Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოუტანს ნინო ბურჯანაძეს პარტიული ლიდერობა


როდესაც ნინო ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარედ შეარჩიეს და აირჩიეს, მას თავიდანვე განუსაზღვრეს საპარლამენტო ძალებს შორის კოორდინატორის, არბიტრის ფუნქცია.

ამ ფუნქციის შესრულება შეეძლო მხოლოდ იმ პოლიტიკოსს, რომელსაც საკუთარი გუნდი, საკუთარი პარტია არ ჰყავდა. მაგრამ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ ორ წელიწადში ბურჯანაძემ შეძლო ისეთი რეიტინგის შეძენა, რომელიც ბუნებრივად ითხოვს პოლიტიკურ საყრდენს.

რას ეფუძნება ნინო ბურჯანაძის რეიტინგი და რას მოუტანს პარლამენტის თავმჯდომარეს პარტიული ლიდერობა?

რატომ და როგორ გახდა პოპულარული ნინო ბურჯანაძე? 2002 წლის ოქტომბერში ჩატარებული პანელური გამოკითხვის შედეგები ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობას მოსწონს ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ქვეყანას რყევებით და რევოლუციით არ ემუქრებიან. ამომრჩეველი ნინო ბურჯანაძეს, ისევე როგორც, ვთქვათ, გოგი თოფაძეს, სწორედ ასეთ "დინჯ" და სასურველ ლიდერად აღიქვამს. ის ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკური რადიკალიზმი აშინებთ, ხოლო უმოქმედო, კორუმპირებული ჩინოვნიკები სძულთ, ბურჯანაძის ფიგურას სრულიად მისაღებად მიიჩნევენ. ფაქტობრივად, ნინო ბურჯანაძეს არჩევნებში ხმას მისცემს ელექტორატის ის ნაწილი, რომელიც აქამდე არჩევნებზე არ დადიოდა, რადგან საკუთარი გემოვნების პოლიტიკური ლიდერი მთელ სპექტრში არ ეგულებოდა.

მაგრამ თუ ბურჯანაძის რეიტინგის ბუნებას გავითვალისწინებთ, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ პარტიის შექმნა მისთვის გარკვეულ საფრთხეს მოიცავს: მკვეთრი პოლიტიკური ამბიციის წარმოჩენამ, შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარეს მხარდამჭერთა ნაწილი ჩამოაცილოს. ამ შემთხვევაში, განხიბლული ამომრჩეველი იფიქრებს, რომ ბურჯანაძეც ისეთივე ბანალური პოლიტიკოსი, ძალაუფლების მოყვარული ფიგურა აღმოჩნდა, როგორც სხვა ლიდერები.

მეორე მხრივ, თუკი ბურჯანაძე პარტნიორ პოლიტიკურ ძალებს სწორად შეარჩევს, შესაძლოა, მისი მხარდამჭერთა რიცხვი კიდევ მეტად გაიზარდოს. "სწორი შერჩევა" ისევ და ისევ რეიტინგის ბუნებიდან უნდა გამომდინარეობდეს: საფიქრებელია, რომ თანამშრომლობა უნდა გაფორმდეს მხოლოდ ისეთ ძალებთან, რომლებიც ამომრჩეველთა ცნობიერებაში მკვეთრ და საშიშ ცვლილებებს არ უკავშირდებიან.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს მრავალსუბიექტიანი ბლოკის ჩამოყალიბება, თუნდაც თითოეული სუბიექტი პოლიტიკური სპექტრის უმნიშნველო ნაწილი იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, რამდენიმე პარტიის თავმოყრა შექმნის ილუზიას, რომ ბურჯანაძემ შეძლო ის, რაც ვერ შეძლეს სხვა ლიდერებმა: მან ნაწილობრივ გააერთიანა ოპოზიცია.

თუ საქართველოს მოსახლეობა მხარს დაუჭერს ნინო ბურჯანაძეს, როგორც პარტიულ ლიდერს, მაშინ მისი სამომავლო კარიერა გარანტირებულია. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბურჯანაძე პარტიული ლიდერის როლში ნაკლებად მიმზიდველი აღმოჩნდება, იგი არაფერს დაკარგავს, რადგან, პოლიტიკური საყრდენის გარეშე, მომავალ პარლამენტში მისი ადგილი მაინც მხოლოდ რიგით დეპუტატებს შორის იქნება.
XS
SM
MD
LG