Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობა ფინანსთა სამინისტროში გასატარებელი მორიგი ექსპერიმენტის მოლოდინში


საქართველოს მთავრობამ ფინანსთა სამინისტროში მორიგი ექსპერიმენტის განხორციელება დაგეგმა. მთავრობაში უკვე მიმდინარეობს მუშაობა პროექტზე, რომელიც საბაჟო დეპარტამენტისა და

საგადასახადო დეპარტამენტებისთვის ოპერატიული ფუნქციების მინიჭებას და მათი ხელმძღვანელების უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს. საუბარი არ არის საბაჟოსა და საგადასახადოს ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებიდან გამოსვლაზე, თუმცა საქმე ამ უწყებათა ხელმძღვანელებისთვის მთავრობის წევრის მსგავსი სტატუსის მინიჭებას ეხება. გამოდის, მათ არაფორმალურად სახელმწიფო მინისტრის დაქვემდებარებაში გადაყვანას უპირებენ.
რატომ გახდა საჭირო ასეთი ექსპერიმენტი?

მოლოდინი იმისა, რომ 2003 წლის ბიუჯეტის სეკვესტრამდე მიყვანისა და პარლამენტში სეკვესტრის შესახებ პროექტის ჩავარდნის გამო ჯოხი ფინანსთა მინისტრზე გადატყდებოდა, არ გამართლდა. პრეზიდენტმა შევარდნაძემ ორშაბათს დაადასტურა, რომ ის მირიან გოგიაშვილის თანამდებობიდან გადაყენების მომხრე არ არის. მთავრობის მეთაურს მოცემულ ეტაპზე მინისტრის შემცვლელის მოძებნა არ სურს. ერთი მხრივ, იმიტომ რომ სავარაუდო შემცვლელის მოძებნა გაუჭირდებოდა, მეორე მხრივ - იმის გათვალისწინებით, რომ ფინანსთა მინისტრების ცვლით საქართველოში საბიუჯეტო პრობლემების სიმძიმე არ შეცვლილა. ედუარდ შევარდნაძემ 25 აგვისტოს ტრადიციულ ბრიფინგზე გოგიაშვილის საკითხს ნათელი მოჰფინა. თქვა, რომ ის ახალგაზრდა კაცია, ახლა სწავლობს და უნდა ვაცალოთ, რადგან აუცილებად ისწავლის. სხვა საკითხია, გაუადვილებს თუ, პირიქით, გაურთულებს ახალგაზრდა მინისტრს სწავლის პროცესს გეგმა, რომლის განხორციელებასაც მთავრობა აპირებს. ვგულისხმობთ ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საბაჟო და საგადასახადო დეპარტამენტებისთვის ოპერატიული ფუნქციების მინიჭებისა და მათი ხელმძღვანელების უფლებამოსილების მთავრობის წევრის უფლებამოსილებამდე აყვანის გეგმას. სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გიორგი ისაკაძე ამ გეგმის უპირატესობის ხაზგასასმელად რამდენიმე წლის წინანდელ სტატისტიკურ მონაცემებს იხსენებს და ამბობს, რომ 97-98 წლებში - მაშინ, როცა საბაჟოს ანტიკონტრაბანდული ფუნქციები ჰქონდა, საგადასახადოს კი - ოპერატიული, საბიუჯეტო მონაცემები გაცილებით უკეთესი იყო. ამ უწყებების ფინანსთა სამინისტროში გაერთიანების შემდეგ ეს ფუნქციები სამართალდამცავებსა და საგანგებო ლეგიონს შორის გადანაწილდა.
საქართველოს მთავრობა ძველი ცვლილების გამო უკმაყოფილებას დღეს გამოთქვამს. იქ დაახლოებით 2 დღეში დაასრულებენ მუშაობას პროექტზე, რომელმაც საგადასახადო და საბაჟო სამსახურებს ძველი ფუნქციები უნდა აღუდგინოს, მათი ხელმძღვანელი პირები კი უშუალოდ სახელმწიფო მინისტრის წინაშე უნდა გახადოს პასუხისმგებელი.

[გიორგი ისკაძის ხმა] "იმავდროულად, ფინანსთა სამინისტროც გაამართლებს თავის ვალდებულებას - გარდა შემოსავლებისა, ეს არის უამრავი სხვა ვალდებულება - და ის ფისკალურ პოლიტიკაზე გახდება პასუხისმგებელი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ფისკალური სააგენტოები გამოდის მისი დაქვემდებარებიდან."

გიორგი ისაკაძე არ აკონკრეტებს, ფინანსთა სამინისტროში გასატარებელ ახალ სტრუქტურულ ცვლილებებს ამ უწყების დაქვემდებარებაში მყოფი რომელი სამსახურის ლიკვიდაცია ან რომელი სამსახურების გამსხვილება მოჰყვება. თუმცა ადასტურებს, რომ ასეთი რამ იგეგმება, ვინაიდან ფინანსთა სამინისტროს შიგნით მართლაც არის ისეთი სამსახურები, რომელთა ფუნქციაც გასარკვევია.
XS
SM
MD
LG