Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იქცევა თუ არა ძალადობა წინასაარჩევნო პერიოდის შემადგენელ ნაწილად


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ახალი საარჩევნო კოდექსისა და ახალი შემადგენლობის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოლის პირობებშიც კი, არავინ იძლევა გარანტიებს, რომ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში

მშვიდ ვითარებაში ჩაივლის. მით უფრო მაშინ, როცა პოლიტიკურ პარტიებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები სულ უფრო ხშირდება, ისევე როგორც განცხადებები წინასაარჩევნოდ სამოქალაქო ომის ინსპირირების მცდელობათა შესახებ. იქცევა თუ არა ძლადობა წინასაარჩევნო პერიოდის შემადგენელ ნაწილად?

ლეიბორისტული პარტია საგანგაშო განცხადებას აკეთებს: ლეიბორისტული პარტიის საინფორმაციო დეპარტამენტის უფროსის გელა დანელიას განცხადებით, ჩაფიქრებულია პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის ლიკვიდაცია:
[ გელა დანელიას ხმა] "ცდილობენ ლეიბორისტული პარტიის ლიდერის ლიკვიდაციას. ხდება ინსპირირება სამოქალაქო ომისა და პირველი, ვინც ჰყავთ მიზანში, არის იმ ერთადერთი ძალის ლიდერი, რომელიც, ფაქტიურად, დღეს პოლიტიკურ ორბიტაზე წარმოადგენს ერთადერთ ოპოზიციურ ძალას."[სტილი დაცულია]
ამ განცხადების მიზეზად იქცა შაბათ საღამოს შალვა ნათელაშვილის სახლთან პარტიის ლიდერის მძღოლსა და პირადი დაცვის წევრზე მომხდარი თავდასხმა. ლეიბორისტების განცხადებით, თავდამსხმელი საქართველოს უშიშროების მინისტრის ერთ-ერთი მოადგილისა და, პარალელურად, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ნათესავი გახლდათ, რომელიც თავდაცვის სამინისტროში მსახურობს.
აქვე შეგახსენებთ, რომ ლეიბორისტების ცენტრალურ ოფისზე აგვისტოს დასაწყისში განხორციელებული თავდასხმის გამო, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება სამი პიროვნება. დაშავებული ლეიბორისტები კი ჯერაც საავადმყოფოში იშუშებენ მასობრივი მუშტი-კრივისას მიღებულ იარებს.
საქართველოში ჩამოყალიბებული ტრადიციიდან გამომდინარე, სავსებით რეალურია, წინასაარჩევნოდ პარტიებს ნერვებმა უმტყუნოთ და ერთმანეთს, არგუმენტების ნაცვლად, მუშტი დაუპირისპირონ. ამის დასადასტურებლად საკმარისია თუნდაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში არაერთხელ გამართული ცემა-ტყეპის გახსენება, რაც, საუკეთესო შემთხვევაში, მოჩხუბარი პარლამენტარის მხრიდან ბოდიშის მოხდით დამთავრებულა. იყო სხვა შემთხვევებიც. მაგალითად, პარლამენტის ვიცე-სპიკერის ვახტანგ რჩეულიშვილისთვის ასევე პარლამენტის შენობაში თავის გატეხის ფაქტს დღემდე იძიებს პროკურატურა, მაგრამ დადგენა იმისა, თუ ვინ ესროლა სოციალისტთა ლიდერს თავში საფერფლე, ძალიან გაჭირდა.
ასევე, დღემდე დაუდგენელია, რა მოხდა რეალურად 3 თებერვალს, როცა ახალი მემარჯვენეების ოფისში შეჭრილმა ადამიანებმა იქაურობა დაარბიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს იქ მყოფებს. თავად მემარჯვენეები მაშინ აცხადებდნენ, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის დასაშინებლად ორგანიზებული აქტი იყო. ხელისუფლება - კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრი - ყველაფერს თავად პარტიის შიგნით მომხდარი დაპირისპირებით ხსნიდა: როგორც გახსოვთ, სწორედ იმ დროს ახალი მემარჯვენეების რიგები დატოვა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბათიაშვილმა. ერთი წლით ადრე, 2001 წლის ივნისში, სწორედ ირაკლი ბათიაშვილი ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი პოპულარული სახის - პოპვარსკვლავ "უცნობის" - მანქანის აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაციას აძლევდა:
[ ირაკლი ბათიაშვილის ხმა] " ეს არის ძალიან საგანგაშო მოვლენა. ყველა თავისი ნიშნით ატარებს ტერორისტული აქტის ხასიათს, რომელსაც წინ უძღოდა მუქარები."
"უცნობის" მანქანის ამფეთქებლების ვინაობა დაუდგენელია, ისევე როგორც დაუდგენელია, რამდენად შეესაბამება სიმართლეს განცხადებები, თითქოს ყველა პოლიტიკურ პარტიას შეიარაღებული რაზმი ჰყავს. წელს, თებერვალში, ფრაქცია მოქალაქეთა კავშირის თვმჯდომარე ვიტალი ხაზარაძე აცხადებდა:
[ ვიტალი ხაზარაძის ხმა] "უკვე დავიღალეთ ყველა და დაიღალა საზოგადოებაც. საზოგადოებაში ითესება შიში იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰყავს უკანონო რაზმები."
და თუ ასეთი უკანონო რაზმები მართლაც არსებობს, წინასაარჩევნოდ, უეჭველია, ძალადობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა.
XS
SM
MD
LG