Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''ქალი და მსოფლიო''


ყოველკვირეულ პროგრამაში "ქალი და მსოფლიო" დღეს ერთგვარ კალეიდოსკოპს შემოგთავაზებთ.

საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ცნობებიდან შევარჩიეთ რამდენიმე, რომლებიც წარმოდგენას ქმნის სხვადასხვა ქვეყანაში ქალთა მდგომარეობის შესახებ და რომელთაგან ზოგი თავშესაქცევია, ზოგი კი სერიოზულ პრობლემებს ეხება.

ერთი ასეთი სერიოზული პრობლემის შესახებ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან იუწყებიან: იქ, კერძოდ რესპუბლიკის აღმოსავლეთში მიმდინარე ომში ქალებისა და ბავშვისადმი სქესობრივ ძალადობას ისეთი მასშტაბები აქვს მიღებული, რომ "საერთაშორისო თანამეგობრობას აღარა აქვს მასზე თვალის დახუჭვის უფლება". ასე ფიქრობს ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯესიკა ლანგი, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის, უნისეფის ელჩია და კონგოდან სულ რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. "უნისეფის" გენერალურმა დირექტორმა კაროლ ბელამიმ გაუპატიურებას ადამიანის უფლებებისა და ადამიანის ღირსების შეალახვა უწოდა "არ შეიძლება დუმილი, როცა გაუპატიურებას იარაღად იყენებენ ომშიო". უნისეფის პრესმდივანი დამიენ პერსონა კი, რომელსაც ჟენევაში ტელეფონით დავუკავშირდით, აღმოსავლეთ კონგოს მოდებული სქესობრივი ძალადობის ერთ, განსაკუთრებით სახიფათო მხარეს შეეხო: [დამიენ პერსონას ხმა] "კონგო მსოფლიოს იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, სადაც შიდსი ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული. ამასთან, შიდსით ინფიცირების შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია ჯარისკაცებში. ასე, რომ გოგონები და ქალები, თუ შეიძლება ასე ითქვას, არა მარტო გაუპატიურების მხსვერპლი ხდებიან - მათზე შიდსის ვირუსიც გადადის. ეს კი ნიშნავს, რომ ახლო მომავალში დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება აღმოსავლეთი კონგოს მთელი მოსახლეობა".

შიდსის საფრთხე, ბუნებრივია ტრეფიკინგის პრობლემასაც უკავშირდება. გერმანიაში ტრეფიკინგი, ანუ ადამიანებით, უმეტესწილად ახალგაზრდა ქალებით ვაჭრობა მეტად სარფიან ბიზნესად რჩება და მასში ჩართული მაფიური დაჯგუფებები სასტიკად ეპყრობიან თავიანთ მსხვერპლს, გერმანიაში უმეტესწილად აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებიდან ჩაყვანილ ქალებს. გერმანიის კრიმინალური პოლიციის ცნობით, გასული წლის მანძილზე გერმანიაში აღმოჩენილი 811 მსხვერპლის ორი მესამედი ცემით ან შანტაჟით აიძულეს, პროსტიტუციაში ჩაბმულიყო. ქალთა ნახევარზე მეტი მოტყუებით, კარგშემოსავლიანი სამუშაოს იმედით ჩაიყვანეს გერმანიაში - ამ ქალებმა, რომელთაგან ყოველი მეოცე მცირეწლოვანია, არ იცოდნენ, რომ მეძავობა მოელოდათ. [მარტინა ლინკის ხმა] "მსხვერპლი უმრავლესობა, 87 პროცენტზე მეტი, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებიდან არის. ამ ქვეყნებს შორის გამოირჩევიან რუსეთი, ლიტვა, ბულგარეთი და უკრაინა", გვითხრა გერმანიის კრიმინალური პოლიციის პრეს-მდივანმა მარტინა ლინკმა. მანვე ასე უპასუხა შეკითხვას - მაინც რა მოგებას ნახულობენ ტრეფიკერები? [მარტინა ლინკის ხმა] "ზუსტი მონაცემები არ გაგვაჩნია - 2002 წელს გამოძიებული ტრეფიკინგის 289 საქმიდან 69-ში მოვიპოვეთ ინფორმაცია ტრეფიკერების სავარაუდო უკანონო შემოსავლის შესახებ - მათი მოგება 8,5 მილიონ ევროს აღწევს". ასეთი მოგება კი ტრეფიკერებს, რომ იტყვიან, ფრთებს ასხამს: ბიზნესი იმდენად სარფიანია, დამნაშავეები იმდენად არიან მოტივირებული, რომ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა გერმანიის პოლიციასაც კი უჭირს.

გერმანიიდან გავრცელებული კიდევ ერთი ცნობა, რომელიც ჩვენი გადაცემისათვის შევარჩიეთ, დაპირებისამებრ, თავშესაქცევია: ის გვაცნობს მამაკაცების პასუხს შეკითხვაზე, რას აფასებენ ყველაზე მეტად თავიანთ სატრფოში. ასეთი შეკითხვა მათ ჟურნალ "ვუმენის" დავალებით დაუსვა საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა ინსტიტუტმა "ფორსამ" და საკმაოდ მოულოდნელი პასუხიც მიიღო : მამაკაცების ნახევარზე მეტის, 53 პროცენტისათვის მთავარია, სატრფო მეგობრად გამოადგეს, 42 პროცენტისთვის კი დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მას ქალი ინტელექტით არ ჩამოუვარდებოდეს... არ იფიქროთ, გარეგნობას გერმანელი მამაკაცებისათვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდეს. მაგრამ მოულოდნელობას ვერც ამ შემთხვევაში გადავურჩებით: გამოკითხულთა უმეტესობაზე ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას მომხიბვლელი სახე, ან მოხდენილი ტან-ფეხი კი არ ახდენს, არამედ ლამაზი ხელები. თითები, როგორც მამაკაცების 78 პროცენტი გვირჩევს, განსაკუთრებით კარგად მოვლილი უნდა გვქონდეს ...

ძნელი სათქმელია, გამოადგებათ თუ არა გერმანელი მამაკაცების რჩევა ავღანელ ქალებს: ისინი ხომ თავიდან ფეხებამდე ტრადიციული ცისფერი მოსასხამით, ბურკით არიან შემოსილი. ცისფერი ბურკა- "Burka Blue" - ასე ეწოდება კიდეც სიმღერას, რომელსაც სამი ავღანელისაგან შემდგარი პოპ-ანსამბლი ასრულებს. ანსამბლის სამივე წევრი ქალია, უფრო სწორედ, იყო, ვინაიდან ეს ანსამბლი აღარ არსებობს. მაგრამ სჯობს, თავიდან დავიწყოთ... შარშან ოქტომბერში, გერმანული ენისა და კულტურის გამავრცელებელმა "გოეთეს ინსტიტუტმა" რამდენიმე მუსიკოსი ავღანეთში გააგზავნა იქაური მუსიკოსებისთვის დახმარების გასაწევად. მათ ავღანელი კოლეგები მუსიკალური ჩანაწერის გაკეთებაში უნდა დაეხელოვნებინათ: ლაპარაკი იყო უწინარეს ყოვლისა ავღანური ხალხური მუსიკის ჩაწერაზე. თუმცა, გერმანელ სტუმრებს როკ- და პოპმუსიკისადმი ინტერესის გაღვიძებაც სურდათ. უორკშოპებში ასამდე ავღანელმა მიიღო მონაწილეობა - მხოლოდ მამაკაცებმა. ერთ მშვენიერ დღეს კი გერმანელებმა თარჯიმან გოგონასაც შესთავაზეს ჩანაწერის გაკეთება, მას ორი მზარეული ქალიც დაემატა და სამეულმა მალე ვიდეოკლიპის გადაღება დაიწყო. დღეს ვიდეოკლიპს არაერთი ტელეკომპანია აჩვენებს - ოღონდ დასავლეთის ქვეყნებში, თვით ავღანეთში კი ბურკა ბლუ ერთხელაც არ უჩვენებიათ: თალიბანის რეჟიმი, მართალია, წარსულს ჩაბარდა, მაგრამ საზოგადოება კვლავინდებურად მიუღებლად მიიჩნევს ქალების, თუნდაც ბურკით შემოსილი ქალების ფირზე გადაღებას, მითუმეტეს მათ ცეკვას... ვიდეოკლიპის გადაღების შემდეგ პოპჯგუფი დაიშალა, მისი წევრი ქალები, რომელთა ვინაობა საჯაროდ არ გაუმხელიათ, ცხოვრების ძველ წესს დაუბრუნდნენ. დარჩა მხოლოდ ავღანურ-გერმანული პოპის პირველი ნიმუში, სიმღერა "Burka Blue" უხეირო, მაგრამ თავისუფლებაზე მეოცნებე მუსიკოსების შესრულებით...
XS
SM
MD
LG