Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების წინ თბილისი ბუნებრივი აირის გარეშე რჩება


არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, როგორც წესი, ხელისუფლება მოსახლეობაზე ზრუნვას იწყებს ხოლმე, რაც, პირველ რიგში, დენისა და ბუნებრივი აირის მიწოდების გაუმჯობესებას გულისხმობს.

წლევანდელი არჩევნები, როგორც ჩანს, ამ მხრივაც გამონაკლისი იქნება. ჯერ იყო და "თელასმა" თავის აბონენტებს შუა ზაფხულში დენის მიწოდების მკაცრი გრაფიკი დაუწესა. სულ ახლახან კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ 29 აგვისტოდან, შესაძლოა, თბილისი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩეს. რამდენად რეალურია გაზის გათიშვის საფრთხე, რა არის მიზეზი და რას ფიქრობს ყოველივე ამის შესახებ ხალხი, რომელიც არჩევნების წინ ხელისუფლების მხრიდან მეტ პატივისცემას არის ნაჩვევი?

იგორ მაკაროვი საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიის, "იტერას", პრეზიდენტია. "თბილგაზმაც" განგაშის ზარები მის მიერ გამოგზავნილი ტელეფონოგრამის მიღების შემეგ დაარისხა. "იტერას" პრეზიდენტი "თბილგაზისაგან" ივლისის თვის დავალიანების, 708 ათასი დოლარის, გადახდას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნათქვამია მოსკოვიდან მიღებულ უსტარში, დედაქალაქს 29 აგვისტოდან ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება.

რა კეთდება საიმისოდ, რომ მოვლენები ამგვარი სავალალო სცენარით არ განვითარდეს? ამ კითხვით "თბილგაზის" ტექნიკურ დირექტორს თენგიზ არშილავას მივმართე.

[თენგიზ არშილავას ხმა] "მე რამდენადაც საქმის კურსში ვარ, იყო სიტყვიერი მოლაპარაკება მოსკოვთან. შევთანხმდით, რომ სადღაც სექტემბრის 10 რიცხვამდე ამ ძველ დავალიანებას დავფარავთ. ასე რომ, გაზი არ შეწყდება."

ის, რომ "თბილგაზის" ხელმძღვანელობა დავალიანების გადახდის მიზნით რაღაცას აკეთებს, ყურმოკვრით "იტერას" საქართველოს წარმომადგენლობაშიც სმენიათ. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თემურ გაჯიევის თქმით, "თბილგაზმა" "იტერასთან" გაფორმებული ხელშეკრულების თითქმის ყველა პირობა დაარღვია, თუმცა, თანხის გადახდის ან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, დედაქალაქს, შესაძლოა, გაზის მიწოდება არ შეუწყდეს.

[თემურ გაჯიევის ხმა] "თუ პრინციპში არაფერი არ შეიცვალა, ხვალ ვნახოთ. დღეს დასვენებაა. ხვალ თუ გარანტია წარადგინეს, შეიძლება ეშველოს რამე, თუ არადა, ალბათ, მიიღებენ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ წერილი მოსულია."(სტილი დაცულია)

უნდა ითქვას, რომ საქართველოში ბუნებრივი აირის გათიშვას რატომღაც ყოველთვის პოლიტიკას უკავშირებდნენ. ეს ეჭვები არჩევნების წინ კიდევ უფრო მძაფრდება. თუმცა თემურ გაჯიევი "იტერას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ კომერციული მოსაზრებებით ხსნის.

[თემურ გაჯიევის ხმა] "იტერა" ამით ამტკიცებს, რომ არის, მართლაც, კომერციული, დამოუკიდებელი კერძო კომპანია და, მართლაც, კომერციული თვალსაზრისით მოქმედებს ყველაფერში."

"იტერას" წარმომადგენლისაგან განსხვავებით, გაზის მოსალოდნელ გათიშვას რიგითი თბილისელები პოლიტიკასა და არჩევნებს უკავშირებენ.

[ქალის ხმა] "თითქოს დამთხვევა არის: არჩევნები ახლოვდება და გაზი არ არის, ან უცბათ სინათლე არ არის, ან უცბათ წყალი არ არის. რაღაცაშია საქმე". (სტილი დაცულია)

[მამაკაცის ხმა] "მოკლედ გეტყვი, რა: ყველაფერი "მოქალაქეთა კავშირის" პარტიისა და შევარდნაძის ბრალია. ...უთაურობით კი არა, მამაძაღლობითა და ეშმაკობით მოსდის. თავიანთ ჯიბეში რომ ფული ჩაიდონ, აი, ამით მოსდით ყველაფერი. ყველა არის ეშმაკი და აფერისტი."[სტილი დაცულია]

და მაინც, რა არის საჭირო იმისათვის, რომ დედაქალაქს ბუნებრივი აირის მოწოდება არ შეუწყდეს? თემურ გაჯიევს მოუსმინეთ:

[თემურ გაჯიევის ხმა] "ჩვენ გვინდა საფასური, მორჩა. გაზი მოგეცი? გავიდა ყველანაირი ვადა, არის დაგვიანებული, დარღვეული და ამიტომ კეთდება ეს." (სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG