Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბიუჯეტო კრიზისი მიმდინარე წლის ექვსი თვის შედეგების მიხედვით


მიმდინარე წლის 6 თვის შედეგებით, ბიუჯეტში გარღვევამ 87 მილიონი ლარი შეადგინა.

ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, წლის ბოლომდე აღნიშნული ციფრი, სულ ცოტა, 200 მილიონ ლარამდე გაიზრდება. საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური კომიტეტებისა და საბიუჯეტო ოფისის ზოგადი შეფასებებით, ბიუჯეტის პარამეტრების ტოტალური შეუსრულებლობის წლევანდელი სურათი გაცილებით მძიმეა, ვიდრე ეს გასულ რამდენიმე წელს იყო. შესაბამისად, პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე ასკვნის, რომ საქართველოში ფინანსთა სამინისტრო პრაქტიკულად არ არსებობს და საბიუჯეტო პროცესები თვითდინებაზეა მიშვებული.

მომავალ კვირას საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიამ პრეზიდენტის მიერ სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესასრულებლად მომზადებული სპეციალური ნორმატიული აქტის განხილვა უნდა დაიწყოს. აღნიშნული ნორმატიული აქტი სახელმწიფო ბიუჯეტის 95 მილიონიან სეკვესტრს ითვალისწინებს. სავსებით შესაძლებელია, რომ პარლამენტმა ბიუჯეტის სეკვესტრს მხარი არ დაუჭიროს, ყოველ შემთხვევაში, მანამდე მაინც, ვიდრე ბიუჯეტის შეუსრულებლობაზე პასუხისმგებელი პირების პერსონიფიცირება არ მოხდება. როგორც პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე შენიშნავს, დანაშაულის მხოლოდ ფინანსთა მინისტრზე გადაბრალება, გარკვეულწილად, პრეზიდენტსაც აძლევს ხელს და, ამდენად, გამართლებული არ იქნება. რაც შეეხება გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარეს, დავით სალარიძე შექმნილ საბიუჯეტო კრიზისში დამნაშავედ მთელ ეკონომიკურ გუნდს მიიჩნევს და პრეზიდენტს საკადრო ინიციატივებისაკენ მოუწოდებს. თუმცა, როგორც ჩანს, 2003 წლის ბიუჯეტი იმდენად უიმედოა, რომ მას, მთავრობის გადახალისების შემთხვევაშიც კი, აღარაფერი ეშველება.

[დავით სალარიძის ხმა]"ჩვენ უნდა გავიგოთ ერთი ამბავი: დარჩენილი 6 თვე ობიექტურად უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ იქნებ 2004 წლის ბიუჯეტი გავაკეთოთ. 2003 წლის ბიუჯეტს არაფერი აღარ უშველის. აი, რაც კი გვაქვს აუცილებელი ვალდებულებები, ეგრეთ წოდებული დაცული მუხლები, საგარეო ვალები, ისინი უნდა გავისტუმროთ. ყველა დანარჩენი ხარჯები, როგორც იტყვიან, ქამარი მაქსიმალურად უნდა მოვიჭიროთ და ვეცადოთ 2004 წლის ბიუჯეტიდან ავაწყოთ ცხოვრება, თუ გამოგვივა. თუ არა, ახლა თუ დავიწყეთ ამ ხანძრის ჩაქრობაზე ზრუნვა, ეს იქნება ახალი ავანტიურა, რომელსაც არაფერი შედეგი არ ექნება."

მიმდინარე წლის ბიუჯეტის კატასტროფა განპირობებულია იმ დავალიანებით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში პირველად წარმოიშვა შრომის ანაზღაურებაში. დავალიანებამ, 6 თვის შედეგებით, 16 მილიონი ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 7 მილიონი ლარის დავალიანებაა ლტოლვილთა ხარჯებში, 12 მილიონი -თავდაცვის სისტემაში, ხუთნახევარი - განათლების სისტემაში და ასე შემდეგ. ცალკე თემაა საპენსიო დავალიანებები, რომელსაც მიმდინარე წლის ექვს თვეში 24 მილიონი დაემატა. სოციალური მღელვარების ნიადაგი ჯერ კიდევ ბიუჯეტის სეკვესტრამდე შეიქმნა - პედაგოგები, მაგალითად, ხელფასებისა და საშვებულებო თანხების გაუცემლობის გამო, საპროტესტო აქციებს მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავენ.

[დავით სალარიძის ხმა] "ყველაფერი ეს, ერთობლიობაში, ლაპარაკობს, რომ ამ მონსტრმა, რომელიც ჩვენ შევქმენით ფინანსთა სამინისტროს სახით, საბოლოოდ მიიღო შედეგი, რომ ჩვენ კი არ გავაუქმეთ შემოსავლების სამინისტრო, არამედ გავაუქმეთ ფინანსთა სამინისტრო."[სტილი დაცულია]

საქართველოს პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე აქვე გამოთქვამს ეჭვს ფინანსთა სამინისტროს იმ შესაძლო ახალი სტრუქტურის ეფექტურობის შესახებ, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ კანონპროექტის სახით დევს პარლამენტში. საუბარია ეკონომიკურ დანაშაულთან მებრძოლ ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტზე, რომელიც, პროექტის მიხედვით, საგანგებო ლეგიონის ბაზაზე უნდა შეიქმნას და რომელსაც საგამოძიებო ზედამხედველობას პროკურატურა გაუწევს.
XS
SM
MD
LG