Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითმკვლელობის შემთხევვა “კომანდოს” ბატალიონში


ვაზიანის ბაზაზე დისლოცირებულ პირველ პროფესიულ “კომანდოსის” ქვედანაყოფში კვირას პირველი თვითმკვლელობა მოხდა. 25 წლის კაპრალმა პაატა გოგრიჭიანმა,

რომელიც “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამაში ერთი წლის წინ ჩაერთო, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე თავი ჩამოიხრჩო. სუიციდის ფაქტმა პროფესიულ ქვედანაყოფში, რომლის პირადი შემადგენლობის მაღალ ფსიქოლოგიურ მოტივაციაზე ლეგენდები დადის, დიდი ხმაური გამოიწვია. თუმცა სამხედრო პროკურატურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თვითმკვლელობის მიზეზი ოჯახური პრობლემები გახდა და იგი არანაირად არ უკავშირდება თავად სამხედრო ნაწილში შექმნილ მდგომარეობას.


საქართველოს სამხედრო ძალებში ერთი წლის მანძილზე რამდენიმე თვითმკვლელობის ფაქტია და თითქმის ყოველთვის სუიციდის გამომწვევ მიზეზად ოჯახში შექმნილი პრობლემები, ახლობელ ადამიანთან კონფლიქტი და სასოწარკვეთა სახელდება. მაგრამ გამოძიება არაფერს ამბობს იმაზე, თუ რამდენად სწორად ტარდება პირადი შემადგენლობის შერჩევა სამხედრო სამსახურისთვის, რამდენად ითვალისწინებენ ფსიქოლოგების რჩევას გამწვევი კომისიები, რათა ზუსტად დადგინდეს მომავალი სამხედროების ფსიქოლოგიური პორტრეტი, მისი მიდრეკილება სუიციდისადმი, რასაც სამხედრო სამსახურის კარჩაკეტილი სისტემა კიდევ უფრო საცნაურს ხდის. ესეც რომ არ იყოს, ფსიქოლოგიური ტესტირება აუცილებელია იმ მიზნითაც, რომ შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული სხვა, სამხედრო ორგანიზაციისათვის დამახასიათებელი, შიდა საფრთხე, რაც არამდგრადი ფსიკიქის ადამიანისთვის საბრძოლო იარაღის ტარების უფლების მიცემას უკავშირდება.

თავდაცვის სამინისტროს კადრების სამმართველოს სპეციალისტი თეა ბარამიძე აცხადებს, რომ გამწვევ სამედიცინო კომისიაში შედიან ექიმი ფსიქიატრები, ფსიქოლოგიური ტესტირების, ე.წ. აიზენკის, მეთოდი დანერგილია თავდაცვის სამინისტროს კადრების სამმართველოში სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის წინ და, შესაბამისად, ასეთი ტესტირება “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამაში მონაწილე სამხედო კონტინგენტმაც გაიარა. მაგრამ ამ მეთოდით შეიძლება დადგინდეს, აქვს თუ არა ადამიანს აშკარად გამოხატული ფსიქიკური გადახრები და არა ტენდენცია, მიდრეკილება სუიციდისკენ, რაც ამ შემთხვევაში “კომანდოსის” ბატალიონის წევრ, კაპრალ პაატა გოგრიჭიანს აღმოაჩნდა.

ვაზიანის სამხედრო პრუკურორის მამუკა ცაავას დასკვნით, თანამებრძოლები ადასტურებენ, რომ ოჯახში შექმნილი პრობლემების გამო გარდაცვლილი ბოლო ხანს გულჩათხრობილი იყო, რაც გახდა კიდევაც მაპროვოცირებელი ამ საბედისწერო გადაწყვეტილებისა. “ნუ ეძებთ დამნაშავეს სამხედრო ნაწილში, ჩვენ ვიცოდით, რომ იგი თავს მოიკლავდა,” ასე გადმოსცემს ოჯახის წევრების ნათქვამს პროკურორი.

მაგრამ ეს ამ შემთხვევით გამოწვეულ ნეგატიურ რეზონანსს არ ამცირებს. სამხედრო ქვედანაყოფი ხომ, სადაც ეს საბედისწერო შემთხვევა მოხდა,”წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამით მომზადებული პირველი პროფესიული ბატალიონია, რომლის წევრებიც საუკეთესო პირობებში ცხოვრობენ, ღებულობენ მაღალ ანაზღაურებას და კარგად იციან კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებები. შესაბამისად, ობივატელს აინტერესებს პასუხი შეკითხვაზე: თუკი ამ შემთხვევაში ვერ მოხერხდა თვითმკვლელობის თავიდან აცილება, მაშინ რაღა იქნება სამხედრო ნაწილში, სადაც მინიმალური პირობებიც კი არ არსებობს?
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG