Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლებამ სვანეთში ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩატარება დაგეგმა


საქართველოს ხელისუფლებას, როგორც იქნა, გაახსენდა, რომ ქვეყნის უმშვენიერეს კუთხეში, სვანეთში, კანონი არ კანონობს და იქ არსებული რთული კრიმინოგენული ვითარება საქმეში სერიოზულ ჩარევას ითხოვს.

სვანეთის თემა საქართველოს მთავრობის სხდომაზე თავად პრეზიდენტმა წამოსწია, სვანეთში წესრიგის დასამყარებლად მან იქ დესანტის გადასხმაც კი მოითხოვა. პრეზიდენტის მოთხოვნას სამართალდამცავების სწრაფი რეაგირება მოჰყვა. მათ უკვე შეიმუშავეს სვანეთში კომპლექსური ღონისძიებების გატარების გეგმა. მესტიის რაიონში შექმნილ მძიმე კრიმინალურ მდგომარეობაზე იყო მსჯელობა პარასკევს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე. რატომ მოექცა სვანეთი ხელისუფლების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში და რა ღონისძიებების ჩატარება იგეგმება იქ?

ვერავინ იტყვის, რომ სვანეთში ანტიკრიმინალური ღონისძიების ჩატარება უადგილოდ დაიგეგმა. ვერავინ იტყვის, რომ სამართალდამცავებს იქ შესასვლელად მიზეზი არა აქვთ. ყველამ და, მათ შორის, პირველ რიგში, ხელისუფლებამ დიდი ხანია იცის, რომ საქართველოს ეს ურთულესი მთიანი რეგიონი საკუთარი კანონებით ცხოვრობს და იქაურები სისხლის სამართლის დამნაშავეთა დეფიციტს არა, მაგრამ მოსამართლის და ადვოკატის დეფიციტს კი უჩივიან. სვანეთში მოსამართლე და ადვოკატი არ ჰყავთ. იქ ძალზედ სუსტია პროკურატურის და პოლიციის სამსახურებიც, სამაგიეროდ, იქ არის იარაღი და უპრობლემოდ მოქმედებენ დამნაშავეები. მათი თარეშის პირობებში სვანეთის გზებზე მოძრაობა არათუ ტურისტებისთვის, ადგილობრივებისთვისაც საშიში გახდა. აქედან გამომდინარე, ცენტრალურ ხელისუფლებას სვანეთი და მისი პრობლემები, წესით, აქამდეც უნდა გახსენებოდა და, რადგან ამ მიმართულებით ყურადღების გამოვლენა დაგვიანდა, საფიქრებელია, რომ სვანეთში წლების მანძილზე დაგროვილ პრობლემებზე რეაგირების დრო ენერგეტიკის სექტორში მომხდარმა ცვლილებებმა მოიტანა. როგორც ჩანს, მაინცდამაინც "რაოიესი" უნდა შემოსულიყო, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის, "კავკასიონის", დაცვა მოენდომებინა. მარტო მიმდინარე წელს ეს ხაზი ათჯერ იქნა გამოყვანილი მწყობრიდან. ამის ჩამდენებმა ელექტროგადამცემი ხაზის უსაფრთხოებისთვის სახელმწიფოს 100000 დოლარიც მოსთხოვეს. როგორ და რამდენად დაიძლევა ეს პრობლემა და, საერთოდ, კრიმინოგენული თვალსაზრისით დამძიმებული რეალობა სვანეთში, ახლა უკვე სამართალდამცავების მიერ შემუშავებული გეგმის რეალიზაციაზეა დამოკიდებული. ის უკვე არსებობს, თუმცა, პრეზიდენტის ამასწინანდელი მითითების შესაბამისად, სვანეთში დესანტის გადასხმას არ ითვალისწინებს. როგორც პარასკევს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომიდან გამოსულმა მესტიის რაიონის გამგებელმა ერეკლე ჯაფარიძემ გვითხრა :

[ერეკლე ჯაფარიძის ხმა] " უშიშროების საბჭოს სპეცოპერაციის გადაწყვეტილება არ მიუღია. იმსჯელეს სვანეთში არსებულ კრიმინალურ ვითარებაზე, რომელიც იმდენად მძიმეა, რომ უკვე ეკონომიკაზეც აისახება. მიზანმიმართული მუშაობაა საჭირო, როგორც იდეოლოგიური მხრიდან, ისე ძალისმიერი პოზიციებიდან. ეს ყველაფერი ძალიან გონივრულად უნდა მოხდეს."

ლაპარაკია სვანეთში კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ "წერტილოვანი" ღონისძიებების გატარებაზე. ამ ღონისძიებებს კი ზედამხედველობა ადგილობრივი ადმინისტრაციისა და საზოგადოების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა ჯგუფმა უნდა გაუწიოს. ზუსტად როდის ამუშავდება სვანეთის მიმართულებით შემუშავებული გეგმა, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ხელისუფლების მიზნები ამჯერადაც წინასწარ არის გაცხადებული და დამნაშავეებს შესაბამისი ზომების მიღებისათვის დრო რჩებათ. სვანეთში ადრე დაშვებული შეცდომების კარგად გააზრებისთვის დრო ხელისუფლებასაც რჩება. ბოლო ათწლეულის მანძილზე სვანეთში ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩატარება მან ორჯერ სცადა, ორჯერვე უშედეგოდ, მაგრამ უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლის ფასად.
XS
SM
MD
LG