას ჰქონდეს გეგმა აფხაზეთის პრობლემის ძალისმიერი გზით მოგვარებისთვის, საზოგადოებაში დიდი ხმაური გამოიწვია. ზოგიერთმა პოლიტიკურმა მოღვაწემ ვალერი ხაბურძანია სახელმწიფო საიდუმლოების გამხელაში დაადანაშაულა. ოპონენტთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს განცხადება ფუჭი ვაზნის გასროლას ჰგავს და თბილისს არავითარი რესურსი არ გააჩნია კონფლიქტების სამხედრო გზით გადაჭრისთვის. მაგრამ აქვს თუ არა საქართველოს კონფლიქტის ძალისმიერი გადაჭრის საკუთარი გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ თბილისი კვლავ სეპარატისტების პირისპირ აღმოჩნდა? ახლო წარსულის რამდენიმე ფაქტი და ოფიციალური თბილისის ზოგიერთი ბოლოდროინდელი განცხადება ცხადყოფს, რომ საკითხი მხოლოდ რიტორიკულ დატვირთვას არ ატარებს.

საქართველოს თითქმის ყველა გასამხედროებულ ნაწილში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი არსებობს, ომგამოვლილი სამხედრო კადრებით არის დაკომპლექტებული უკლებლივ ყველა ძალოვანი უწყების მმართველი შემადგენლობა, ომში მონაწილეობა გახდა საფუძველი მორიგი მასშტაბური ამნისტიისა მოახლოებული არჩევნების წინ, ხოლო ფიცის დადების ცერემონიის დროს ახალბედა ქართველ სამხედროებს აუცილებლად შეახსენებენ ხოლმე, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო მათი დასაბრუნებელია.

[დავით თევზაძის ხმა] "მე მინდა გახსოვდეთ, რომ დამპყრობლის აჩრდილი დღესაც არის წამომდგარი საქართველოზე; მე მინდა გახსოვდეთ, რომ დედა საქართველოს მოწყვეტილი სამაჩაბლო და აფხაზეთი ჯერ კიდევ ელოდება თავის გმირს. და ეს გმირი თქვენ ხართ."

შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ასეთი ფსიქოლოგიური დატვირთვა ყველა სამხედრო მინისტრის საზეიმო მიმართვას ახასიათებს და არ შეიძლება მისი დაკავშირება სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად განცხადებულ სამშვიდობო კურსთან.

და მართლაც, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში რუსი მშვიდობის დამცველების შემოყვანა ხომ, საქართველოს ხელისუფლების აქტიური ძალისხმევით, 1994 წლის ზაფხულში დაიწყო. სწორედ საქართველოს ლიდერი ედუარდ შევარდნაძე იმედოვნებდა და დღესაც ბოლომდე არ დაუკარგავს რწმენა, რომ რუსი გენერლები არა მხოლოდ დააშორებენ ერთმანეთს დაპირისპირებულ მებრძოლებს, არამედ საკუთარ სახლებში დააბრუნებენ აფხაზეთიდან დევნილებს, აღადგენენ ომამდელ სტატუს-კვოს ამბოხებულ ავტონომიურ რესპუბლიკაში.

ოღონდ ამჯერად რუს გენერლებთან ერთად საქართველოს ხელისუფლებას ამერიკელი მოკავშირეების იმედიც აქვს. საქართველოში ხომ მეორე წელია ხდება შემზადება საზოგადოებრივი აზრისა, რომ არსებობს მოსკოვი-ვაშინგტონი-თბილისის მაგიური სამკუთხედი, რომელიც მიხედავს ქვეყნის წინაშე მდგარ ყველა - მათ შორის, დაკარგული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის - პრობლემას.
[ვალერი ხაბურძანიას ხმა] "პირველ რიგში, მე აფხაზეთის პრობლემა მაქვს მხედველობაში. მე ვიცი, რომ არსებობს გარკვეული მოლოდინი იმისა, რომ ერაყის კონფლიქტის შემდგომ აშშ რუსეთთან ერთად აქტიურად ჩაერთვება აფხაზეთის პრობლემის დარეგულირებაში და, ღმერთმა ქნას, ისეთივე შედეგები გვქონდეს, როგორც პანკისში. ამ სამკუთხედს მე დიდი სიამოვნებით გადავიტანდი აფხაზეთის პრობლემის გადაჭრაში. და ეს თუ რუსეთის მხარეს გარკვეულ პროვოცირებას გაუკეთებს ( რომ აი, მესამე მხარე შემოდის და რაღაც არ წაიღოს), მაშინ მას თვითონ შეუძლია დაიწყოს ამ საკითხის გადაწყვეტა და ეს ჩვენთვის სასარგებლო იქნებოდა."[სტილი დაცულია]

პანკისის პროეცირებას აფხაზეთში, ბუნებრივია, შესაბამისი საინფორმაციო უზრუნველყოფა ესაჭიროებოდა. ამიტომაც იყო, რომ საქართველოს ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები სულ უფრო ხშირად ახსენებდნენ გლობალური ტერორიზმისა და ალ-ყაიდას წევრებთან ურთიერთობის კონტექსტში აფხაზეთის ტერიტორიას. მაგრამ ამით მოსკოვის პროვოცირება, როგორც უშიშროების მინისტრი ვარაუდობდა, ვერ მოხდა. პირიქით, რაც უფრო ხშირად საუბრობს თბილისი აფხაზური სეპარატიზმის საფრთხეზე, მით უფრო მეტად ადანაშაულებს საქართველოს რუსეთი ტერორისტების მხარდაჭერაში. რაც შეეხება სამკუთხედის მესამე მხარეს, ვაშინგტონს, ერაყის სტაბილიზაციის პროცესი ისეთ დიდ სამხედრო და ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, რომ, როგორც ჩანს, იგი დიდ ხნით ვერ მოიცლის აფხაზეთის პრობლემის მოსაგვარებლად.

ასე რომ, საქართველოს ხელისუფლება კვლავ გაწბილებული დარჩა. და მას კვლავ გაახსენდა, რომ, ბოლოს და ბოლოს, თუ ეს სამშვიდობო ძალისხმევა არ გაჭრის, რჩება უკანასკნელი შანსი - გადაჭრას პრობლემა ძალისმიერი გზით. რაც განაცხადა კიდეც უშიშროების მინისტრმა მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე.

[ვალერი ხაბურძანიას ხმა] "ვფიქრობთ, პანკისის პრობლემის არსებითად გადაწყვეტის პარალელურად, ჩვენ, შესაძლებელია, დავიწყოთ უფრო აქტიური მოქმედება უკვე ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის მიმართულებით. თუმცა მთავარი პოსტულატი, რომ ეს საკითხები უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი გზით, ჩვენთვის რჩება მთავარი და წამყვანი. მაგრამ ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ ამ ტერიტორიებიდან კვლავინდებურად მოხდეს ერთგვარი ექსპორტირება ტერორიზმისა, კრიმინალისა და იმ დანაშაულობებისა, რომლებიც მრავლად ხდება ამ ტერიტორიებზე."[სტილი დაცულია]


რაც შეეხება სამხედრო მოქმედების კონკრეტულ გეგმას, ღირს გავიხსენოთ, რომ საქართველოს სამხედრო ძალებში არაერთი სწავლება ჩატარდა, რომლის დროსაც წარმოსახულ ტერიტორიაზე საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ძალების მონაწილეობით საბრძოლო დესანტის შეჭრის ამოცანები დამუშავდა.

ძალების ერთგვარ მოსინჯვას წარმოადგენდა გალის 1998 წლის შეტაკება და კოდორის 2002 წლის შემოდგომის მოვლენები, რომლებსაც მხოლოდ იმიტომ ეწოდა პროვოკაცია, რომ წარუმატებლად დამთავრდა. არადა, ფაქტია, რომ ყველაფერი წინასწარ იყო შეთანხმებული და დაგეგმილი.


ასე რომ, იმისდა მიუხედავად, მართებული იყო თუ არა სამხედრო გეგმებზე საჯარო საუბარი, საქართველოს უშიშროების მინისტრმა თქვა ის, რაც ფაქტია: სამხედრო ძალები ემზადებიან ბრძოლისთვის და სწორედ ამაშია მათი დანიშნულება. პოლიტიკოსების დანიშნულება კი ისაა, რომ დიპლომატიის გზით შეძლონ ომის თავიდან აცილება და არ მისცენ საშუალება ჯინს კიდევ ერთხელ ამოვიდეს ბოთლიდან. რადგან, როგორც არ უნდა სურდეს ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს ვითარების წარმოჩენა, აფხაზეთი არ არის პანკისის ხეობა და იქ მხოლოდ საკუთარი ძალებით საქართველო ვერაფერს გახდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG