Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერორიზმთან ბრძოლა საფრთხეს უქმნის ჰუმანიტარულ ოპერაციებს მსოფლიოში


საერთაშორისო ანტიტერორისტული ოპერაციები საფრთხეს უქმნის ჰუმანიტარული ორგანიზაციების მუშაობას მთელ რიგ ქვეყნებში, სადაც ჰუმანიტარული დახმარების დიდი საჭიროებაა.

დღეს წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა წლევანდელი ანგარიში მსოფლიოს ყველაზე გაჭირვებულ მდოგმარეობაში მყოფი ქვეყნების შესახებ.

წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის წლევანდელ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების სულ უფრო დიდი ნაწილი მიემართება პოლიტიკურად სტრატეგიული კონფლიქტების ზონებში - ერაყსა და ავღანეთში. როცა ისეთ ქვეყნებს, როგორიც ანგოლა, სომალი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაა, სულ უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევენ მიუხედავად იმისა, რომ ჰუმანიტარული დახმარების საჭიროება იქ არ შემცირებულა.

საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელმა დენის მაკქლინმა განაცხადა, რომ ტერორიზმთან ომმა განაპირობა ორმაგი სტანდარტების შემოღება ჰუმანიტარული დამხარების პროგრამების პრიორიტიზაციაში. მაკქლინი ამბობს:

[მაკქლინის ხმა]
"საერთაშორისო დონორმა და დახმარების ორგანიზაციებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ უმთავრესია ჰუმანიტარული ეთიკის დაცვა. როგორც წესი, ჰუმანიტარული დამხარების მიწოდებას მხოლოდ ერთი პრინციპი - საჭიროება უნდა განაპირობებდეს. წელს არპილში ჩვენ გავხდით იმის მოწმეები, რომ სულ რაღაც ორ კვირაში ერაყისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად მილიარდ 700 მილიონი დოლარი შეგროვდა. ერთის მხრივ მისასალმებელია, მაგრამ ეს ფაქტი კარგად ვერ ჯდება უფრო ფართე სურათში - როცა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამას მილიარდი დოლარი დააკლდა აფრიკაში 40 მილიონი ადამიანისთვის საკვების შესაძენად".

წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის ანგარიშში საუბარია თავად ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციების პასუხისმგებლობასა და პასიურობაზეც ფონდების მოზიდვის საქმეში. საინტერესოა ფედერაციისგან იმის აღიარების მოსმენაც, რომ ორგანიზაციებს შორის არასრულფასოვანი ურთიერთობის გამო ხშირად უყურადღებოდ რჩება მართლაც გაჭირვებული რეგიონები, სხვებს კი არასაჭირო დახმარება მიეწოდებათ. ამის მაგალითს წარმოადგენს ავღანეთი, რომელზეც საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელი დასძენს:

[მაკქლინის ხმა]
"ავღანეთის მთავრობა ცდილობს მოიპოვოს დახმარება გრძელვადიანი პროგრამების - მშენებლობებისა და განვითარების ხელშეწყობისთვის, რის ნაცვლადაც იქ უამრავი მოკლევადიანი ჰუმანიტარული ღონისძიება ხორციელდება, სასურსათო დახმარების ჩათვლით, რაც თავისთავად ანგრევს ადგილობრივ სოფლის მეურნეობას და სინამდვილეში არ არის საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ 11 სექტემბრის შემდეგ ავღანეთისთვის გამიზნული დახმარება გასამმაგდა, მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყანას ყოველთვის საჭირო სახის დახმარება არ მიეწოდება".

საერთაშორისო ფედერაციის ანგარიშში აღნიშნულია კიდევ ერთი პრობლემის _ ათეულ მილიონობით მიგრანტის დახმარების შესახებაც. 50 მილიონი იძულებითი მიგრანტი შეუმჩნეველი რჩება საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და ისინი დაუცველი არიან როგორც დახმარების, ისე კანონის მხრივაც. დღეს დიდი სახსრები იხარჯება თავშესაფრის მაძიებელთა სამხრეთის რეგიონებში შესაკავებლად, თუმცა არ კეთდება საკმარისი იქ მათ დასახმარებლად.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG