Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დისტანცია კათალიკოს-პატრიარქსა და საზოგადოებას შორის იზრდება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რადიო ”თავისუფლების” მსმენელმა უკვე იცის იმ ღია წერილის შესახებ, რომელიც ქართული საზოგადოების წარმომადგენელთა ერთმა ჯგუფმა უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს გაუგზავნა. წერილის ავტორთა აზრით, გაწყვეტილია კავშირი საზოგადოებასა და ეკლესიის მწყემსმთავარს შორის. ” ნუთუ ჩვენ, საქართველოს მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, ჩვენი კათალიკოს-პატრიარქის ხმა არ უნდა გავიგონოთ?” - კითხულობენ გურამ თევზაძე, მიხეილ ბეჟანიშვილი, ლელა გაფრინდაშვილი, ლევან ბრეგაძე და სხვები იმ კითხვებთან დაკავშირებით, რაც ქართულ ეკლესიაში დაგროვილი პრობლემების ირგვლივ უპასუხოდ რჩება. რა რეაქცია მოჰყვა ამ წერილს?

კვირას, ქადაგებისას, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ღია წერილის ავტორები ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში განხეთქილების შეტანის მცდელობაში დაადანაშაულა და შენიშნა, რომ ამ ადამიანებს უცხოური სექტები აფინანსებენ. ორშაბათს, 28 ივლისს, კავკასიური სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე თავისი პროტესტი წერილის ავტორების მიმართ გამოთქვეს სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის ასოციაციის წევრებმა და მორწმუნეთა ერთმა ჯგუფმა. კავკასიურ სახლს და მის წევრებს აქციის მონაწილეებმა ბრალი დასდეს მასონებთან კავშირში, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული თეორიების შემუშავებაში. სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის ასოციაციის პრეზიდენტის გიორგი კერვალიშვილის განცხადებით:
[ გიორგი კერვალიშვილის ხმა] ” აქედან გამომდინარე, მათი მოღვაწეობა ქართველი ხალხის უფლებების უხეში დარღვევაა და ამიტომ ჩვენ მათ აკრძალვას კი არ მოვითხოვთ, უბრალოდ, ჩვენ ვამხელთ მათ არაადამიანურ ქმედებებს და მოვითხოვთ, შეწყდეს ჭეშმარიტი ქრისტიანული მოძღვრებებისა და ჭეშმარიტი ადამიანების წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანიები.” (სტილი დაცულია)
საპროტესტო აქციიდან სულ ცოტა დრო იყო გასული, როცა კავკასიურ სახლში რელიგიის თემაზე მორიგი სემინარი გაიმართა. კავკასიური სახლის დირექტორის, მწერალ ნაირა გელაშვილის თქმით, კავკასიური სახლი, რომელიც სამთავრობო დაწესებულებაა და არა არასამთავრობო ორგანიზაცია, როგორც ამას ზოგიერთები აცხადებენ, არ აპირებს თავისი საქმიანობის გეგმების გადახედვას. რაც შეეხება საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს, მისი აზრით:
[ ნაირა გელაშვილის ხმა] ” მე არ გამოვრიცხავ, ამის უკან იდგეს გურამ შარაძე, არ გამოვრიცხავ, იდგნენ სხვა ძალები, ვინც საერთოდ არ ჩანან, მაგრამ რომ ეს არის მასობრივი ფსიქოზისა და ისტერიის ხელახალი გაღვივების მცდელობა და ეს ძალიან საშიშ ხასიათს იღებს, რადგან საზოგადოებრივი აფეთქებები დაიწყება და გაძლიერდება წინასაარჩევნო პერიოდში, ეს სრულიად აშკარაა.”

საინტერესოა, რომ ეკლესიის თემას 28 ივლისს რადიოინტერვიუში პრეზიდენტი შევარდნაძეც გამოეხმაურა. მან უარყო რაიმე დაძაბულობის არსებობა მასსა და პატრიარქს შორის. ამავე დროს, განაცხადა, რომ მიუღებლად მიაჩნია როგორც სახელმწიფოს ჩარევა ეკლესიის შიდა საქმეებში, ისე ეკლესიის ჩარევა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პრობლემებში:
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] ”ასევე, ეკლესია არ უნდა ერეოდეს იმ საკითხებში, რაც სახელმწიფო კომპეტენციაა. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება საგარეო პოლიტიკისა და მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობის ზოგიერთ ასპექტს. ამავდროულად, საქართველო, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, პირნათლად შეასრულებს თავის მოვალეობებს რელიგიურ უმცირესობათა დაცვის თვალსაზრისით. პირველი ნაბიჯები მე უკვე გადავდგი. კიდევ მექნება შეხვედრები უმცირესობების წარმომადგენლებთან და ჩვენ ამ თვალსაზრისითაც დემოკრატიული ქვეყანა უნდა ვიყოთ.”

დასკვნის სახით კი იმის წინასწარმეტყველება შეიძლება, რომ, როგორც ჩანს, საარჩევნოდ რელიგიური თემის გამოყენებას ბევრი ძალა ეცდება. საეჭვოა, ამას შედეგად საზოგადოებაში თანხმობის მიღწევა მოჰყვეს.
XS
SM
MD
LG