Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერიის თავზე კვლავ ხუთჯვრიანი დროშა ფრიალებს


აბსურდის სპექტაკლების დადგმა რომ ქართველი პოლიტიკოსების მოწოდებაა, ამაში ადვილად დარწმუნდებოდნენ ის თბილისელები, რომლებიც, შემთხვევის წყალობით, 27 აგვისტოს დილით

"თავისუფლების მოედანზე" მოხვდნენ. საქმე ის არის, რომ დაახლოებით ათ საათსა და თხუთმეტ წუთზე იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურმა, მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს მიერ გამოწერილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, თბილისის მერიის შენობის სახურავიდან ხუთჯვრიანი დროშები ჩამოხსნა. მომხდარის აბსურდულობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ამ შემთხვევიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მერიის თავზე კვლავ ხუთჯვრიანი დროშები ფრიალებდა. ვინ, რატომ და რა წარმატებებით ებრძვის მერიის თავზე მოფრიალე დროშებს?

[გურამ შარაძის ხმა] "სამოცდაათწლიანი სააკაშვილის ბატონობის შემდეგ დავამხეთ და ჩამოვაგდეთ სააკაშვილის ანტიმართლმადიდებლური, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული დროშა".( სტილი დაცულია)

ეს გურამ შარაძეა, სარჩელის ავტორი და დეპუტატი, რომელიც მერიის შენობიდან საკრებულოს ერსულოვანი გადაწყვეტილებით აღმართული ხუთჯვრიანი დროშების ჩამოღებას ზეიმობს.

[დავით მუსხელიშვილის ხმა] "სისულელე! ეგ არის აბსოლუტური სისულელე, უვიცობაა! მეტი რა გითხრათ ახლა."

ეს კი საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი დავით მუსხელიშვილია, რომელსაც მერიის თავზე აღმართული დროშის ანტიმართლმადიდებლობასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ვთხოვე. ჩემს კითხვას, უნდა ამაყობდნენ თუ არა თბილისელები იმ დროშით, რომელიც დღესდღეობით მერიის შენობის თავზე ფრიალებს, სახელოვანი მეცნიერის ასეთი პასუხი მოჰყვა:

[დავით მუსხელიშვილის ხმა] "რას ჰქვია "საამაყოა", კაცო! ეს არის დროშა, რომელიც... ყოველ შემთხვევაში, აი, მეცამეტე-მეთოთხმეტე საუკუნეებში დოკუმენტურად არის დამოწმებული, რომ ეს არის საქართველოს სახელმწიფო დროშა."

ცხადია, ქართველ პოლიტიკოსებს - მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში - ნაკლებად აინტერესებთ მეცნიერული წვრილმანები. მათ ჭეშმარიტებაზე მეტად ამომრჩევლის მოზიდვა და, აქედან გამომდინარე, პატარ-პატარა გამარჯვებები სჭირდებათ. ამიტომაც უპრიანი იქნება, თუკი მერიის შენობის სახურავზე 27 აგვისტოს დილით გათამაშებულ ცოტათი აბსურდულ, ცოტათი კომიკურ სცენასაც წინასაარჩევნო ჭრილში განვიხილავთ.

მაინც ვის დარჩა თუნდაც ლოკალური, მაგრამ მაინც გამარჯვება - გურამ შარაძეს, რომლის სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა, თუ "ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც დროშების ნაკლებობას არ უჩივის?

დავიწყოთ იმით, რომ იუსტიციის სამინისტრომ აღასრულა რა სასამართლოს დადგენილება, რის შესაბამის ოქმს ხელი კრედიტორმა, ანუ გურამ შარაძემაც, მოაწერა, ფაქტობრივად, ხელები დაიბანა. ანუ მერიის თავზე მოფრიალე ხუთჯვრიანი დროშის ხელახლა ჩამოხსნისათვის დეპუტატს სასამართლოს ახალი დადგენილება სჭირდება. აი, რა განაცხადა ჩემთან საუბარში ამასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი წკრიალაშვილმა:
[გიორგი წკრიალაშვილის ხმა] "აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება გახლავთ ერთჯერადი, ისევე როგორც ბინიდან გამოსახლება, ხომ, სასამართლო როდესაც ავალებს. ანუ მას შემდეგ, რაც ის აღსრულდება, მისი განმეორებითი აღსრულება უკვე დაუშვებელია სასამართლოს შესაბამისი მითითების გარეშე, ანუ ეს ეხლა უკვე დღეს აღმართული დროშების საკითხი იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციას სცდება." (სტილი დაცულია)

დროშის ჩამოხსნამ და მისმა ხელახლა აღმართვამ საკრებულოს "ნაციონალი" წევრი გიორგი არველაძე კიდევ უფრო თამამი და რადიკალური გახადა.
[გიორგი არველაძის ხმა] "რაც შეეხება თვითონ ამ დროშებს, ისინი, რა თქმა უნდა, აღმართულია ამ წუთისათვის და ისინი იფრიალებენ ამ შენობის თავზეც და ძალიან მალე, იმედია, აფრიალდებიან სახელმწიფო კანცელარიის თავზე". (სტილი დაცულია)

თუმცა ბოლომდე წაგებული არც გურამ შარაძე უნდა იყოს. მას წინასაარჩევნო ჩვენებების მოსაწყობად ახალი თემის მოძებნა არ დასჭირდება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG