Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო ამბოხება - რეალური საფრთხე, თუ ხელისუფლების დაშანტაჟების მცდელობა?


სახმელეთო ჯარების სპეცდანიშნულების 102 ოფიცრის საპროტესტო აქციიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. ოფიცერთა ეს გამოსვლა უპრეცედენტო იყო არა მხოლოდ თავისი მშვიდობიანი ხასიათით,

არამედ იმითაც, რომ სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკა ჯანჯღავა, პირველად დაუპირისპირდა საჯაროდ თავდაცვის სამინისტროში გამეფებულ კორუფციასა და მოძველებულ მართვის სტილს, რაც გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე სამხედროების მხრიდან ზოგადად ხელისუფლების ცუდი ფინანსური პოლიტიკის კრიტიკა, რაც ხშირ შემთხვევაში ხელისუფლების დაშანტაჟების ნიშნებს ატარებს. თანაც, ნიშანდობლივია, რომ საქართველოში კვლავ გაისმის ხმები როგორც მოსალოდნელი სამხედრო მღელვარების, ისე სამხედრო უწყების მიერ არამიზნობრივად დახარჯული საბიუჯეტო სახსრების შესახებ.


"თუ თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება შეუმცირდება, საქართველო ისეთი შიდა საფრთხის წინაშე დადგება, რომ საგარეო საფრთხე, მასთან შედარებით, იავნანად მოგვეჩვენება", საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული ეს საგანგაშო განცხადება სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის, რომ მას სასწრაფოდ გადაეხედა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის სეკვესტრის თავდაპირველი ვარიანტისთვის და ძალოვანი უწყებები, პროპორციულად, მხოლოდ ათი მილიონი ლარით შეემცირებინა. ხელისუფლების ამ ბრძნული გადაწყვეტილებით ყველა კმაყოფილი დარჩა და, პირველ ყოვლისა, თავდაცვის სამინისტრო, რომელიც ბიუჯეტის ყველაზე დიდი მომხმარებელია და, წესით, ხარჯვითი ნაწილის კორექტირება საფინანსო წლის შუაგულში მას, მართლაც, ბევრი სიძნელის წინაშე აყენებს. მაგრამ საქართველოში არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც.

სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდლის, ვიცე-პოლკოვნიკ ნიკა ჯანჯღავას თქმით, ქვეყანას, სამხედრო სფეროს დაუფინანსებლობაზე მეტად, თავდაცვის სამინისტროში ფესვებგამდგარი კორუფცია უქმნის საფრთხეს. შარშანდელი უპრეცედენტო პროტესტის ინიციატორი ოფიცერი ერთი წლის შემდეგ კვლავ იმეორებს იმ ბრალდებებს, რის გამოც მას თანამდებობიდან წასვლა მოუხდა. ნიკა ჯანჯღავა აცხადებს, რომ სამხედროების მხრიდან გამუდმებული ლაპარაკი მოსალოდნელ მღელვარებაზე საზოგადოების დაშანტაჟების ხასიათს ატარებს.

[ნიკა ჯანჯღავს ხმა] "მღელვარება აუცილებლად იქნება, მაგრამ ეს განპირობებულია არა იმით, ხელფასები იქნება თუ არა, არამედ იმ რთული მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობით, რაც არის ახლა ჯარში, იმ კრიმინალიდან გამომდინარე, რაც არის ახლა ჯარში. ვინმე რეალურად ყურადღებას აქცევს, რაზე იხარჯება თანხები? ჩვენ ხომ უნდა ვიცოდეთ, რაზე იხარჯება თანხა? რამდენი იხარჯება იმავე მინისტრის ვოიაჟებზე, მის პირად დაცვაზე? რა ხდება ეროვნულ გვარდიაში, სხვა ნაწილებში."

აღსანიშნავია, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კორუფციისა და საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვით საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტიც დაინტერესდა. ხოლო პრესაში უკვე გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ არამიზნობრივად არა მხოლოდ ქვეყნის ბიუჯეტის სახსრები, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დახმარების სახით გამოყოფილი მატერიალური საშუალებებიც ნიავდება. თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, ძალიან მალე იგი წარმოადგენს დოკუმენტურ მასალას, სადაც ასახული იქნება კორუფციით დაზიანებული კონკრეტული სფეროები ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში.

როგორც ერთი წლის წინ ნიკა ჯანჯღავა, თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც ადრე ყველაფერში უპირობოდ უჭერდა მხარს ქვეყნის ძალოვანი ბლოკის პირველ პირს, ახლა კრიტიკული პათოსით ლაპარაკობს სამხედრო უწყებაში გამრავლებულ წურბელებზე და საკადრო წმენდის აუცილებლობას ითხოვს. ძნელი სათქმელია, თუ რით არის განპირობებული მისი ასეთი მეტამორფოზა, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ საკმარისია ოდნავ გაიხსნას პანდორას ყუთი შეიარაღებულ ძალებში და, იქიდან ამოფრენილი შავი საქმეების წყალობით, სამხედრო პროკურატურას რამდენიმე წლის სამუშაო გაუჩნდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG