Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტობუსის აფეთქება იერუსალიმში


სამშაბათს ბაღდადში გაეროს შტაბ-ბინის აფეთქებიდან სულ რამდენიმე საათი იყო გასული, როცა გავრცელდა ცნობა კიდევ ერთი სისხლისმღვრელი ტერაქტის შესახებ - ამჯერად იერუსალიმიდან.

როგორც უკვე ვიუწყებოდით ახალი ამბების გამოშვებებში, თვითმკვლელი მოიერიშის მიერ ავტობუსში მოწყობილმა აფეთქებამ 20-მდე ადამიანის, მათ შორის რამდენიმე ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.

აფეთქება იერუსალიმის ცენტრში მოხდა: თვითმკვლელი მოიერიშე, როგორც ვარაუდობენ, ულტრაორთოდოქს ებრაელად იყო გადაცმული და ისე შერეოდა ებრაელებს, რომლებიც გოდების კედელთან ლოცვის შემდეგ შინ, დასავლეთი იერუსალიმისაკენ ავტობუსით მიეშურებოდნენ. აფეთქების მომენტში ავტობუსი ხალხით იყო სავსე. მისი განადგურების გარდა ბომბმა მძიმედ დააზიანა კიდევ ერთი ავტობუსი: [სირენები და მაშველთა ხმა].

ეს არის ახლო აღმოსავლეთში ბოლო 3 წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი ტერაქტი, რომელსაც უმალვე მოჰყვა შედეგები სამშვიდობო პროცესისთვის. ცხადია, უარყოფითი შედეგები: ისრაელის მთავრობამ იმავე საღამოს შეაჩერა გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა პალესტინელთა ადმინისტრაციისათვის კიდევ ორი ქალაქის ჩაბარებას. გარდა ამისა, შეწყდა კონტაქტები პალესტინელთა ხელმძღვანელობასთან - "ამ საზარელი ტერაქტების გამო და იმის გამო, რომ პალესტინელებს არაფერი მოუმოქმედებიათ ექსტრემისტების შესაჩერებლად, პრემიერ-მინისტრმა შარონმა გადაწყვიტა, დროებით შეწყვიტოს ყველანაირი კონტაქტი პალესტინელებთანო," განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გიდეონ მეირმა. [მეირის ხმა] "ის, რისი მოწმეც ამ საღამოს გავხდით, პალესტინელებს ჩვევად ექცათ. როგორც კი რეგიონში ამერიკის წარმომადგენელი ჩამოვა სამშვიდობო მისიით, როგორც კი ისრაელი პალესტინელებისადმი მეგობრულ ჟესტს აკეთებს, პასუხად ვიღებთ ტერორს, სულ უფრო და უფრო მეტ ტერორს".

იერუსალიმში სამშაბათს ტერაქტის პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა ორგანიზაციებმა "ისლამურმა ჯიჰადმა" და "ჰამასმა" იკისრეს. ამასთან, ჰამასის წარმომადგენელ აბდელ აზიზ ალ-რანტისის თქმით, საქმე არ ეხება ისრაელთან დროებითი, 3-თვიანი ზავის შეწყვეტას. [ალ-რანტისის ხმა] "ვერ ვიტყოდი, რომ ზავი დამთავრებულია. ჩვენ, როგორც პალესტინელთა ეროვნული, ისლამური ორგანიზაცია, ვემხრობით ზავს მაგრამ პალესტინელთა ყველა ორგანიზაციას ნათქვამი აქვს, რომ რეაქციას მოვახდენთ ისრაელის მხრივ ნებისმიერ აგრესიაზე. რეაქციას მოვახდენთ ყოველ ტერაქტზე".

არ დააყოვნა არც პალესტინელების პრემიერ-მინისტრ მაჰმუდ აბასის რეაქციამ: აბასმა გააუქმა ჰამასის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომელიც ოთხშაბათს უნდა გამართულიყო, მანამდე კი გადაჭრით დაგმო აფეთქება იერუსალიმში. [აბასის ხმა] "ეს არის ტერორისტული აქტი, მიმართული პალესტინელი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ. უშიშროების სამინისტროს დავავალე ამ თავდასხმის გამოძიება და დამნაშავეთა წინააღმდეგ ყველა ზომის მიღება. თანავუგრძნობ იმათ ოჯახებს, ვინც ამ დანაშაულმა იმსხვერპლა".

თუ რა ზომების მიიღებაა საჭირო, ამ საკითხის განსახილველად პალესტინელთა მინისტრთა კაბინეტი ოთხშაბათს შეიკრიბა. უნდა ვივარაუდოთ, რომ მაჰმუდ აბასი შეეცდება, არ ჩაიშალოს ისრაელთან 29 ივნისიდან მოქმედი ზავი, რომელიც პალესტინელთა ექსტრემისტულმა ორგანიზაციებმა გამოაცხადეს. ეს ზავი აბასის უდიდეს მიღწევად ითვლება მას შემდეგ, რაც ის წლეულს მარტში პალესტინელთა პრემიერ-მინისტრი გახდა.
XS
SM
MD
LG