Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუუამის გზა იალტის სამიტამდე


3 ივლისს იალტაში, ლივადიის სასახლეში, მუშაობას დაიწყებს რეგიონალური ორგანიზაცია სუუამის სამიტი, რომელიც ხუთ პოსტსაბჭოთა ქვეყანას - საქართველოს, უზბეკეთს, უკრაინას,

აზერბაიჯანსა და მოლდავეთს - აერთიანებს. უმაღლესი დონის შეხვედრას უხელმძღვანელებს სუუამის თავმჯდომარე ქვეყნის, საქართველოს, პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, რომელიც თანმხლებ პირებთან ერთად უკრაინაში ოთხშაბათ დილით გაემგზავრა. როგორც წინასწარი ინფორმაციით ირკვევა, სამიტს არ დაესწრებიან აზერბაიჯანისა და უზბეკეთის სახელმწიფოთა მეთაურები, თუმცა, მიუხედავად ამისა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ იალტის სამიტი ერთგვარი ნიშანსვეტი გახდება რეგიონალური ორგანიზაციის ცხოვრებაში.

ხუთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის - საქართველოს, უკრაინის, უზბეკეთის, აზერბაიჯანისა და მოლდავეთის - სურვილს, დაეფუძნებინათ ახალი რეგიონალური გაეთიანება, ხორცი 4 წლის წინ ნატოს საიუბილეო სამიტზე შეესხა. მაგრამ გაერთიანების ინსტიტუციონალიზაცია არც ისე მარტივი საქმე აღმოჩნდა, ერთი მხრივ, რუსეთის ზეწოლისა და, მეორე მხრივ, თავად სუუამის წევრი ქვეყნების - განსაკუთრებით მოლდავეთისა და უზბეკეთის - ზედმეტად ფრთხილი დამოკიდებულების გამო.

ერთი პერიოდი, საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ბევრი საერთაშორისო ექსპერტი რეგიონალურ ხუთეულს მკვდრადშობილი ორგანიზაციის ბედს, ხოლო უზბეკეთს სუუამიდან გასვლის პერსპექტივასაც უწინასწარმეტყველებდა. მაგრამ, როგორც აცხადებს საერთაშორისო საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი შალვა ფიჩხაძე, რომელსაც ჩვენ იალტაში წასვლამდე დავუკავშირდით, ინსტიტუციონალიზმის პირველი ეტაპი გადალახულია და სუუამი, ინტეგრაციის თვალსაზრისით, უფრო წინ მიდის, ვიდრე დამოუკიდებელ სახლემწიფოთა თანამეგობრობა.

[შალვა ფიჩხაძის ხმა] "ინსტიტუციონალიზაცია დაწყებულია, იქმნება ორგანოები, პრიორიტეტი - შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. იქ უსაფრთხოების კომპონენტზეც არის ლაპარაკი, მაგრამ ახლა კონკრეტულად თქმა იმისა, რომ უკვე არსებობს რაიმე ერთობლივი სამხედრო შენაერთზე ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ნაადრევია. ანუ არსებობს ყველა წინაპირობა, რომ ეს ორგანიზაცია ყველა მიმართულებით ძალიან სერიოზულად წავიდეს წინ."


სწორედ უკვე მიღწეულის გაღრმავებას შეეცდება იალტაში შეკრებილი სუუამის სამიტი, რომლის სხდომასაც საქართველოს პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. წინასწარი ინფორმაციით, უმაღლესი დონის შეხვედრაზე ხელი მოეწერება ერთობლივ - სუუამი-აშშ-ს პროგრამას, რომელიც რეგიონალური ორგანიზაციის სივრცეში ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობას ითვალისწინებს. პროგრამის თანახმად, უნდა მოხდეს, პირველ ყოვლისა, სასაზღვრო და საბაჟო ინფრასტრუქტურებისა და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზება, რაც ხელს უშლის თავისუფალი ვაჭრობის განვითარებას.

თუმცა სუუამის იალტის დღის წესრიგი მხოლოდ ამით არ ამოიწურება. როგორც რადიო “თავისუფლებას” უკრაინაში საქართველოს ელჩის მოადგილემ კახა ბაბუნაშვილმა აცნობა, სახელმწიფოთა მეთაურები განიხილავენ აგრეთვე დოკუმენტს სუუამის ვირტუალური ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის შესახებ, რომელიც 24 მაისს თბილისში შეკრებილმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეიმუშავეს. მაშინვე ითქვა, რომ დოკუმენტის დამტკიცების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, პირველ ეტაპზე დააფინანსოს ანტიტერორისტული ცენტრის საქმიანობა.
ასე რომ, 4 წლიანი არსებობის შემდეგ სუუამის ქვეყნებს ყველა შანსი აქვთ იმისთვის, რომ ვირტუალურიდან რეალურ რეგიონალურ თანამშრომლობაზე გადავიდნენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG