Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში შეიპყრეს "ქიმიური ალი"


ხუთშაბათს გავრცელდა ცნობა სადამ ჰუსეინის ბიძაშვილის, ალი ჰასან ალ-მაჯიდის, იგივე "ქიმიური ალის" შეპყრობის შესახებ.

ვინ არის ეს ადამიანი და რა მოელის მას? ამ შეკითხვებზე პასუხის მოძებნას შეეცადა ჩვენი რადიოს კორესპონდენტი, ჩარლზ რეკნაგელი.

"ქიმიური ალი"- ეს ზედმეტსახელი ერაყის რეჟიმის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წარმომადგენელს ერაყშივე შეარქვეს. ეს მოხდა 1988 წელს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ. სადამ ჰუსეინმა მაშინ ალი ჰასან ალ-მაჯიდს დაავალა, გასწორებოდა ერაყელ ქურთებს, რომლებმაც ერაყისა და ირანის ომის დროს ავტონომიისათვის გაიბრძოლეს. მაჯიდმა შეასრულა ეს დავალება: მან განახორციელა ოპერაცია "ანფალი", რაც არაბულ ენაზე "ომის ნადავლს" ნიშნავს და ჩრდილოეთ ერაყში, რომ იტყვიან, მუსრი გაავლო მეამბოხეებს. ეს იყო ძარცვა-გლეჯისა და მკვლელობის ნამდვილი ორგია, რომელმაც ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაცია "ჰიუმან რაითს უოჩის" ხელთ არსებული ინფორმაციით, 1990 წლამდე გასტანა.

როგორც ჰიუმან რაითს უოჩის პრესმდივანი უმრი შაჰი ამბობს, [უმრი შაჰის ხმა] "ჰიუმან რაითს უოჩს" აღრიცხული აქვს ალ-მაჯიდის ნამოქმედარი ადამიანის უფლებების ხელყოფის მხრივ. ალ-მაჯიდი უძღვებოდა 1988 წელს გენოციდის რანგის კამპანიას, რომლის შედეგი იყო 100 000-მდე ქურთის დახოცვა და გაუჩინარება. "ჰიუმან რაითს უოჩს" ხელი მიუწვდებოდა დოკუმენტებზე, რომლებიც 18 ტონას იწონის და რომლებიც შევისწავლეთ. ისინი დაწვრილებით ინფორმაციას იძლევა იმ პერიოდში გაუჩინარების, მკვლელობის შემთხვევებზე".

1988 წლის მარტში ქურთების ქალაქ ჰალაბჯაში 5 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა იარაღად ქიმიური გაზის გამოყენებამ. ამით ალ-მაჯიდმა შეასრულა მანამდე ერთი წლით ადრე დადებული პირობა: "მაგათ ყველას ქიმიური იარაღით დავხოცავ! ვინ რას მეტყვის, საერთაშორისო თანამეგობრობაო?" - ალ-მაჯიდის ეს მუქარა ფირზე იყო ჩაწერილი.

"ქიმიური ალის" არც თუ სახარბიელო რეპუტაცია კიდევ უფრო გაამყარა 1991 წელს სპარსეთის ყურის ომის ბოლოს მომხდარმა ამბებმა. მაშინ, აშშ-ის გარშემო შემოკრებილი კოალიციის მიერ ერაყის ჯარებისაგან ქუვეითის გათავისუფლების შემდეგ სამხრეთ ერაყში მოსახლეობის უმრავლესობის შემადგენელი შიიტების ამბოხებამ იფეთქა და მისი ჩახშობა სადამ ჰუსეინმა ისევ ბიძაშვილს, ალი ჰასან ალ-მაჯიდს დაავალა. ქიმიურმა ალიმ კი კიდევ ერთხელ წამოიწყო ხოცვა-ჟლეტა. დღემდე არავინ უწყის, რამდენი შიიტი მოკლეს სამხრეთ ერაყში, მაგრამ ვარაუდობენ, რომ დაიღუპა ათი ათასობით ადამიანი. არსებობს ვიდეოჩანაწერები, რომლებიც აჩვენებს, როგორ ხოცავს ტყვეებს თავად "ქიმიური ალი"...

ასე, რომ ამერიკელები და მათი მოკავშირეები წელს მარტში ერაყის ტერიტორიაზე შეჭრისას დიდი საფრთხის წინაშე იდგნენ -სადამ ჰუსეინს სისასტიკით სახელგანთქმული ბიძაშვილი ჰყავდა დანიშნული სამხრეთის ფრონტის სარდლად, რის გამოც ბევრი შიშობდა, რომ კოალიციის ჯარების წინააღმდეგ მომწავლელ გაზს გამოიყენებდნენ. საბედნიეროდ, ეს არ მომხდარა...

ხუთშაბათს, როცა გავრცელდა ცნობა "ქიმიური ალის" დაპატიმრების შესახებ, ამერიკელ სამხედროებს არ დაუზუსტებიათ, სად შეიპყრეს ის. ის კი ითქვა, რომ ალ-მაჯიდი, სავარაუდოდ, გარკვეულ როლს ასრულებდა ერაყის ამჟამინდელი ოკუპაციის წინააღმდეგ სადამ ჰუსეინის ერთგულ მიმდევართა წინააღმდეგობის ორგანიზებაში.

ასეა თუ ისე, ქიმიური ალის ძველი ცოდვებიც საკმარია საიმისოდ, რომ მას სასამართლო პროცესი მოუწყონ. ოღონდ სად და ვის მიერ გაიმართება ეს პროცესი - ჯერ არ გარკვეულა.

დაბოლოს, კიდევ ერთ მოვლენას გავიხსენებთ: დაკვირვებულ მსმენელს შესაძლოა, არ გამორჩენია მხედველობიდან, რომ რამდენიმე თვის წინ, აპრილში გავრცელდა ცნობა "ქიმიური ალის" დაღუპვის შესახებ. მაშინ ვარაუდობდნენ, რომ სამხრეთში ერაყის ჯარების სარდლის სიცოცხლე შეიწირა დასავლელი მოკავშირეების მიერ ქალაქ ბასრის ცენტრზე განხორციელებულმა თავდასხმამ. მხოლოდ ახლა გაირკვა, რომ მაშინდელი ვარაუდი სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.
XS
SM
MD
LG