Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამწლიანი შესვენების შემდეგ ასლან აბაშიძე პირველ პრესკონფერენციას მართავს


მიუხედავად იმისა, რომ ასლან აბაშიძეს მასმედიისთვის დახურული პოლიტიკური ლიდერის იმიჯი არასდროს ჰქონია, თითქმის სამი წლის განმავლობაში იგი საკუთარი ნებით პრესასთან ურთიერთობას თავს არიდებდა.


ვგულისხმობ ავტონომიის პირველი პირის რეგულარულ პრესკონფერენციებს, რომლის აღდგენის გადაწყვეტილება დროში არცთუ შემთხვევით დაემთხვა აჭარის მინისტრთა კაბინეტის დათხოვნის სკანდალურ ფაქტს. ამიერიდან ყოველ სამშაბათს ასლან აბაშიძე თავად წარდგება მასმედიის წინაშე. ჯერჯერობით კი მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ პირველ პრესკონფერენციაზე მის მიერ გაკეთებულ კომენტარებს განსაკუთრებული სიცხადე არ შეუტანია აჭარისათვის ამჟამად აქტუალურ ძირითად საკითხებში.

აჭარაში არსებული ავტორიტარული რეჟიმის ისტორიაში მთავრობის სრული შემადგენლობით გადაყენების ფაქტი იმთავითვე ეგრეთ წოდებული დაუმორჩილებლობის აღმოფხვრის პრეცედენტად შეფასდა. ასლან აბაშიძემ ბიუჯეტის შეუსრულებლობის საბაბით დასაჯა ისინი, ვინც მასთან დაპირისპირება გაბედა. ამიტომ ფიქრობენ ანალიტიკოსები, რომ აჭარის მინისტრთა კაბინეტის დათხოვნასა და აბაშიძე-გოგიტიძეების ოჯახურ-კლანურ უთანხმოებას საერთო მიზეზები განაპირობებდა, რაც თავად ასლან აბაშიძემ პრესასთან შეხვედრისას კატეგორიულად უარყო. მისი მტკიცებით, მთავრობის გადაყენების ერთადერთი მიზეზი 2003 წლის 6 თვის ბიუჯეტის 26 მილიონიანი გარღვევა იყო, რაც, დიდწილად, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების დამსახურებაცაა. ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც პრესკონფერენციაზე აჭარის ბიუჯეტის დასაზიანებლად ლამის ცენტრალური ხელისუფლების დივერსიად შეფასდა, მასწავლებელთა ხელფასების ზრდაა. ცენტრალურმა ხელისუფლებამ, აბაშიძის თქმით, ამისათვის დაპირებული ტრანსფერი აჭარაში არ გადარიცხა და ამით ნამატი თანხების გაცემის მთელი სიმძიმე აჭარის ბიუჯეტს დააკისრა. შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ექს-ხელმძღვანელის ედუარდ კაკაბაძის მიმართ აჭარის ლიდერის მიერ წაყენებული მთავარი ბრალდება ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა აღმოჩნდა. "კაკაბაძეს უნდა სცოდნოდა, რომ ხელფასების გაზრდა იმ შემთხვევაში, თუ ეს თანხა წინასწარ ბიუჯეტში ჩადებული არ იყო, პრობლემებს შექმნიდა და დააზარალებდა როგორც ბიუჯეტს, ისე აჭარის მოსახლეობას," - განაცხადა აბაშიძემ.
ცენტრალური ხელისუფლების შესახებ აჭარის ლიდერის მიერ გამოთქმული შეხედულებების სპექტრი, ტრადიციულად, მრავალ საკითხს მოიცავს და მათი ჩამონათვალი არც ამჯერად იყო მწირი. მართალი და გამოგონილი პრობლემების თავმოყრის განსაკუთრებული უნარი იმაზეც მიუთითებს, რომ აჭარის ლიდერი არც ფანტაზიების სიმწირეს უჩივის - ეს ხელოვნება 15 ივლისის პრესკონფერენციაზე ასლან აბაშიძემ საქართველოს ხელისუფლების მოქმედი წევრების დასახასიათებლადაც გამოიყენა:

[ასლან აბაშიძის ხმა] "იმ ხალხს, რომელსაც არ შეუძლია არც ერთი კუთხით ნორმალური მართვა ქვეყნისა, მით უმეტეს, ეკონომიკისა, ისინი კვლავ იბრძვიან დარჩნენ ხელისუფლებაში. ეს შეიძლება შეადარო საჭურისებს, რომლებიც არიან გარემში, არიან ასობით არჩეული, მსოფლიოდან ჩამოყვანილი ქალები და სურვილი მათი დაკმაყოფილებისა არ აქვთ. აქვთ, მაგრამ არ შეუძლიათ, უფრო სწორად. სხვა შედარებას მე ვერ გავაკეთებ."[სტილი დაცულია]

ასლან აბაშიძის ცენტრალურ ხელისუფლებაზე განაწყენებას ამ დროისათვის შემდეგი ახალი მიზეზები განაპირობებს: ბათუმის პორტისაკენ მიმავალი ტვირთების ეგრეთ წოდებული დაბლოკვა, რაშიც ბრალს იგი საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სდებს; ცენტრალური ბიუჯეტის სეკვესტრი, რომელსაც, ასლან აბაშიძის თქმით, ფრაქცია "აღორძინება" მხარს არ დაუჭერს და, ბოლოს, მთავარი - საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების ბეიკერის მოდელი. აჭარის ლიდერი ფიქრობს, რომ ქართულმა მხარემ ამერიკელები, კერძოდ, ბეიკერი შეცდომაში შეიყვანა და საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების ის მოდელი შეაჩეჩა, რომელიც ხელისუფლებისა და ფსევდოოპოზიციის ინტერესებში შედის. ამასთან, ასლან აბაშიძე ადასტურებს, რომ ფრაქცია "აღორძინება" საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ამ მოდელს მხარს არ დაუჭერს, რადგან იგი ლახავს არა მარტო 1999 წლის არჩევნებში გამარჯვებული პარტიების, არამედ ავტონომიების ავტორიტეტსაც. შესაბამისად, იგი ცენტრალურ ხელისუფლებას ადეკვატური გადაწყვეტილების მიღებით აშინებს და ორაზროვნად მიუთითებს იმაზე, რომ აჭარის მოსახლეობა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს.
XS
SM
MD
LG