Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა იმალება პატიმართა მორიგი გაქცევის უკან?


საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ოთხშაბათს სასტიკი საყვედური გამოუცხადა იუსტიციის მინისტრს და მას თანამდებობიდან გათავისუფლებითაც დაემუქრა,

თუკი იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობა უმოკლეს დროში წესრიგს არ დაამყარებს სასჯელაღსრულებით სისტემაში, საიდანაც პატიმრების გაქცევამ უკვე მასობრივი ხასიათი მიიღო. შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში საქართველოს ციხეებიდან 46 პატიმარია გაქცეული. ბოლო შემთხვევა კი მოხდა რუსთავში 1 ივლისს, როდესაც 2 მკაცრი რეჟიმის კოლონია ერთბაშად 12 რეციდივისტმა დატოვა. პოლიციამ ცხელ კვალზე ჯერჯერობით მხოლოდ ორი მათგანის დაკავება შეძლო. პარალელურად, უკვე გამოითქმება ვარაუდები, თითქოს, პატიმართა გაქცევა უწყებრივი დაპირისპირების შედეგი იყოს.


საქართველოს სასჯელაღსრულებითი დაწესებულებები - უხელფასო ზედამხედველების, საშინელი საცხოვრებელი პირობებისა და კრიმინალური სამყაროს სრული გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრების გამო, დიდი ხანია ცალკე აღებულ ეროვნულ საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ხელისუფლება ამ ვითარებას მანამ არ ამჩნევდა, სანამ ციხე-კოლონიებიდან პატიმრების გაქცევამ ეპიდემიის ხასიათი არ მიიღო.

თანაც, გაქცეულთა უმრავლესობა მსჯავრდებულია უმძიმესი დანაშაულის გამო. მაგალითად, ამა წლის 8 ივნისს რუსთავის მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან გაქცეულ სამ პატიმარს თავის დროზე სასიკვდილო განაჩენი ჰქონდა გამოტანილი. 1 ივლისს მათ კვალს გაჰყვა კიდევ 12 რეციდივისტი, რომლებმაც კოლონიის ტერიტორია ზედამხედველის დახმარებით დატოვეს. თანაც, გაქცეულთაგან პოლიციამ ჯერჯერობით მხოლოდ ორის დაკავება შეძლო, დანარჩენებზე კი ძებნაა გამოცხადებული. მაგრამ ვითარებას ართულებს ის გარემოება, რომ, ოფიციალური ინფორმაციით, გაქცეულები, შესაძლოა, შეიარაღებულები იყვნენ და მძევლების აყვანა სცადონ.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ ციხიდან მძიმე კატეგორიის დამნაშავეების გაქცევას იუსტიციის ერთ-ერთი ყოფილი მინისტრის, ჯონი ხეცურიანის, გათავისუფლება მოჰყვა. ამიტომ ყველა ფიქრობდა, რომ 1 ივლისს მომხდარ მესამე გაქცევას უკვე ნამდვილად მოჰყვებოდა იუსტიციის ამჟამინდელი მინისტრის გადაყენება, მაგრამ ოთხშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მისთვის დამახასიათებელი მამობრივი საყვედურით შემოიფარგლა.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, კარგი იურისტია, ერთგული კაცია და ყველაფერი, მაგრამ ეს ყველაფერი ცალკე დარჩება და წყალში გადასაყრელი დარჩება, როცა ასეთი რამ კიდევ განმეორდება. წესრიგი დაამყარეთ! და ვთხოვ კობა ნარჩემაშვილს, რაც შეიძლება დააჩქარეთ შინაგანი ჯარების გამოყენება.”

თანაც, ამ კონტექსტში შინაგან საქმეთა მინისტრის კობა ნარჩემაშვილის სახელის ხსენებამ საკმაოდ საინტერესო ჟღერადობა შეიძინა. საქართველოში ხომ ბევრი ექსპერტი აცხადებდა ხმამაღლა, რომ გაქცევათა სერიალის უკან დგას შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც სურს დაანახვოს პრეზიდენტს, რომ იუსტიციის სამინისტროს არ ძალუძს სასჯელაღსრულებითი დაწესებულების შენახვა და კონტროლი და ამიტომ უპრიანია, რომ იგი კვლავ მის ძველ პატრონს, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუბრუნდეს. ამ მოსაზრებას სარწმუნოდ მიიჩნევს სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ადამიანის უფლებათა დაცვისა და რეფორმების დარგში, პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] ”აქამდე წამების მეთოდებით, შანტაჟისა და ზემოქმედების მეთოდებით ხდებოდა საქმეების გახსნა. რა თქმა უნდა, საქმეების უმრავლესობა შემდეგ იყიდებოდა, ანუ სასამართლომდე არ მიდიოდა და გამოძალვის წყარო ხდებოდა. მაგრამ რაც პოლიტიკური მნიშვნელობის და დიდი მნიშვნელობის საქმეები იყო, ესენი იხსნებოდა და გადაეცემოდა სასამართლოს. ეს მექანიზმი მოესპო შინაგან საქმეთა სამინისტროს.” [სტილი დაცულია]

შესაძლოა, ეს მოსაზრება, მართლაც, არ იყოს საფუძველს მოკლებული, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი უკვე თანახმაა სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტზე მყოფი შინაგანი ჯარების საშუალებით განხორციელდეს. ანუ საქართველოში ყველაფერი კვლავ დარაჯებამდე დაიყვანება და არავის ახსოვს პრობლემა კრიმინალური სამყაროსი, რომელიც საქართველოში დიდი ხანია იქცა სახელმწიფოდ სახელმწიფოში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG