Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარა მთავრობის გარეშე. ასლან აბაშიძე პრემიერ-მინისტრის პოსტს ითავსებს


სავარაუდოდ, ოთხშაბათს, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება ბიუჯეტის სეკვესტრირებულ ვარიანტს პარლამენტს განსახილველად წარუდგენს.

თუმცა, მიუხედავად კანონმდებელთა რადიკალური დამოკიდებულებისა, საქართველოს პრეზიდენტი კვლავაც წინააღმდეგია გადააყენოს მთავრობა ბიუჯეტის შეუსრულებლობის გამო. სამაგიეროდ, ცენტრალურ ხელისუფლებას, ამ თვალსაზრისით, ერთგვარი მაგალითი მისცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურმა ასლან აბაშიძემ, რომელმაც, საბიუჯეტო პარამეტრების შეუსრულებლობის მოტივით, ერთი ხელის მოსმით გადააყენა ავტონომიის მინისტრთა კაბინეტი და პრემიერ-მინისტრის პოსტი შეითავსა. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ასლან აბაშიძემ საბიუჯეტო პრობლემები საბაბად გამოიყენა იმ მინისტრების გადასაყენებლად, რომლებმაც თავიანთ ხელში დიდ ძალაუფლებას მოუყარეს თავი.


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურ ასლან აბაშიძეს ერთპიროვნულად არაერთი მთავრობის კაბინეტი ჰყავს გადაყენებული, მაგრამ მის არც ერთ მსგავს პოლიტიკურ ნაბიჯს არ მოჰყოლია ისეთი აზრთა სხვადასხვაობა, რამდენიც გასული კვირის ბოლოს მიღებულ გადაწყვეტილებას. საქმე ის გახლავთ, რომ აჭარის ავტონომიის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტი ბიუჯეტის ექვსი თვის შეუსრულებლობის გამო დაითხოვა და ერთგვარად ნიშნი მოუგო საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც რეგიონალური ლიდერის ეს გამოწვევა შეუმჩნეველი არ დარჩენია. თუმცა ედუარდ შევარდნაძემ ორშაბათს განაცხადა, რომ ცენტრალური ბიუჯეტის 130 მილიონით გარღვევისა და მოსალოდნელი სეკვესტრის მიუხედავად, იგი არ აპირებს მთავრობის ეკონომიკური გუნდის თანამდებობიდან გაშვებას.
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "მე არ ვარ განწყობილი, რომ მთავრობა გადავაყოლოთ, მინისტრები გადავაყოლოთ ბიუჯეტის შეუსრულებლობას, მერე ახალი მთავრობის დაკომპლექტებას მოუნდება ორი-სამი თვე და ამასობაში წელიწადიც დამთავრდება."

ყველაზე საყურადღებო პრეზიდენტის ორშაბათის განცხადების ის ნაწილი გახდა, რომელიც თავად ფინანსთა მინისტრის საქმიანობის შეფასებას ეხებოდა. ედუარდ შევარდნაძის თანახმად, მირიან გოგიაშვილმა, როგორც იქნა, ისწავლა ფინანსთა მინისტრობა და ახლა მისი გათავისუფლება შეცდომა იქნებოდა. ეს უკვე, თავის მხრივ, ასლან აბაშიძის ბანაკმა მიიჩნია გამოწვევად. საპარლამენტო ფრაქცია აღორძინების ლიდერმა ჯემალ გოგიტიძემ რადიო "თავისუფლებასთან" სატელეფონო საუბარში ამ განცხადებას სამარცხვინო უწოდა.
[ჯემალ გოგიტიძის ხმა] "მინისტრობის სწავლა არ შეიძლება, იგი ჩამოყალიბებული პროფესიონალი უნდა იყოს და მინისტრის პოსტზე მისვლის დღიდან უნდა ახორციელებდეს მიზანდასახულ პოლიტიკას ბიუჯეტის შესრულებისათვის."

თუმცა, სანამ ცენტრი და აჭარა ერთმანეთს ნიშნის მოგებით ესაუბრებიან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ასლან აბაშიძისთვის ბიუჯეტის გეგმის შეუსრულებლობა მხოლოდ ფორმალური საბაბი იყო ნათესაური ნიშნით დაკომპლექტებული მთავრობის იმ გუნდის მოსაშორებლად, რომელმაც აჭარის ლიდერის ერთმმართველობას სერიოზული საფრთხე შეუქმნა.

[დავით ბერძენიშვილის ხმა] "ასლან აბაშიძემ გადაწყვიტა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ სანათესაო-კლანური მმართველობა შეეცვალა ერთპიროვნული მმართველობით. მან დააპატიმრა თავისი შვილის რამდენიმე გავლენიანი მეგობარი, მან ჩამოაშორა ხელისუფლებას სოსო გოგიტიძე, უშიშროების მინისტრი, და, რაკი ამ ხალხს საკუთარი წარმომადგენლები ჰყავდა აჭარის მთავრობაში, ამიტომ გადააყენა აჭარის მთავრობაც."


აღსანიშნავია, რომ ასლან აბაშიძის საკადრო წმენდას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომელმაც ბიუჯეტის შეუსრულებლობის გამო მთავრობის გადაყენებას სამართლიანი გადაწყვეტილება უწოდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG