Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხელი ამინდის შემდეგ მოსულ ძლიერ წვიმას სიკეთეც მოაქვს


ძლიერმა წვიმამ, რომელიც ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ცხელ ამინდს მოჰყვა, ნიადაგი დააზიანა, მაგრამ მან სიკეთეც მოიტანა: სოფლის მეურნეობის კულტურებს ვეღარ დაემუქრება გვალვა და,

ამასთან, ტყეებში ხანძრის გაჩენის საშიშროებაც შემცირდა.

[მადონას სიმღერა “წვიმა”]
წვიმა. ეს არის ის, რაც ევროპის ქვეყნებს ბოლო კვირებში ძალიან დააკლდა. საფრანგეთისა და იტალიის არაერთ რეგიონში ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწია. ნალექები მცირე იყო თვით ბრიტანეთში, სადაც წვიმა არაიშვიათი სტუმარია. კარგი ამინდი და სიცხე ტურისტებისა და დამსვენებლებისთვის საუკეთესო პირობაა სიამოვნების მისაღებად. მაგრამ ხანგრძლივ სიცხეს გვალვა, მოუსავლიანობა და ტყეებში ხანძარი მოჰყვება. მაგალითად, უნგრელი და სლოვაკი ფერმერები უკვე გრძნობენ იმ ზარალს, რაც მათ უწვიმობამ მოუტანა. შვეიცარიაში გარეთ, საძოვრებზე, საქონელს გამხმარი ბალახის მეტი აღარაფერი ჰქონდა საცოხნი და, პირველად 25 წლის გამნავლობაში, კვლავ ბოსლებში დააბრუნეს. საფრანგეთსა და იტალიაში მდინარეები დაშრა. იტალიის სამოქალაქო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა გვიდო ბერტოლასომ ჩვენს კორესპონდენტს უთხრა, რომ ასეთი კრიზისი არ ახსოვს. მთავრობა, მისი თქმით, ალპებში კაშხლების გახსნას ფიქრობს მდინარე პოს წყლით მოსამარაგებლად. ბუნების ჭირვეულობას ხალხი თავის ჯიბეზე გრძნობს. ხილით მოვაჭრე მარტა ჯამპიმ როიტერის კორესპონდენტს განუმარტა:
[ჯამპის ხმა]
“ვერ ვაკმაყოფილებთ პროდუქტზე მოთხოვნას და ფასებიც გაიზარდა. ეს გაზაფხულზე წვიმამ, ახლა კი გვალვამ გამოიწვია”.
იტალიის ერთ-ერთ ქალაქში გვალვამ ისე შეაწუხა ხალხი, რომ ეპისკოპოსი წვიმისთვის ლოცულობდა. მის ლოცვას ბუნებამ არა მარტო იტალიაში უპასუხა, არამედ გერმანიასა და საფრანგეთშიც. მაგრამ მდგომარეობის შემსუბუქება დროებითი აღმოჩნდა. საფრანგეთის ამინდის ბიუროს თანამშრომელმა პატრიკ გალუამ იცოდა, რომ სიცხე განახლდებოდა და რომ ეს ხანმოკლე წვიმა საფრანგეთის გვალვიან მიწას ვერ ახეირებდა. ეს ასეც მოხდა. აი, რა თქვა მან დიდი სიცხის დროს ხანმოკლე კოკისპირული წვიმის ეფექტის თაობაზე: [გალუას ხმა]
“სამწუხაროდ, არ არის საკმარისი. ეს წვიმები, თუნდაც დრამატული, გვალვას ვერ შველის. კოკისპირული წვიმა ძლიერია, მაგრამ ხანმოკლე. ის მიწაზე მიედინება და სიღრმეში ვერ აღწევს, მცენარეებს შვებას ვერ მოუტანს”. მის ნათქვამს ადასტურებს “კოტ დ აზურში” - საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში სახელგანთქმულ საკურორტო არეალში - გაჩენილი ტყის ხანძარი, რომელმაც ათასობით ჰექტარი ფიჭვნარი და ბუჩქნარი გაანადგურა.
გალუა ორი დღის წინ წინასწარმეტყველებდა, რომ ვითარება გაუარესდებოდა, კიდევ უფრო მეტად დაცხებოდა. მან ჩვენს კორესპონდენტს უთხრა, გაზაფხულიდან მოყოლებულმა გვალვამ თავისი უკვე გააკეთა, ახლა შემოდგომასღა უნდა დაველოდოთო.
წლევანდელი ზაფხული ევროპაში შარშანდელის საპირისპიროა. შარშან ზაფხულის წყალდიდობამ შუა ევროპის უზარმაზარი ტერიტორია წალეკა. ბრიტანეთის “ისტ ანგლიის” უნივერსიტეტში კლიმატოლოგი ტიმ ოსბორნი ეწევა კვლევა-ძიებას. მისი აზრით, შარშანდელი წყალდიდობაცა და წლევანდელი გვალვაც გლობალურ დათბობაზე მიანიშნებს. მისი თქმით, გამოკვლევამ აჩვენა, რომ მომავალში ცხელ ზაფხულს შეიძლება ხშირად წვიმიანი ზაფხული მოჰყვეს, ანუ გვალვას - წყალდიდობა. ასე რომ, ვნახოთ. მომავალ წელს ევროპაში წვიმისთვის ლოცვა შეიძლება არავის დასჭირდეს, მაგრამ, სამაგიეროდ, წყალმა აქაურობა წალეკოს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG