Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორიგი მუშტისკვრა პოლიტიკურ პარტიებს შორის


საქართველოში პოლიტიკური პარტიები საარჩევნო ბრძოლის მაღალი კულტურით არასოდეს გამოირჩეოდნენ. ლანძღვა-გინებით, ტალახის შესხმითა და კონკურენტი პარტიების სარეკლამო ფირნიშების განადგურებით

მრავლისმნახველ ქართველ ამომრჩეველს ვერ გააკვირვებ. თუმცა, როგორც ჩანს, არჩევნების წინ პოლიტიკოსები სიტყვიერი დაპირისპირებით შემოფარგვლას არ აპირებენ. საზოგადოებას ჯერ კიდევ კარგად ახსოვს მონარქისტული და ლეიბორისტული პარტიის აქტივისტებს შორის გამართული დაუნდობელი ჩხუბი, რომლის დროსაც ხის მასიური ჯვრები და დროშის ტარები იქნა გამოყენებული. ამჯერად თავი სხვა პარტიებმა შეირცხვინეს: "დემოკრატიული აღორძინების კავშირის" მცდელობა საკრებულოს შენობის წინ, ღია ცის ქვეშ, ბრიფინგი გაემართა, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებთან ჩხუბში გადაიზარდა. რა მოხდა "თავისუფლების" მოედანზე, ვინ ვის და რატომ ურტყამდა?

"დემოკრატიული აღორძინების კავშირისა" და "ნაციონალური მოძრაობის" სიძულვილის ისტორია დღეს და გუშინ არ დაწყებულა. დავით ბერძენიშვილისა და ასლან აბაშიძის ურთიერთობას რომ თავი დავანებოთ, ვერსად გავექცევით თბილისელი "ამღორძინებლების" სურვილს ხელმოწერების შეგროვებით დაშალონ "ნაციონალების" ყველაზე დიდი მონაპოვარი - თბილისის საკრებულო. ბრიფინგიც, რომელიც მერიის წინ, თავისუფლების მოედანზე, უნდა გამართულიყო, თავიდან ბოლომდე "ნაციონალებისა" და მათი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის, განქიქებას ეძღვნებოდა, თუმცა ამტყდარი ჩხუბისა და შეხლა-შემოხლის შემდეგ იგი ჩაიშალა.

თუ რატომ და ვინ დაიწყო ჩხუბი, ამასთან დაკავშირებით მხარეები განსხვავებულ ვერსიებს თხზავენ. ღია ცის ქვეშ ბრიფინგის გამართვის იდეის ავტორი და სულისჩამდგმელი, "აღორძინების" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ცოტნე ბაკურია ხელს "ნაციონალებისკენ" იშვერს.
[ცოტნე ბაკურიას ხმა] "...დაიწყო სააკაშვილის ექსტრემისტულმა და ფსიქიკურად შეურაცხადმა გუნდმა, რომელიც მოწოდებული იყო წინასწარ რომ ამგვარ ექსცესებს ჰქონოდა ადგილი... ჩხუბი ძალიან სერიოზული იყო. დაზიანებულია დაახლოებით ოცამდე ადამიანი იქითა მხრიდან. როგორც მე ვიცი, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ნაცემია ძალიან ბევრი". (სტილი დაცულია)

ჩხუბის დაწყების განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობენ თავად "ნაციონალები". ამასთან დაკავშირებით დეპუტატი პეტრე ცისკარიშვილი აცხადეს:
[პეტრე ცისკარიშვილის ხმა] "მოგვივარდნენ "აღორძინების" წევრები, ჩვენს ბიჭებს დანები გაუხსნეს და ასეთი რაღაც, აგრესიულად იქცეოდნენ და... არ ვიცი, მათი მიზანი იყო პროვოკაცია." (სტილი დაცულია)

მოჩხუბრების გაშველების უმადური მისია პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა იკისრა. გავეშებული პოლიტიკოსების ერთმანეთისგან დაშორიშორება გამოცდილ პოლიციელს არ გასჭირვებია და აი, რატომ:
[თემურ მღებრიშვილის ხმა] "იძიძგილავეს რა, რისი მოჩხუბრები ესენი მყვანან, კაწრავენ ერთმანეთს, ან სიგარეტს მიადებენ, ან დაპორჭყნიან ერთმანეთსა. მე კიდევ დავდევ როგორც სოფელში მკვდარს რომ მუსიკოსები მისდევენ ხოლმე, ხან ერთ პარტიას, ხან მეორე პარტიას... ნუ, რა არის ეს, ვერ გავიგე მე." (სტილი დაცულია)

არჩევნებამდე ორი თვით ადრე პოლიტიკური პარტიები ერთმანეთზე იწევენ. რა იქნება ორი თვის შემდეგ, უშუალოდ არჩევნების ზღურბლზე? საეჭვოა, საარჩევნო ჟინს აყოლილი პოლიტიკოსების არსენალი - ფრჩხილები და სიგარეტის გაღვივებული ნამწვი - გაცილებით სერიოზული იარაღით არ შეივსოს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG