Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების პროტესტის მეორე ტალღა


ხანგრძლივი საპროტესტო აქციების შემდეგ დევნილობაში მყოფ აფხაზეთის უზენაეს საბჭოსა და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას შორის მიღწეული დაზავება ხანმოკლე აღმოჩნდა.

პარასკევს თამაზ ნადარეიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლების ცალკეული წევრების მხრიდან უკვე შეიმჩნევა საქართველოს უშიშროების საბჭოსა დ პარლამენტის მიერ კვირის დასაწყისში მიღებულ იმ გადაწყვეტილებათა იგნორირების ნიშნები, რომლებიც აფხაზეთში სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებით საერთაშორისო ინსტიტუტებთან მოლაპარაკების დაწყებას გულისხმობს. დევნილობაში მყოფი აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე უკვე დაუფარავად საუბრობს უფრო მძაფრი საპროტესტო ტალღის აგორებაზე, თუ ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კვლავ ქაღალდზე დარჩა.

თბილისში, იმელის შენობის წინ, მიმდინარე ვეტერანი მეომრების შიმშილობის აქცია სულ რამდენიმე დღეა, რაც დამთავრდა, მაგრამ აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების თაობაზე დაწყებული აჟიოტაჟი საქართველოში არ ცხრება. როგორც ყოველთვის, ამ მხრივ ყველაზე უფრო აქტიურობს დევნილობაში მყოფი აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი. და მას ამ შემთხვევაში საამისოდ ყველაზე მეტი მიზეზი აქვს - ჯერ უშიშროების საბჭომ, ხოლო შემდგომ საქართველოს პარლამენტმა ერთსულოვნად დაამტკიცა ახალი პოლიტიკური კურსი, რომელსაც პირობითად შეიძლება ეწოდოს კონფლიქტის მოწესრიგების არსებული ფორმატიდან მშვიდობის იძულებით დამყარებაზე გადასვლის სტრატეგია.
თამაზ ნადარეიშვილს და აფხაზეთის დევნილ ხელისუფლებას 11 წლიანი უშედეგო მოლოდინის შემდგომ კვლავ გაუჩნდა იმედი, რომ გაერო, ბოლოს და ბოლოს, აამოქმედებს მშვიდობის ძალისმიერი მეთოდით დამყარების ბერკეტს, რის შემდეგაც საქართველოს მეგობარი ქვეყნები აიძულებენ აფხაზ სეპარატისტებს დასთანხმდეს ე.წ. ბოდენის დოკუმენტის ფარგლებში შეთავაზებულ თვითგამორკვევის ვარიანტს. პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეც ხომ ამასვე ამტკიცებდა, როცა განაცხადა: იცვლება მსოფლიო საზოგადოების მიდგომა ე.წ. გაყინული კონფლიქტების მიმართ და მოლდოვეთის შემდეგ აფხაზეთის საკითხიც დადგებაო.
ამიტომაც აჩქარებს თამაზ ნადარეიშვილი საქართველოს ხელისუფლებას. სოჭის შეთანხმების სულიკვეთება ჩანასახშივე გარდაიცვალა, ახლა ყველა მოხელე, ვინც ხელისუფლების ახალი სტრატეგიული კურსის იგნორირებას მოახდენს, დევნილების რისხვას დაიტეხსო, განაცხადა რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში თამაზ ნადარეიშვილმა.

[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] “ჩვენ ვაფრთხილებთ მათ, თუკი ამას ისინი არ გააკეთებენ, ჩვენ იძულებული ვიქნებით ძალინ მკაცრად მოვთხოვოთ პასუხი ყველა იმ ადამიანს, რომელიც შეეცდება გადაუხვიოს იმ კურსს და პოზიციას, რომელიც უკვე სახელმწიფომ როგორც აღმასრულებელი შტოს, ისე საკანონმდებლო შტოს მეშვეობით დააფიქსირა და ის სავალდებულო უნდა იყოს ყველა საქართველოს მოქალაქისათვის.” [სტილი დაცულია]


მაგრამ, ემოციებს თუ გვერდზე გადავდებთ, იბადება ლოგიკური შეკითხვა: რამდენად რეალურია სოჭის ინიციატივებზე უარის თქმა, კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანა, გაეროს რეზოლუციის მე-7 პუნქტის ამოქმედება, რაც მშვიდობის ძალით დამყარებას გულისხმობს? მით უფრო, რომ სოჭის ინიციატივებს მხარს უჭერს არა მხოლოდ გაერო, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომელმაც ჯეიმს ბეიკერის პირით შემოუთვალა კიდეც ეს ქართველ კოლეგას.

თამაზ ნადარეიშვილი აცხადებს, რომ კონფლიქტის მოწესრიგების ერთი ფორმატიდან მეორეზე გადასვლა არ იქნება იოლი გზა, მაგრამ ლტოლვილები აღარ აპირებენ კიდევ 12 წელი ელოდონ, თუ როდის დააბრუნებენ მათ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში. თუ საერთაშორისო ძალისხმევით ეს არ მოხერხდა, მაშინ, თამაზ ნადარეიშვლის თქმით, დევნილი ხელისუფლება ამის გაკეთებას რადიკალური მეთოდებით შეეცდება. ერთი ასეთი ფორმა აფხაზეთის ტერიტორიაზე პარტიზანული მოქმედების გააქტიურებაა. როგორც ირკვევა, ამ მოძრაობაში, რომელსაც ახლა სათავეში უშუალოდ თამაზ ნადარეიშვილი უდგას, დიდი წმენდა ჩატარდა მორიგი ფართომასშტაბიანი ოპერაციების დაწყების წინ, რაც, დევნილობაში მყოფი ხელისუფლების მტკიცებით, მხოლოდ გალის ტერიტორიით უკვე აღარ შემოიფარგლება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG