Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის მთავრობა და გეოპოლიტიკური რეალობა


აშშ-ის ახლანდელი პრეზიდენტის

ჯორჯ ბუშისა და სირიის ახლანდელი პრეზიდენტის ბაშარის მამები, ჯორჯ ბუში და ჰაფეზ ასადი, მოკავშირეები იყვნენ სპარსეთის ყურის 1991 წლის ომში, როცა, კუვეიტზე თავდასხმისთვის, ამ პატარა სახელმწიფოს მიეხმარნენ, აგრესორი სადამ ჰუსეინი ქვეყნიდან გაეძევებინათ. დღეს შვილები ერთი პოლიტიკის მომხრენი არ არიან. შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშსა და სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს სხვადასხვა შეხედულება აქვთ არამხოლოდ ერაყთან ომზე. თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ერთი-ორი დღის წინ ტეხასში, თავის რანჩოზე, გამოაცხადა, სირია და ირანი ტერორისტებს მფარველობენ და მხარს უჭერენო.
[ბუშის ხმა] "სირია და ირანი განაგრძობენ დღეს ტერორისტების მფარველობას და მხარდაჭერას. ასეთი ქმედება სრულიად მიუღებელია და ვინც მას სჩადის, პასუხს აგებს".
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხარაზიმ განაცხადა, ტერორისტებს ვიჭერთ, კი არ ვმფარველობთო. სირიამ ასევე უარყო ბრალდება. მაგრამ საყოველთაოდაა ცნობილი ბაშარ ასადის კარგი ურთიერთობა სადამ ჰუსეინთან. არადა, მამამისი, ჰაფეზ ასადი, გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე ისრაელთან ლამის სამშვიდობო ხელშეკრულებას აფორმებდა - მზად იყო მასთან დიპლომატიური ურთიერთობა დაემყარებინა, ისრაელს კი დღემდე დაკავებული გოლანის მაღლობი უნდა დაეთმო. სირიის ახლანდელი პრეზიდენტი ბაშარ ასადი პროფესიით ექიმია. მამამისი მას არ ზრდიდა პოლიტიკოსად. სირიის ხელმძღვანელი მომავალში პრეზიდენტის უფროსი ვაჟი ბასილი უნდა გამხდარიყო. ასე ჰქონდა გადაწყვეტილი ჰაფეზ ასადს, რომელიც მხოლოდ საკუთარ ვაჟებს ენდობოდა. მაგრამ ბასილი საგზაო კატასტროფაში დაიღუპა და მამამ უხმო ბაშარს, რომელიც დასავლეთში იღებდა განათლებას. უამრავ მტერთან ერთად მამა ასადს დამფასებლებიც ჰყავდა. მათ შორისაა ჰენრი კისინჯერი, რომელსაც უთქვამს, ახლო აღმოსავლეთში ომი ეგვიპტის გარეშე არ არსებობს და მშვიდობა - სირიის გარეშეო. ასე რომ, ბაშარს მემკვიდრეობით სირიის ხელისუფალთაგან რეალური პოლიტიკა ერგო. არადა, მისი გაპრეზიდენტება რეალური სრულებითაც არ იყო მარტივი მიზეზის გამო: კონსტიტუციით, პრეზიდენტობის კანდიდატი 40 წლის ასაკზე ნაკლები არ შეიძლებოდა ყოფილიყო. ბაშარის გამო სირიის კონსტიტუცია შეცვალეს და პრეზიდენტობაზე პრეტენზიის მქონე პირის ასაკი 34 წლით, ბაშარის იმჟამინდელი წლოვანებით, განსაზღვრეს. ალბათ, ამითაც უკმაყოფილო სირიელებმა ამ ქვეყნისთვის ჩვეული ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა ჰაფეზის ძეს არ არგუნეს, რაც ლამის უნდობლობის გამოცხადებას ნიშნავს იქაურ პირობებში. მაგრამ ბაშარი მაინც სირიის პრეზიდენტი გახდა - გამოუცდელი, პოლიტიკურად გაუნათლებელი პირი ქვეყნის მართვას შეუდგა და ხალხს დაჰპირდა, ჩინეთის მსგავს რეფორმებს გავატარებო. მაგრამ მამამისის დროინდელი კადრები მას ამის საშუალებას არ მისცემდნენ, მათი ხელისუფლებიდან ჩამოშორება კი ბაშარისთვის იოლი არ იყო: ლამის 50-50 წელი მართავენ თავიანთ უწყებებს სირიის საიდუმლო სამსახურების, თავდაცვის სამინისტროს, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფები. საშინაო პოლიტიკაში ბაშარი წარმატებული ვერ გამოდგა. ამიტომ შეეცადა საგარეო პოლიტიკაში გამოეჩინა თავი და მამას აჯობა კიდეც რადიკალიზმში. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ირანში გაეშურა და თეირანს პირობა მისცა, რომ სიონისტური ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში თავის წვლილს შეიტანდა. განსაკუთრებით აქტიური მეგობრობა გააჩაღა ბაშირმა ერაყთან, სადამ ჰუსეინთან. ამ დროს ერაყს ნავთობის თვითნებურად გაყიდვა აკრძალული ჰქონდა და, ზუსტად ამის გამო, სირიასთან ამ სფეროში თანამშრომლობამ დიდი მოგება მოუტანა არა მარტო მას, არამედ სირიასაც. სირიამ 2001 წელს კვლავ აამოქმედა ნავთობსადენი, რომელიც ბანიასის ნავსადგურთან იყო დაკავშირებული. უშუალოდ ერაყის ომის დაწყების წინ ამ გზით დღიურად 200 ათასი ბარელი ნავთობი მიედინებოდა. სადამ ჰუსეინი და ბაშირ ასადი ამ საქმიანობიდან, სავარაუდოდ, 500 მილიონ დოლარს იგებდნენ წელიწადში. ჰუსეინი ამ ფულით ერაყის ხელისუფლებას აფინანსებდა, ასადი კი სახელმწიფოს ბიუჯეტს ავსებდა. ახლა ყველაფერი შეიცვალა: სადამ ჰუსეინი აღარ არის, აშშ-ის არმიამ გადაკეტა ნავთობსადენი, სირიას ვალების მთა დაუდგება, ქვეყანაში უმუშევრობა მძვინვარებს. ამასთან, სირიას გარს არტყმიან, ლიბანის გამოკლებით, შეერთებული შტატების მიმართ მეგობრულად განწყობილი ქვეყნები: თურქეთი, ისრაელი, იორდანია, ახლა უკვე - ერაყიც. სირია, თავისთავად, აშშ-თან ურთიერთობის გაუარესებას არ ესწრაფვის, მაგრამ ერაყის, ახლა უკვე ჩამოგდებულ, ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა არც დავიწყებას ეძლევა და არც იოლი უარსაყოფია. საგარეო საქმეთა მინისტრმა ფარუქ ალ შარამ უკვე აპრილში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არასოდეს იყო მოწადინებული დაპირისპირებოდა აშშ-ს:
[ალ შარას ხმა] "სირიას თავიდანვე არასოდეს სურდა კონფრონტაციაში ყოფილიყო აშშ-თან".
ალ შარამ მაშინ თქვა, სირია-ერაყის საზღვარს ვინც კვეთს, ყველას პასპორტს ვუმოწმებთო. ასე იყო ომის დროს, მაგრამ ომამდე, როცა ერაყის კრიზისი მძვინვარებდა, ერაყიდან სირიაში გადასვლა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა და, ჩანს, მაშინ მოახერხა სადამის ხალხმა სირიის ადგილობრივ ხელმძღვანელებთან გარიგების მიღწევა. დასავლეთის მასმედია წერდა, რომ ჰუსეინმა თავის ხალხს ომამდე, ბოლო დღეებში, უხვად დაურიგა ფული. სირიაში, ზღვის სანაპიროზე, ლათაქიაში, ბევრ ფულიან, იდუმალებით მოცულ და მდუმარე ერაყელს შეხვდებით. მათი შეხვედრის საყვარელი ადგილია ქალაქის მოშორებით მდებარე სასტუმრო, რომელიც კონტრაბანდისტების ცენტრადაა ცნობილი.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG