Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რის ხარჯზე იზრდება პროდუქციის რაოდენობა აღმოსავლეთ ევროპაში?


როგორც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშით ირკვევა, ბოლო ათწლეულის მაჩვენებლით, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში პროდუქციის წარმოების დონე იზრდება და, შესაბამისად,

დასავლეთი ევროპის ქვეყნებთან მიმართებაში, ამ თვალსაზრისით, ნელ-ნელ მცირდება სხვაობა. თუმცა, აღმოსავლეთი ევროპის პროდუქცია კვლავაც ვერ უწევს კონკურენციას დასავლურ ნაწარმს.
ამ პრობლემის შესახებ კობა ლიკლიკაძე გვესაუბრება.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ თავის კვლევის ობიექტად ეგრეთ წოდებული "გარდამავალი დემოკრატიების" ქვეყნები - სლოვაკეთი, პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, რუსეთი და სლოვენია შეარჩია. როგორც ამ ორგანიზაციის წლიური ანგარიშის ავტორმა დოროთეა შმიდტმა ჩვენს კორესპონდენტს კეთლინ ნოქსს უთხრა, ეს ქვეყნები პროდუქციის ყოველწლიური ზრდის საშუალო მაჩვენებლით ევროკავშირის ქვეყნებსაც აღემატებიან.

[დოროთეა შმიდტის ხმა] "ყველაზე დიდი ზრდა ბოლო რვა წლის განმავლობაში პოლონეთში შეიმჩნევა. ეს მართებულია როგორც თითოეული მშრომელის პროდუქტიულობის, ისე საათობრივი შრომის ნაყოფიერების თვალსაზრისით. საერთო ჯამში, პოლონეთში წელიწადში 5 პროცენტიანი ზრდაა სახეზე, რაც, მართლაც, განსაცვიფრებელია. საგრძნობი ზრდაა სლოვაკეთში, - დაახლოებით 4 პროცენტამდე. ჩეხეთის რესპუბლიკაში ეს მაჩვენებელი 2 პროცენტს აღწევს. მაგრამ ეს ციფრიც კი საშუალოდ 2-ჯერ აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს."


მაგრამ რის ხარჯზე ხდება ეს მატება?
თუ ანგარიშში მოცემულ სურათს ვენდობით, ცენტრალური ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მუშებს უფრო ხანგრძლივი სამუშაო დღე აქვთ: სლოვაკეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში წელიწადში 2000 საათს მუშაობენ, მაშინ, როცა, შედარებისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იაპონიაში ეს მაჩვენებელი თითოეულ მშრომელზე წელიწადში 1850 საათს უდრის.
თანაც, სხვაობა თვალშისაცემია შრომის ეფექტიანობის მხრივაც.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ზემოხსენებული ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ პოლონელი მუშა ერთი საათის განმავლობაში იმ მატერიალური ფასეულობის მხოლოდ ერთ მესამედს აწარმოებს, რასაც შესაბამისი სამუშაო დროის განმავლობაში გერმანელი მშრომელი.

ცერნტრალური ევროპის ეკონომიკის ექსპერტი პეტერ ჰალვიკი ადასტურებს, რომ შრომის ნაყოფიერება და პროდუქციის წარმოება აღმოსავლეთი ევროპის რეგიონში, ევროპის კავშირის საშუალო მაჩვენებლის ნახევარსაც ვერ უტოლდება. თუმცა ჰალვიკი ამბობს, რომ დაწევის ტემპი თვალშისაცემად იზრდება, რასაც უცხოური ინვესტიციების ზრდა განაპირობებს.

[პეტერ ჰალვიკის ხმა] "ამის კარგი მაგალითია საავტომობილო ან ელექტროხელსაწყოების ზოგიერთი ქარხანა, რომელთა რესტქრუქტურიზება დასავლელმა ინვესტორებმა განახორციელეს. ვთქვათ, შკოდა, ჩეხეთის რესპუბლიკაში, ოპელი - უნგრეთში და ფოლსკვაგენი - სლოვაკეთში. ყველა ამ ქარხნის პროდუქტიულობის დონე შეესატყვისება ანალოგიური საწარმოების მაჩვენებელს ავსტრიასა და გერმანიაში."

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და სამუშაო ძალის გადამზადება ეხმარება აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებს აამაღლონ პროდუქციის დონე.


კობა ლიკლიკაძის მონათხრობის კონტექსტში შეგვიძლია გავიხსენოთ ირლანდიის მაგალითიც, - ირლანდია, რომელიც 15 წლის წინ, არაპროდუქტიულ აგრარულ ქვეყნიდან, ევროპის წამყვან მწარმოებელ სახელმწიფოდ იქცა. და მაინც, ბევრი ექსპერტი კვლავაც დარწმუნებულია, რომ აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს ათწლეულები დასჭირდება, რათა წარმოების დონით დასავლეთ ევროპას დაეწიოს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG