Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქციების ტალღა საქართველოს რეგიონებში


3 ივნისს ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციების ტალღამ რამდენიმე რეგიონალურ ცენტრსაც გადაუარა. ზუგდიდში, ქუთაისში, ახალციხესა და გურჯაანში

გაერთიანებული დემოკრატების, ახალი მემარჯვენეებისა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა მხარდამჭერების მობილიზება მეტ-ნაკლები წარმატებით შეძლეს. ზუგდიდში დაახლოებით 2000 ადამიანი შეიკრიბა, ქუთაისსა და ახალციხეში - 200-200, ხოლო გურჯაანში - მხოლოდ 70.

3 ივნისის საპროტესტო აქციის მასშტაბით, ზუგდიდი, თბილისის შემდეგ, მეორე ადგილზე აღმოჩნდა. როგორც ჩანს, გეგმის მიხედვით, რადგან დასავლეთ საქართველოს პროტესტით გამოსული ოპოზიციური ძალების კონცენტრაციის ადგილად აქციის ორგანიზატორებმა თავიდანვე სწორედ ზუგდიდი შეარჩიეს. ამის მიუხედავად, ზუგდიდის გამგეობის შენობის წინ იმაზე გაცილებით ნაკლები ადამიანი შეიკრიბა, ვიდრე ამას თავად ადგილობრივი აქტივისტები ვარაუდობდნენ.

[ლაშა ბერულავას ხმა] “რამდენიმე სოფლიდან არ ჩამოვიდა ავტობუსები და მიკროავტობუსები, რომლებიც თითქოსდა მზად იყვნენ ჩამოსვლისათვის. მართალია, ჩამოვიდნენ რამდენიმე სოფლიდან, ჩამოვიდნენ ფოთიდან, სენაკიდან, მაგრამ ეს არ არის სრული სპექტრი - იმდენი, რამდენსაც გეგმავდნენ ამ აქციის ორგანიზატორები.”

როგორც ჩვენმა ზუგდიდელმა კორესპონდენტმა ლაშა ბერულავამ გვითხრა, აქციის მონაწილეთა შორის პენსიონერთა სიმრავლე შეინიშნებოდა. მოგეხსენებათ, ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი წინასაარჩევნო აქტიურობა სამეგრელოში - კერძოდ, ზუგდიდში - საპენსიო ფონდის სამმართველოს წინააღმდეგ მიმართული აქციებით დაიწყო. ზუგდიდში საპროტესტო აქციის დასკვნითი ნაწილი, თუ შეიძლება ასე ითქვას, გაიმართა სწორედ საპენსიო ფონდის სამმართველოს შენობის წინ, სადაც კობა დავითაშვილმა დაახლოებით 500 პენსიონერის მიყვანა შეძლო. ამის შემდეგ აქცია ნაადრევად და, რაც მთავარია, მშვიდობიანად დაიშალა. შესაბამისად, არ გამართლდა იმ პროვოკაციების მოლოდინი, რომელთაც ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის თენგიზ ჯგუშიას სახელს უკავშირებდნენ. ოპოზიცია ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად საგანგებოდ მოემზადა, რაზეც თავად ლაშა ბერულავა უფრო დაწვრილებით მოგვითხრობს:

[ლაშა ბერულავას ხმა] “გაერთიანებულმა დემოკრატებმა დაიქირავეს კერძო დაცვის სპეცსამსახურის, “არწივის”, 20 წევრი. ძირითად მიზეზად, ალბათ, ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ პოლიციას ისინი ხელისუფლების ნების შემსრულებლებად მიიჩნევდნენ და, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლება დარბევას და პორვოკაციებს გეგმავდა, ისინი არ ენდობიან პოლიციასაც და, აქედან გამომდინარე, გახდა, ალბათ, საჭირო ამ კერძო დაცვის სამსახურის დაქირავება.”[სტილი დაულია]

კერძო დაცვის სპეცსამსახურ “არწივის” წევრებს ვიზუალურად სამხედრო ფორმებითა და რეზინის ხელჯოხებით გამოარჩევდით. რაც შეეხება იარაღს, საბედნიეროდ, საქმე აქამდე არ მისულა.
3 ივნისის საპროტესტო აქციამ, თავის მხრივ, ჩვენი ინფორმაციით, ზუგდიდის გამგეობის წევრებისა და სამშვიდობო ჯარების რამდენიმე გენერლის შეხვედრა ჩაშალა. დევნილთა საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენელთა ზუგდიდის გამგეობის შენობის წინ თავმოყრაც სწორედ გენერლების შესაძლო ვიზიტით აიხსნებოდა და არაფერი საერთო არ ჰქონდა საპროტესტო მიტინგსა და პოლიტიკასთან. შესაბამისად, საპროტესტო აქცია და მიტინგი ზუგდიდში საარჩევნო თემატიკას არ გასცილებია.
XS
SM
MD
LG