Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰეიდარ ალიევის ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობა კვლავ პოლიტიკური ვარაუდების საფუძველი ხდება


პრეზიდენტ ალიევის ჯანმრთელობა დიდი ხანია განსჯის საგანია. თუკი ჩემი აზერბაიჯანელი კოლეგის მოსაზრებას გავიზიარებთ, რაც რეალობასთან ახლოს დგას, ჰეიდარ ალიევის წასვლა არც

აზერბაიჯანის შიდა-პოლიტიკურ ვითარებას და არც მის საგარეო ურთიერთობებს დიდად არ შეცვლის. ერთადერთი, რასაც პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ჰეიდარ ალიევის ფიზიკური მდგომარეობის გაუარესება, ეს ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებია. თემას ნინო გელაშვილი განაგრძობს:

ბოლო დღეებში ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სააგენტო "ფრანს პრესმა" 23 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია და ექიმები მას ორი-სამი დღის სიცოცხლესღა უწინასწარმეტყველებენ. 24 ივლისს აზერბაიჯანის ელჩმა თურქეთში მამედ ალიევმა უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ თავად ინახულა პრეზიდენტი ალიევი, რომ ის თავს ნორმალურად გრძნობდა და კარგ გუნებაზე იყო. თუმცა, ელჩს არ დაუზუსტებია როდის განაახლებს ჰეიდარ ალიევი საპრეზიდენტო მოვალეობების შესრულებას.

"რადიო თავისუფლების" აზერბაიჯანული სამსახურის დირექტორი მირზა მიხაელი განმარტავს:

[მიხაელის ხმა]
"თუკი ალიევს რამე დაემართება (და ამის წარმოდგენა შესაძლებელია) ეჭვქვეშ დადგება საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების პროცედურა და თავად პროცესი. ასეთ შემთხვევაში აზერბაიჯანის პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, პრეზიდენტის უფლება-მოვალეობები გადადის პრემიერ-მინისტრზე, მიმდინარე საარჩევნო კამპანია უქმდება და პრემიერ-მინისტრი ნიშნავს ახალ არჩევნებს, ანუ მიმდინარე საარცევნო კამპანიისა და საპრეზიდენტო არჩევნების ბედი დამოკიდებულია ცნობაზე, რომელიც ანკარიდან მოვა ალიევის შესახებ. თუკი ის აღარ იქნება, ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნები, ალბათ, არ ჩატარდება".

ჰეიდარ ალიევის ფიზიკური მდგომარეობა დიდი ხანია გართულდა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფოს მართვისთვის შეუფერებელიც კია. რა ძალა მართავს დღეს აზერბაიჯანს :

[მიხაელის ხმა]
"არ შეიძლება ჰეიდარ ალიევის ხელმძღვანელობის უნარის არც გადაჭარბებიოთ შეფასება და არც დაკნინება. თუმცა, ვერაფერს ვიტყვი მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე. აზერბაიჯანს ხელმძღვანელობს, მართავს რეჟიმი, რომელიც შექმნა ალიევმა. ეს არის ძალიან ძლიერი რეჟიმი. მმართველი კლანის წევრები ერთმანეთზე ძალიან გადაჯაჭვული და ფინანსურად ძლიერები არიან. რაც შეეხება პოლიტიკურ ძალაუფლებას, მათ ხელშია ძალოვანი სამინისტროები, სახელმწიფო ფინანსები და შეუძლიათ თავიანთი წრიდან აირჩიონ ის, ვინც მომავალში უნდა მართოს აზერბაიჯანი".

მომავალ არჩევნებზე საუბრისას, რომლის მიმართ კრიტიკული განწყობა უკვე ძალიან ძლიერად ვლინდება საერთაშორისო საზოგადოებრიობის, მაგალითად - ეუთოს მხრიდან, საინტერესოა აზერბაიჯანის მოსახლეობის მოლოდინის შეფასება. ჩემი აზერბაიჯანელი კოლეგა ამბობს, რომ აზერბაიჯანის ამომრჩეველი სრულებით არ მოელის, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები რამეს შეცვლის და ქვეყნის სათავეში ხალხის რჩეული ძალა მოექცევა. თუმცა, საეჭვოა ისიც, ყავს თუ არა აზერბაიჯანს ასეთი რჩეული. ჩემს რესპონდენტს თუ დავუჯერებთ, აზერბაიჯანის მოსახლეობაში პოლიტიკური ნიჰილიზმია გამეფებული:

[მიხაელის ხმა]
"მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ფიქრობს როგორ მოიპოვოს ყოველდღიური სარჩო, როგორ გაიტანოს თავი. მათ ნაკლებად აინტერესებთ რა მოუვა ალიევს და ვინ მოვა ხელისუფლებაში. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ანუ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე, აზერბაიჯანის მოსახლეობა ძალიან მძიმე მატერიალურ და სოციალურ პირობებში ცხოვრობს და მათი პოლიტიკური აქტივობის დონე ძალიან დაბალია."

ეს რაც შეეხებოდა აზერბაიჯანის შიდა პოლიტიკურ განწყობას, საგარეო ურთიერთობების ცვლილების პერსპექტივაზე კი ჩემმა მოსაუბრემ განაცხადა, რომ ჰეიდარ ალიევის ყოფნა-არყოფნა აზერბაიჯანის სათავეში ბევრს არაფერს შეცვლის აზერბაიჯანის ხელისუფლების პოლიტიკაში მეზობელი ქვეყნებისა და ნავთობის ხელშეკრულებების მიმართ.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG