Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სჭირდება თუ არა საქართველოს ორი ფლოტი?


საქართველო თავისი გეოგრაფიული

მდებარეობით საზღვაო სახელმწიფოა, რაც, მისი თავდაცვისუნარიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, სამხედრო-საზღვაო ძალების არსებობის აუცილებლობას განაპირობებს. მაგრამ, ამ სტრატეგიული მოთხოვნილების გათვალისწინებითაც კი, ძნელი სათქმელია, სჭირდება თუ არა შეზღუდული საბიუჯეტო შესაძლებლობების მქონე საქართველოს ორ სხვადასხვა უწყებაში გაფანტული, ორი სამხედრო-საზღვაო ძალა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის დუბლირებას ახდენენ.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემდეგ, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს მეორე ადგილი უკავია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გამოყოფილი დახმარების მოცულობით. 1999 წლიდან მოყოლებული, სახელმწიფო დეპარტამენტმა, პენტაგონმა და ამერიკის სანაპირო დაცვის სამსახურმა დაახლოებით 20 მილიონი დოლარის ღირებულების მატერიალურ-ტექნიკური საშუალება და აღჭურვილობა გადასცეს ქართველ მესაზღვრეებს. 2002 წელს კი საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტს ამერიკიდან პირველად გადაეცა საბრძოლო ტექნიკა - საპატრულო-სადარაჯო კატარღა და ან-28 ტიპის მსუბუქი საპატრულო თვითმფრინავი, რომლის ეკიპაჟის მომზადებისა და რემონტის ხარჯებიც ამერიკულმა მხარემ გაიღო. როგორც სანაპირო დაცვის საკითხებში საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ამერიკელმა მრჩეველმა ჯონ ტრამბოლმა განაცხადა, მიმდინარე წელს დახმარების მოცულობა 17 მილიონ ლარს შეადგენს და რამდენიმე პრიორიტეტული პროგრამის განხორციელებაზე დაიხარჯება.

[ჯონ ტრამბოლის ხმა] “ეს დახმარება წელს უფრო თვალსაჩინო იქნება და გამოიხატება ერთ-ერთი “გრიფის” ტიპის კატარღის რეკონსტრუქციაში. თანაც, ეს არის ერთ-ერთი იმ ხუთი კატარღიდან, რომლის აღდგენაც აშშ-ს სამომავლოდ აქვს ჩაფიქრებული. თანაც, ეს ხდება საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მიერ შემოთავაზებული წინადადებით და არა სხვების კარნახით.”

და რაც მთავარია, ამ დახმარების ფარგლებში განახლდება მუშაობა ქართველი გამომგონებლის, პროფესორ ანატოლი გაგოშიძის მიერ შემუშავებულ მრავალკომპონენტიან სისტემა "იორზე", რომელიც ნატოს სტანდარტებით შექმნილი საზღვრის მართვის, კონტროლისა და თვალთვალის უნიკალური სისტემაა და მასზე ქართველი ძალოვნები სერიოზულ იმედებს ამყარებენ.

ერთადერთი, რასაც წლების მანძილზე ურჩევენ უცხოელი ექსპერტები საქართველოს ხელისუფლებას - რესურსების სწორი გამოყენებაა. დასამალი არ არის, რომ ამ თვალსაზრისით ყველაზე მეტ შეკითხვებს სწორედ ფოთის სანაპიროზე დისლოცირებული ორი სამხედრო ფლოტის - ერთი მხრივ, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საზღვაო ძალებისა და, მეორე მხრივ, საზღვრის დაცვის დეპარატამენტის სანაპირო დაცვის - არსებობა იწვევს.

სინამდვილეში, ბევრ ევროპულ და ჩვენს მეზობელ საზღვაო სახელმწიფოში სანაპირო დაცვის ძალები და სამხედრო ფლოტი ცალ-ცალკე არსებობენ და ისინი მათთვის გაწერილ სპეციფიკურ ფუნქციებს ასრულებენ. სანაპირო დაცვა აკონტროლებს საზღვაო რეჟიმს ეკონომიკურ და ტერიტორიულ წყლებში. ნაოსნობის საერთაშორისო კანონმდებლობით, მესაზღვრეებს შეუძლიათ მოითხოვონ გემების საბუთების შემოწმება და ტვირთების დათვალიერება, ნორმების დარღვევის შემთხვევაში - მათი დაპატიმრება და ა.შ. რაც შეეხება სამხედრო-საზღვაო ძალებს, მათი დანიშნულება წმინდა საბრძოლო ამოცანებით - მოწინააღმდეგის საზღვაო აგრესიის აღკვეთით, საზღვაო დესანტირებით, ზღვაზე ანტიტერორისტული ოპერაციებითა და, საჭიროების შემთხვევაში, სანაპირო დაცვის ძალებისთვის დახმარების აღმოჩენით შემოიფარგლება.

მაგრამ რაკი ასე განისაზღვრა კიდევაც ეს ორი სახეობა სამხედრო ძალების სტრუქტურაში, შესაბამისად, საზღვარგარეთელმა მრჩევლებმაც ხელი ჩაიქნიეს და უკვე ისეთი დაჟინებით აღარ მოითხოვენ ორი ფლოტის სასწრაფო შერწყმას.

[ჯონ ტრამბოლის ხმა] “ბევრი ადამიანის რეკომენდაცია იყო, რომ სანაპირო დაცვა და სამხედრო ფლოტი გაერთიანებულიყო, მაგრამ საქართველომ თავისი განვლილი გზით აჩვენა, რომ სჭირდება ორივე სტრუქტურა, ვინაიდან არსებობს სათანადო საფრთხეები. ხოლო, თუ რა იქნება მომავალში, ეს თავად საქართველომ უნდა გადაწყვიტოს.”

მაგრამ ყველაზე უკეთ ქართველმა ექსპერტებმა იციან, რომ ასეთი ფუფუნებისთვის საქართველოს ბიუჯეტს რეალური შესაძლებლობა არ გააჩნია: ჩვენ ერთ-ერთ ბოლო რეპორტაჟში ვწერდით სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი იმ კატარღის შესახებ, რომელსაც მესამე წელია ედება ჟანგი უკრაინის პორტ “ბალაკლავაში” მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ გამონახა რემონტისთვის საჭირო სახსრები. იგივე ბედი ეწევათ მომავალში სხვა მცურავ საშუალებებსაც, რომლებიც სულ მალე გამოემშვიდობებიან რესურსს და ჯართად გაყიდვა ელით.

უკეთეს მდგომარეობაში არც სანაპირო დაცვის ხომალდებია, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ვთქვით, ამერიკა წელს მათ რემონტს აპირებს. მაგრამ 380 კილომეტრის საზღვაო საზღვრის კონტროლს - მით უფრო, რომ ბოლო ხანს აშკარად იმატა დარღვევების შემთხვევებმა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში - ვერ გასწვდება სანაპირო დაცვის ის ათიოდე კატარღა, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს შერჩენილი გარკვეული რესურსი.
რა თქმა უნდა, საქართველოს საზღვაო პოტენციალი გაცილებით ძლიერი იქნებოდა, თავის დროზე სახელმწიფოს სწორი ინსტიტუციური და ფინანსური პოლიტიკა რომ ჩამოეყალიბებინა და, რუსეთ-უკრაინასთან ერთად, მონაწილეობა მიეღო შავი ზღვის სამხედრო ფლოტის ქონების გაყოფის პროცესში. მაგრამ ფლოტის წილის დაბრუნებაზე ფიქრი უკვე ძალზე დაგვიანებულია. ახლო მომავალში საქართველოს არ ექნება საკმარისი ფინანსური შესაძლებლობები იმისათვის, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სამხედრო სახეობა განავითაროს. რჩება ერთადერთი - ინსტიტუციური ცვლილება: თავდაცვის სამინისტროსა და საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტში გაბნეული მცურავი საშუალებებისა და პირადი შემადგენლობის გაერთიანება და, მათ ბაზაზე, ერთიანი საზღვაო თავდაცვითი ძალების შექმნა, რაც, დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად მოხდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG