Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარე ვაჭრობის გაკონტროლების თემა დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატის წინასაარჩევნო აქტივში. - რა დაავალა საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის მერსა და რამდენიმე მინისტრს?


აღურიცხავი საქონლის უკონტროლო მიმოქცევით საქართველოს ბიუჯეტი ყოველდღიურად ათიათასობით ლარს კარგავს.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, მარტო დიდუბის რაიონში სამართალდამცავები და სხვა მაკონტროლებელი უწყებები გარე მოვაჭრეებისაგან ყოველდღიურად 30 000 ლარს კრებენ. თანხა ყოველთვიურად, საშუალოდ, მილიონ ლარს შეადგენს. ბიუჯეტისთვის დაკარგული მილიონების მობილიზაცია კომპლექსური საქმეა და არა ერთი რომელიმე სტრუქტურის თავსატეხი, მიიჩნევს თბილისის დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბარამიძე. მან არალეგალური გარე ვაჭრობის საკითხის მოსაგვარებლად მეორედ მიმართა საქართველოს პრეზიდენტს. 7 ივლისს ედუარდ შევარდნაძემ სპეციალური რეზოლუციით თბილისის მერს, ფინანსთა, უშიშროებისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს გარე ვაჭრობის აღსაკვეთად სპეციალური ღონისძიებების გატარება დაავალა.

როგორც წესი, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებები და რეზოლუციები დაუყოვნებელ აღსრულებას არ ექვემდებარება. ჩვენი ინფორმაციით, პრეზიდენტის დავალება უკვე მივიდა ფინანსთა სამინისტროში. რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს ქვემდებარე სტრუქტურებს, საგანგებო ლეგიონს გარე ვაჭრობის გაკონტროლების ახალი მითითება ჯერ არ მიუღია. საგანგებო ლეგიონის უფროსი ნუგზარ კახნიაური შიშობს, რომ მის სტრუქტურას დავალების შესრულება გარკვეულწილად გაუჭირდება კიდეც.

[ნიგზარ კახნიაურის ხმა] "რესპუბლიკის მასშტაბით, 420 კაცია საგანგებო ლეგიონი. ეს არის 220 ოპერატიული თანამშრომელი. ძალიან ცოტა ვართ საიმისოდ, რომ ყველაფერს მოვედოთ. არ ვიცი, არ მოსულა სამინისტროდან ჯერ ეგ წერილი და, თუ დავალება იქნება, ვიფიქრებთ მაგაზე. მაგრამ ახლა გეუბნებით რეალურად, რა: ჯერჯერობით გარე ვაჭრობაზე ვიფიქროთ, მაგის დრო ნამდვილად არა გვაქვს, იმდენად სერიოზული საქმეები გვაქვს დაწყებული.

საგანგებო ლეგიონის მასშტაბური საქმეებია ნავთობისა და ნავთობპორდუქტების, თამბაქოს, შაქრის, ფქვილისა და სხვა ძირითადი კონტრაბანდული ტვირთების გამოვლენა და კონტროლი. თბილისის ცენტრალურ ქუჩებში განთავსებული სავაჭრო ობიექტების ეგრეთ წოდებული დალუქვის გამო, ბოლო დროს ლეგიონისა და დანარჩენი მაკონტროლებელი უწყებების საქმიანობა თითქოს უფრო რეზონული გახდა. ამას ნუგზარ კახნიაური, ძირითადად, მასმედიის აქცენტებს მიაწერს და არა იმას, რომ ლეგიონი უკანასკნელი თვისა თუ კვირის განმავლობაში უფრო პროდუქტიული და ქმედითია.

გარე ვაჭრობის პრობლემით, მოგეხსენებათ, განსაკუთრებით ითბობენ ხელს არა მარტო ჩინოსანი, რიგითი პოლიციელებიც კი. ჩვენი ინფორმაციით, პრეზიდენტის დავალებით, გარე ვაჭრობაზე კონტროლი პრიორიტეტული სფერო ჯერჯერობით არც შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამხდარა. იმავეს თქმა შეიძლება უშიშროების სამინისტროზე, რომელიც 23 ივლისიდან ახორციელებს საგანგებო კომპლექსურ ოპერატიულ გეგმას, სახელწოდებით სკოგი. უშიშროების სამინისტროში ვარაუდობენ, რომ 15 აგვისტოსათვის ნავთობპროდუქტების კონტრაბანდისტებისთვის საკმაო რაოდენობის ბარიერებისა და დაბრკოლებების შექმნას შეძლებენ. უშიშროების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნიკა ლალიაშვილის თქმით, გეგმის მიზანი სწორედ ესაა და არა კერძო დამნაშავეების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.

[ნიკა ლალიაშვილის ხმა] " გეგმა ითვალისწინებს სრულმასშტაბიან შემოწმებას საქართველოს ტერიტორიაზე ბენზოგასამართი სადგურების, ნავთობბაზების; გარდა ამისა, გაკონტროლებას თვით იმ მადოზირებელი ხელსაწყოებისაც კი, რომლებიც განთავსებული არის ავტოგასამართ სადგურებზე; აგრეთვე საცავების გაკონტროლებას, სადაც ინახება ნავთობპორდუქტები. საუბარია საწვავზე, ბენზინზე და დიზელზე."

დაბოლოს, დეპუტატ გიორგი ბარამიძის დაინტერესება გარე ვაჭრობითა და ბაზრობებით არცთუ შემთხვევით დაემთხვა წინასაარჩევნო პერიოდს. ელექტორატზე მზრუნავმა დეპუტატმა კი სასურველია პრობლემის ორივე მხარე გაითვალისწინოს, ანუ, გარე ვაჭრობის შეზღუდვის შემთხვევაში, იმ რიგით ადამიანებზეც იფიქროს, ვინც ლუკმაპურს ქუჩაში დგომით შოულობს. თვითდასაქმება მათი არჩევანი არ ყოფილა. პოლიცია და ათასი ჯურის მაკონტროლებელი ბიუჯეტისთვის დამალულ ყოველდღიურ 30 000 ლარს, რომელზეც ზემოთ მოგახსენებდით, სწორედ ამ ხალხს სძალავს.
XS
SM
MD
LG