Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში გარდამავალი მმართველი საბჭო შეიქმნა


დავით პაიჭაძე, პრაღა სადამ ჰუსეინის დამხობიდან სამი თვის შემდეგ, 13 ივლისს ერაყში შეიქმნა "მმართველი საბჭო":

ამერიკის შეერთებული შტატების საოკუპაციო ხელისუფლებამ საგულდაგულოდ შეარჩია სხვადასხვა პოლიტიკური, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელი 25 ცნობილი ერაყელი, რომელთაც საკუთარ თავს ერაყის პირველი გარდამავალი მთავრობა უწოდეს. მათ შორის არიან ყოფილი ლტოლვილები, პოლიტიკოსები, მაჰმადიანი სასულიერო პირები, სოციალური აქტივისტები, ექიმები და იურისტები. პირველი, რაც მმართველმა საბჭომ გააკეთა, ის გახლდათ, რომ გააუქმა ჰუსეინის რეჟიმის დროინდელი 6 სახელმწიფო დღესასწაული, მათ შორის, 14 და 17 ივლისი - ერაყში მონარქიის დამხობისა და ბაათის პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის დღეები. ახალ ეროვნულ დღედ საბჭომ 9 აპრილი აღიარა. რა ამოცანები აქვს ერაყის პირველ გარდამავალ მთავრობას და როგორ შეხვდნენ მის ჩამოყალიბებას ქვეყანაში.

ერაყის მმართველი საბჭო პასუხს აგებს მინისტრების მუშაობაზე, დანიშნავს დიპლომატებს, განიხილავს და დაამტკიცებს მომავალი წლის ბიუჯეტს, ჩამოაყალიბებს კომისიას, რომელიც კონსტიტუციის პროექტს შეიმუშავებს. ამ ყველაფრის საბოლოო კონტროლს ერაყში შეერთებული შტატების ადმინისტრატორი, პოლ ბრემერი განახორციელებს, თუმცა, მან განაცხადა, რომ თუ განსაკუთრებული ვითარება არ შეიქმნა, ყოველთვის მხარს დაუჭერს საბჭოს გადაწყვეტილებებს.

პოლ ბრემერი და ამერიკის სხვა ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ მმართველი საბჭო საკვანძო როლს შეასრულებს სტაბილურობის აღდგენაში და შეარბილებს სახალხო უკმაყოფილებას. ამერიკელები მოელიან, რომ საბჭო დააკმაყოფილებს როგორც ერაყის პოლიტიკურ ლიდერებს, რომელთაც სურდათ, ჩართულიყვნენ მართვაში, ისე მოქალაქეებსაც, რომლებიც მოითხოვდნენ, გაზრდილიყო ერაყელთა როლი ომის შემდგომ გარდამავალ პერიოდში. შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საბჭოსთვის მთავრობის საქმიანობაზე პასუხისმგებლობის დაკისრება საოკუპაციო ხელისუფლებას აარიდებს ხალხის რისხვას ერაყში ძირითად სამსახურთა გაჭიანურებული აღგენის გამო.

მართალია, ბრემერი და მისი თანამოაზრენი ამტკიცებენ, რომ მმართველი საბჭოს წევრები საზოგადოების ყველა სეგმენტს წარმოადგენენ და ფართო საჯარო მხარდაჭერაც ექნებათო, ჯერ ცნობილი არ არის, რა რეაქციას შეაგებებენ ერაყელები საოკუპაციო ხელისუფლების შერჩეულ პიროვნებებს. სანამ ბაღდადის ზოგიერთი მოქალაქე ლოდინს არჩევს, სხვებმა საბჭოს წევრებს უკვე უწოდეს ამერიკელთა ლაქიები. "ჩვენ ვერ ვენდობით მათ" - თქვა მოჰამედ აბასმა, ნავთობის სამინისტროს თანამშრომელმა. ის ერთ-ერთი იყო უამრავ ერაყელთა შორის, სატელიტური ტელევიზიით პირდაპირ ეთერში რომ ადევნებდნენ თვალყურს საბჭოს განცხადებებს.

საბჭოში 22 კაცი და 3 ქალია. ერთმა მათგანმა, რაჯა ჰაბიბ ხუზაიმ, სამშობიარო სახლის დირექტორმა სამხრეთ ერაყში, განაცხადა, რომ ათასობით ერაყელ ბავშვს დახმარებია ამქვეყნად მოვლინებისას, ახლა კი თავის წვლილს შეიტანს ახალი ქვეყნისა და ახალი მმართველობის დაბადებაში, რომელიც დაეფუძნება ქალთა უფლებებს, ჰუმანიზმს, ერთობასა და თავისუფლებას.

საბჭოს ზოგიერთი წევრი იმედს გამოთქვამს, რომ მისი უფლებამოსილების ვადა შეზღუდული იქნება და არჩევნები მალე ჩატარდება. "ვიმედოვნებთ, რომ საბჭო ძალიან ცოტა ხანს იმუშავებს - თქვა აბდულ აზიზ ჰაკიმმა, სასულიერო პირმა, რომელიც შიიტთა უდიდესი პარტიის, ერაყის ისლამური რევოლუციის უზენაეს საბჭოს წარმოადგენს - ჩვენ უნდა გვყავდეს კონსტიტუციური მთავრობა და გავთავისუფლდეთ ოკუპაციისაგან".

საბჭოს წევრთა თქმით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა ძალისხმევის წარმართვა ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღწევად, ეკონომიკის გამოცოცხლება და საჯარო სამსახურების ამოქმედება.
XS
SM
MD
LG