Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირის მიმოხილვა


გასული კვირა საქართველოში პოლიტიკური თვალსაზისით უდავოდ საინტერესო იყო.

გასული კვირის მანძილზე მეტ-ნაკლებად გამოიკვეთა წინასაარჩევნო პოლიტიკური დაჯგუფებების კონტურები, გამოიკვეთა ისიც, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას გაამაგრებს ფინანსურად კაცი, რომელიც საქართველოში ძებნილის სტატუსით, დიდი კაპიტალით ჩამოვიდა და ქვეყნის შენებაზე პრეტენზია ამას წინათ ურეკში "იმედის" ქალაქის მშენებლობის გახსნისას განაცხადა. დიახ, ბერეზოვსკის მარჯვენა ხელად ცნობილმა ქართველმა ოლიგარქმა ბადი პატარკაციშვილმა კარტები გახსნა და შაბათს, სახელმწიფო კანცელარიაში სტუმრობით აჩვენა, რომ არჩევანი სახელისუფლებო ბლოკზე გააკეთა. პატარკაციშვილი კანცელარიას მეგობართან, საქართველოს ყოფილ სახელმწიფო მინისტრთან - ვაჟა ლორთქიფანიძესთან ერთად ეწვია. ეს მოხდა შაბათს. ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ ლორთქიფანიძე, რომელიც თავისი "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირით" "ახალ მემარჯვენეებთან " აქტიურ წინასაარჩევნო კონსულტაციებს მართავდა, სახელისუფლებო ბლოკის საარჩვენო სიის პირველი ნომერი გახდა.

ბლოკს, რომელსაც "ახალი საქართველოსთვის" ჰქვია, სათავეში უდგება სახე, რომლის სახელმწიფო მინისტრობაც, თავის დროზე, ბიუჯეტის შეუსრულებლობას გადაჰყვა, რაც ჟვანიას გუნდის გამარჯვებად ჩაითვალა. ლორთქიფანიძე კანცელარიიდან წავიდა და პარლამენტში ბაღდადის რაიონიდან მივიდა. იქ ძალები პარლამენტის თავმჯდომარის პოსტისთვის ბრძოლაში მოსინჯა, მაგრამ დამარცხდა. მოგვიანებით, მაშინ, როცა ედუარდ შევარდნაძე პარლამენტს ყოველწლიური საანგარიშო მოხსენებით ეწვია, ბოიკოტისტთა რიგებში ჩაეწერა. პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენება არც ვაჟა ლორთქიფანიძეს მოუსმენია, მაგრამ დღეს სახელისუფლებო ბლოკში მასზე სერიოზულ იმედებს ამყარებენ. ბლოკის სიის პირველ ნომრად პრეზიდენტისთვის, რა თქმა უნდა, ვაჟა ლორთქიფანიძე უფრო მისაღები აღმოჩნდა, ვიდრე ავთანდილ ჯორბენაძე. გასაკვირი ნამდვილად არ არის, რომ ედუარდ შევარდნაძემ არჩევანი სწორედ ძველ და კარგად გამოცდილ თანამებრძოლზე შეაჩერა, კადრზე, რომელიც წლების წინ რუსეთში საქართველოს დესპანი იყო. პრეზიდენტის არჩევანით ბლოკის ლიდერები კმაყოფილები დარჩნენ და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ლორთქიფანიძე ბლოკში ერთგვარ გამაწონასწორებელ როლს ითამაშებს:

[ვახტანგ რჩეულიშვილის ხმა] "ვაჟა მშვენიერი ხიდია ბევრი პოლიტიკური ძალისთვის და გამიხარდება თუ ეს არჩევნები ვაჟას მოსვლით ნაკლებ კომფრონტაციული გახდება. ვფიქრობ, უკეთესად ვიმუშავებთ პოლიტიკურ ძალებთან და ფინანსურ ძალებთანაც. ამაში ბადრიმ გადამწყვეტი არა, მაგრამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. "

როგორც ვახტანგ რჩეულიშვილმა დიდგორობის ზეიმზე სახელისუფლებო ბლოკში ვაჟა ლორთქიფანიძის პირველ ნომრად მისვლასთან დაკავშირებით აღნიშნა, სერიოზულ სიახლეში, რომელიც სახელისფლებო ბლოკში მოხდა, ბადრი პატარკაციშვილს გადამწყვეტი თუ არა, მნიშვნელოვანი როლი შეუსრულებია. აქვე ავღნიშნავთ, რომ დიდგორობის ზეიმს, რომელიც ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის ლევან მამალაძის ორგანიზებით ჩატარდა და რომელზეც პოლიტიკოსთაგან მარტო შევარდნაძის მხარდამჭერები იყვნენ წარმოადგენილნი, ბადრი პატარკაციშვილიც დაესწრო. ის, რომ ეს ადამიანი ბოლო ხანს ხშირად ჩნდება შევარდნაძის გვერდით, საზოგადოების ნაწილს უკვირს, პრესა ამაში სენსაციურობის ნიშნებს ეძენს, სინამდვილეში კი სენსაციასთან საქმე არ გვაქვს. როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. ადამიანი, რომელიც მუდმივ საფრთხეს გრძნობს, მივიდა იქ, სადაც უსაფრთხოების გარანტიები ეგულება.

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] "ბუნებრივია, იზრუნებს, რომ ყველასთან ჰქონდეს კარგი ურთიერთობა. მისი შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ მას ჰგონია, ფული თუ გაქვს, მართავ ქვეყანას. ჩემთვის სახუმარო იყო მისი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ის მხარს დაუჭერეს ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას. მას არა აქვს ამის ფუფუნება. მისი ფუფუნებაა მხარი დაუჭიროს ამ ხელისუფელბას, მაგრამ ფულს შეუძლია დახმარების გაწევა იმ შემთხვევაში, თუ არის გარკვეული სიმპათია. ამ მკვდარს, რასაც ჰქვია ჩვენი ხელისუფლება, ბადრი პატარკაციშვილი კი არა, მამა ღმერთი ვერ გააცოცხლებს. "

სხვათა შორის, იყო მოლოდინი, რომ ბადრი პატარკაციშვილი დიდგორის კავალერი გახდებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. კავალერები ჭაბუა ამირეჯიბი, მერაბ ბერძენიშვილი და გია ყარყარაშვილი გახდნენ. "ღონისძიების მასშტაბურად ჩატრება მნიშვნელოვანია, რადგან ერთმანეთთან კინკლაობაში დაგვავიწყდა ეროვნულობაო", თქვა დიდგორობის ღონისძიებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა, მაგრამ, რა იყო ეს ღონისძიება?
მას ხელისუფლების ოპოზიციიდან არავინ დასწრებია იმ მიზეზით, რომ ოპოზიციიდან არავინ დაუპატიჟებიათ. წლევანდელ დიდგორობაზე ერთმანეთს ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები შეხვდნენ, მოიკითხეს და მოიწონეს ერთმანეთი, შეაქეს ერთმანეთი და ამაზე მთელი ქვეყანა გააცინეს. ეს იყო დამარცხებული ქვეყნის დიდგორობა, ხალხის, რომლის ყველაზე დიდ სატკივარს არჩევნები და ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი წარმოადგენს.

საქართველოში ხელისუფლებისთვის იბრძვიან ყველა სფეროში. პარტიული სიები და პარტიების მაჟორიტარ კანდიდატთა სიები გაჯერდა ყოფილი თუ მოქმედი სპორტსმენებისა და შოუ ბიზნების წარმომადგენლების სახელებითა და გვარებით. დეპუტატება უნდა მოასწრონ, თორემ 2 ნოემბრს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად დანიშნული რეფერნდუმით დეპუტატთა რიცხოვნობის შემცირებაა მოსალოდნელი. ამის შესახებაც გასულ კვირას გახდა ცნობილი. ასე რომ, ჯერი მოსწრებაზეა და ჩვენი საქვეყნოდ ცნობილი სპორტსმენებიც არწმუნებენ საზოგადოებას, რომ დეპუტატობის არც თუ ისე შეუფერებელი კანდიდატები არიან, როგორც ბევრს ჰგონია.

[გიორგი ასანიძის ხმა] " ვსწავლობ ეკონომიურზე. მინდა აღვნიშნო, რომ მარტო სპორტსმენი არა ვარ. სულ მალე დიპლომს ავიღებ, სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ."

ეს სახელისუფლებო ბლოკის ახალი საარჩევნო სახე, ძალოსანი გიორგი ასანიძეა. მას გარდა პარლამენტარობას სხვა ცნობილი სპორტსმენები: გიორგი კანდელაკი, რეზო არველაძე, ვოვა გუცაევი და ნონა გაფრინდაშვილი აპირებენ. შოუ ბიზნესიდან პოლიტიკაში ამოტივტივებულ სახეებს აღარ ჩამოვთვლი. პარლამენტისკენ ამ ადამიანების სწრაფვას ხელისუფლებისკენ პოლიტიკური ძალების სწრაფვით ხსნიან, მათი მიზნით, პოპულარულებით, მაგრამ პოლიტიკისთვის არაპროფესიონალებით მოახერხონ ხმების მათ სასარგებლოდ გადაქაჩვა. მაგრამ ამისთვის პოპულარულ სახეებზე არანაკლები მნიშვნელობა თავად პოლიტიკური ძალების გაერთიანება-გამსხვილებას ენიჭება. ამ თვალსაზრისით აქტიური ფუსფუსი "ბურჯანაძე-დემოკრატების" და "ახალი მემარჯვენეების" ირგვლივ იგრძნობა. ახლებმა მრეწველებთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ჯერჯერობით არც მათსა და თამაზ ნადარეიშვილის პარტიას შორის კონსულტაციებს გამოუღია შედეგი, მაგრამ გასული კვირის ბოლოს ლიბერალებთან მსოფლმხედველობრივი ნიშნით გაერთიანება შეძლეს.

[რევაზ შავიშვილის ხმა] "პოლიტიკური გაერთიანება, რომელთანაც ჩვენ ვითანამშრომლებთ, უნდა იყო მემარჯვენე მიმდინარეობის. ვისაც უნდა თანამშრომლობა შავიშვილთან და ხმალაძესთან, უნდა უნდოდეს თანამშრომლობა იმ გუნდთანაც, რომელსაც ეს ადამიანები აგერ უკვე 15 წელია წარმოადგენენ. "

აცხადებს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, ყოფილი "ლიბერალური პარტიის" წარმომადგენელი რევაზ შავიშვილი. ის, ისევე, როგორც ვახტან ხმალაძე და სხვები, დღეს "ახალი მემარჯვენეების" ახალ სახეს წარმოადგენს. "ლიბერალური პარტია" ლიკვიდირებულია. რაც შეეხება "ბურჯანაძე-დემოკრატებთან" ტრადიციონალისტების მოლაპარკებებს, მათ შემთხვევაში გადაწყვტილების მიღებას "გაერთიანებული დემოკრატები" აფერხებენ. ტრადიციონალსიტებს სწორედ მათთან უჭირთ საპროგრამო საკითხებზე, რეგიონალიზმისა და მინისტრთა კაბინეტის შემოღების იდეებზე შეთანხმება. აკაკი ასათიანი ფიქრობს, რომ საქართველოში ძალიან რთული გახდა პოლიტიკური ძალების პროგრამების საფუძველეზე გაერთიანება.

[აკაკი ასათიანის ხმა] " სამწუხაროდ, უფრო სიმპათია-ანტიპათიის, ან ხასიათის მიხედვით ხდება გაერთიანება. ზოგჯერ ხდება, ვთქვათ, ბარიერის გადალახვისთვის, ეს კიდევ შეიძლება ესმოდეს კაცს, მაგრამ, მე ვფიქრობ, ისეთი მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი ცხოვრების, რომ მხოლოდ და მხოლოდ პროგრამების საფუძველეზე უნდა ხდებოდეს გაერთიანება".

მაგრამ საქართველოში სხვაც ბევრი რამ ხდება ისეთი, რაც არ უნდა ხდებოდეს. მოსახლეობა ზაფხულის ენერგოკრიზსს ეგუება, ენერგოდივერსიებს კი ხელისუფლება ოპოზიციას, კერძოდ კი, ჟვანის გუნდს აბრალებს. სვანეთში იმდენად დამძიმდა კრიმინალური ფონი, რომ იქ ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩატარება დაიწყო. ახალციხეში სამხარეო ადმინისტრაციის შენობა ააფეთქეს, რასთან დაკავშირებითაც სამცხე-ჯავახეთის ახლადდანიშნულმა რწმუნებულმა გელა კვარაცხელიამ ტერაქტის პოლიტიკური მოტივი არ გამორიცხა. შაბათს მომხადრი აფეთქების შედეგად მძიმედ დაზიანებული ადამიანი სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს. მოკლედ, საარჩევნო მარათონი ყველაზე აქტიურ ფაზაში საკმაოდ მძიმე და დაძაბულ ფონზე შედის.
გასულ კვირას მუშაობას შეუდგა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარე. ნანა დევდარიანი ახალ პოსტზე წავიდა დაპირებით, რომ არც ერთი პოლიტიკური ძალისთვის არ დაუშვებს გამონაკლისს, თუმცა ვნახოთ. სამართლიანი არჩევნების იდეას, ალბათ, სერიოზულად დაუპირისპირდებიან ადამიანები, რომლებიც ჩვენს ირგვლივ საკმაოდ მრავლად არიან და რომლებზე საუბრისასაც რეჟისორმა ლევან წულაძემ ერთი ცნობილი და ჩვენთვის ყველასთვის ასე ახლობელი ლიტერატურული და სასცენო გმირი გაიხსენა.


[ ლევან წულაძის ხმა] "ახალი ქართველი ყვარყვარე ეს არის კარგად გაპარსული, კარგად გაკრეჭილი, კარგ ტანსაცმელში გამოწყობილი ქართველი ახალგაზრდა ან საშულო ხნის, რომლებიც ძალიან ბევრნი არიან და ძალიან მიზანმიმართულად, გაწონასწორებულად, კეთილი გამომეტყველებით უთხრიან ძირს ჩვენს ქვეყნას. "

ამ გაწონსაწორებული და კარგად გაპრანჭული თანამედროვე ქართველი ყვარყვარეების შეჩერება ერთადერთი გზით - არჩევნებით შეიძლება, თუ ამ არჩევნების წინაც ადამიანები, რომლებასც გაპრანჭვისთვის არ სცხელათ და ქვეყანაში დაგროვილ პრობლემებს საკუთარ თავზე იწვნევენ, არ იტყვიან იმას, რაც არა ერთხელ უთვქვამთ: "ამ ქვეყანას მე მაინც ვერ გავასწორებ და ძილი რაღაზე უნდა დავიკლოო".

არჩევნების წინ მოქალაქეობრივად აქტიური ადამიანები საზოგადოებას სულ უფრო და უფრო ხშირად შეახსენებნ, რომ არჩევნების დღე არის ის იშვიათი დღე, როცა ძალაუფლება ხალხის ხელშია, დღე, რომელიც 4 -5 წელიწადში ერთხელ დგება და როცა მომავლის უკეთესობისკენ შეცვლის მექანიზმი ასეთ მომავალზე ოცნებაში დაღლილი ხალხის ხელში ხვდება.
XS
SM
MD
LG