Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯეიმს ბეიკერი საქართველოს ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 5 ივლისს თბილისს, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური დესპანის რანგში, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი ესტუმრა. ერთდღიანი ვიზიტისას იგი შეხვდა არა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს,

არამედ პრეზიდენტის ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პარტიების ლიდერებსაც. ამერიკელმა სტუმარმა შეხვედრები გამართა ნაციონალური მოძრაობის, გაერთიანებული დემოკრატების, ახალი მემარჯვენეების, ლეიბორისტული პარტიის, აღორძინების, მრეწველებისა და ტრადიციონალისტების ლიდერებთან. თუნდაც ეს ჩამონათვალი მოწმობს ოფიციალური ვაშინგტონის პრაგმატიზმს, რომ ის მზად არის შეხვდეს ყველას, ვისაც 2 ნოემბრის არჩევნებისას წარმატების მიღწევის შანსი აქვს.


5 ივლისს თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი ელჩის რიჩარდ მაილსის რეზიდენციაში, გამართულ მიღებაზე მიპატიჟებული ოპოზიციური პარტიების ლიდერების ჩამონათვალი კიდევ ერთხელ ნათელყოფს ოფიციალური ვაშინგტონის პოლიტიკის პრაგმატულობას: ჯერ ერთი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ოპოზიციის წარმომადგენლებს ერთად შეხვდა და არა ცალ-ცალკე; მეორე - შეხვედრაზე მიწვეულთა სპექტრი საკმაოდ ჭრელი გახლდათ. გულახდილად რომ ითქვას, მიწვეულ პარტიათა ყველა ლიდერი ტესტს დემოკრატიულობაზე ნამდვილად ვერ ჩააბარებდა. როგორც ჩანს, ოფიციალურ ვაშინგტონს სურს საკუთარი წარმოდგენა შეიქმნას ყველა იმ პოლიტიკური პარტიის ლიდერზე, ვისაც 2 ნოემბრისთვის დაგეგმილ არჩევნებზე გარკვეული წარმატების მიღწევა შეუძლია. და მესამე - ის ფაქტი, რომ შეხვედრაზე არ იყო მიწვეული მოძრაობა “ერთობა”, რომლის წინასაარჩევნო შანსები, დავუშვათ, ტრადიციონალისტებისას ნამდვილად აღემატება, იმაზე მიუთითებს, რომ პრორუსული ორიენტაციის ძალების მიმართ ვაშინგტონის ინტერესი, თუნდაც პრაგმატული თვალსაზრისით, ნულის ტოლია.
განსხვავებულია ოპოზიციის ლიდერთა დამოკიდებულება ჯეიმს ბეიკერის ვიზიტისადმი. მაგალითად, თუ აღორძინების ლიდერი ჯემალ გოგიტიძე თავის თანხმობას, შეხვედროდა ბეიკერს, ისტორიულ პირთან შეხვედრის სურვილით ხსნის, ლეიბორისტთა თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილს მიაჩნია, რომ ოფიციალური ვაშინგტონის ოპოზიციით დაინტერესებას არჩევნებში პოტენციური გამარჯვებულების ახლოს გაცნობის ინტერესი განსაზღვრავს.
ნაციონალური მოძრაობა უფრო გლობალურ დასკვნას აკეთებს. ამ გაერთიანების წევრის დავით ბერძენიშვილის აზრით, ოფიციალური ვაშინგტონი შეეცდება დაარწმუნოს პრეზიდენტი შევარდნაძე, რომ მისი საპარლამენტო ვადის ამოწურვის შემდეგ დიდი პოლიტიკიდან საფუძვლიან წასვლაზე იფიქროს.
ისე მოხდა, რომ ბეიკერის თბილისში ჩამოსვლას დაემთხვა პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის გამგზავრება როტერდამში, სადაც იგი მონაწილეობას მიიღებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომებში. თუმცა, რაკი პარლამენტის თავმჯდომარე ახლახან იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში, უნდა ვიფიქროთ, რომ ოფიციალურ ვაშინგტონს უკვე აქვს ნინო ბურჯანაძის ფიგურის მიმართ გარკვეული დამოკიდებულება. კარგად ინფორმირებული პირის ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი გაწონასწორებულობით კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ამერიკელებზე.
XS
SM
MD
LG