Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ინტერესები საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნების მიმართ


საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ნაწილი ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეს ოკეანის გაღმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხედავს, ნაწილი კიდევ მეგობრებს ჩრდილოეთში, რუსეთის ფედერაციაში, ეძებს.

ეს ძიების პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდა საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, თუმცა არა რუსეთის სასარგებლოდ.

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ წინა არჩევნების შედეგებით გაწბილებულმა ჩრდილოელმა მეზობელმა საქართველოს პოლიტიკაზე არჩევნების გზით ზეგავლენის მოხდენის განზრახვაზე ხელი აიღო და ენერგეტიკული პროექტებით დაინტერესდა.

თუ ადრე ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში, ძირითადად, მხოლოდ ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერით იყო დაკავებული, ახლა მისი ინტერესები გაფართოვდა და ვაშინგტონი აქტიურად ჩაერთო საპარლამენტო არჩევნების ორგანიზების პროცესში. შესაბამისად, გარკვეული პერსპექტივის მქონე პოლიტიკური ძალები შეერთებულ შტატებში მოკავშირეთა ძებნას შეუდგნენ. ვაშინგტონში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის შემდეგ შეერთებულ შტატებს ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძეც ესტუმრა.

გამყრელიძის პარტია ამერიკის რესპუბლიკური პარტიის იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკური ძალაა. ახლების ეკონომიკური პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი რესპუბლიკური პარტიის ძველ პროგრამებს ეყრდნობა. შესაბამისად, გამყრელიძეს არ გასჭირვებია ურთიერთობის დამყარება ფლორიდის შტატის გუბერნატორ, რესპუბლიკელ ჯებ ბუშთან.

სწორედ ამ შტატში სტუმრობით დაიწყო ახლების ლიდერმა თავისი ამერიკული ვოიაჟი. შეერთებულ შტატებში გამყრელიძეს შეხვედრები ჰქონდა თეთრი სახლისა და კონგრესის მაღალი რანგის მოხელეებთან, სტუმრობდა ენერგეტიკის სამინისტროს, სახელმწიფო დეპარტამენტს, პენტაგონს და სხვა სახელმწიფო უწყებებს.

22 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკიდან დაბრუნებული ახლების ლიდერისგან ჟურნალისტები იმის გაგებას ცდილობდნენ, დაუჭერს თუ არა მას მხარს ვაშინგტონი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. დავით გამყრელიძის განცხადებით:

[გამყრელიძის ხმა] „მათი მთავარი მიზანია, რომ ხალხის არჩევანი გახდეს რეალიზებული და მოხდეს ამ ახლად არჩეული ძალისთვის, ეს იქნება საპარლამენტო არჩევნები თუ საპრეზიდენტო არჩევნები, მშვიდობიანი ფორმით ხელისუფლების გადაცემა და, რა თქმა უნდა, მათი ინტერესია, რომ საქართველოში მოვიდეს დემოკრატიული ძალა, ის ძალა, რომელიც იმ ფასეულობების, იმ ღირებულებების მატარებელია, რომელსაც ემსახურება ამერიკის ადმინისტრაცია."

საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაციის შესახებ გაკეთებული ეს მინიშნება ადგვილი გასაგებია.

თუ არჩევნების ობიექტურობის უზრუნველყოფის გარანტიებით ქართულ პოლიტიკურ ძალებში ვაშინგტონის გავლენა იზრდება, შეერთებული შტატები აშკარად კარგავს პოზიციებს ქართულ ენერგეტიკულ პოლიტიკაში, რუსეთის სასარგებლოდ. ლაპარაკია „ეი-ი-ეს თელასზე", რომელიც ქართული ელექტროსისტემის 60%-ს შეადგენს და რომლის შეძენის სურვილი მხოლოდ რუსულმა კომპანია „რაო ეესმა" გამოამჟღავნა. ასევე შეშფოთებას იწვევს საქართველოში გაზპრომის ინტერესებიც.

გამყრელიძე ამ პრობლემის დაძლევის არცთუ იოლ გზას ხედავს. იგი გამოდის სახელმწიფო კაპიტალისა და ქართველი ბიზნესმენების რესურსების ამოქმედების იდეით თელასის შესანარჩუნებლად, რასაც, მისივე თქმით, შეერთებული შტატები ფინანსურადაც და პოლიტიკურადაც მხარს დაუჭერს.
XS
SM
MD
LG