Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი აბრეშუმის გზით ავღანეთში ევროკავშირის ჰუმანიტარული ტვირთი მიემართება


4 სექტემბერს ბრიუსელიდან ქაბულის მიმართულებით დაიძრა გერმანიის სამთავრობო ორგანიზაციების ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც ავღანეთის სასმელი წლით უზრუნველყოფას,

ენერგოქსელების შეკეთებასა და სკოლებისა და საავადმყოფოების რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს. 200 ტონა ტვირთის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს "დაიმლერ-კრაისლერის" 12 სატვირთო ავტომანქანა, რომლის საჭეს ევროპის უდიდესი ქვეყნების სატრანსპორტო მედიის ცნობილი ჟურნალისტები მართავენ. სატვირთო ქარავანი 15 სექტემბერს მოადგება ფოთს, 16 სექტემბერს კი თბილისს. საქართველოს მთავრობა საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავს დიდი აბრეშუმის გზის სიცოცხლის გზად გადაქცევის ფაქტს - ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ავღანეთს ჰუმანიტარული ტვირთები სწორედ ტრასეკას დერეფნით მიეწოდება. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი ვარაუდობს, რომ უახლოეს ხანში ევროპიდან ჰუმანიტარული ტვირთები ერაყში ასევე დიდი აბრეშუმის გზით გაიგზავნება.

"დაიმლერ-კრაისლერისა" და ევროკავშირის ერთობლივი აქცია, სახელწოდებით - "გზა სიცოცხლეა" ტრასეკას დერეფნის მასშტაბური პრეზენტაციაა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ახალი აბრეშუმის გზის იდეის არსებობის ათწლიან ისტორიაში ასეთი მნიშვნელობის სატრანსპორტო გადაზიდვა ჯერ არ განხორციელებულა. ამდენად ეს, სატრანსპორტო ქარავნის პომპეზური მსვლელობის გარდა, დერეფნის ინფრასტრუქტურის გამოცდაცაა. როგორც საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი მერაბ ადეიშვილი ამბობს, ბრიუსელი-ქაბულის 6000 კილომეტრიან საავტომობილო მაგისტრალებზე საქართველოს მონაკვეთში ევროპულ სტანდარტებს მხოლოდ ცენტრალური გზატკეცილები აკმაყოფილებს. კოლონამ, წესით, გვერდით არ უნდა გადაუხვიოს, მაგრამ რადგან ქარავანს აქციის ხასიათი აქვს, არაფერი არ არის გამორიცხული. მით უმეტეს, რომ პროექტის მიხედვით, კოლონას 6 სატრანზიტო ქვეყნის მეთაურები და მაღალი რანგის ჩინოვნიკებიც უნდა მიესალმონ. ამას გარდა, აქციის მონაწილენი გზად სატრანზიტო ქვეყნების კულტურულ ღირშესანიშნაობებსაც უნდა გაეცნონ. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ დღე-ღამეში ქარავანი, საშუალოდ, მხოლოდ 250-350 კილომეტრს ფარავს. ქარავანის გადაადგილების დეტალები მერსედეს ბენცის სპეციალურ ინტერნეტ გვერდზე უკვე ქვეყნდება. რამდენიმე დღეში ამ გვერდზე საქართველოსაც ვიხილავთ.

[მერაბ ადეიშვილის ხმა] "ძალიან ორიგინალური აქციაა, უდავოდ უნდა ვთქვათ. ამაზე ვმუშაობთ, ამ პროექტზე თითქმის უკვე ერთი წელია "დაიმლერ კრაისლერთან" და "დორნინ კონსალტინგთან" ერთად. მართლაც ზესახელმწიფოებრივი მოვლენაა უდავოდ და, იცით რა არის, ჩვენ გვინდა დავანახოთ, რომ საზოგადოებისთვის ეს პროექტი მნიშვნელოვანია. ეს უნდა დავანახოთ ევროპას, ეს უნდა დავანახოთ მსოფლიოს. მიუხედავად ამ მძიმე მდგომარეობისა ქვეყანაში, ჩვენ გვაქვს ისეთი მიმართულებები, რომელმაც ქვეყანა ამ ეკონომიკური მდგომარეობიდან უნდა გამოიყვანოს. ერთ-ერთი არის ეს. ჩვენი ერთიანობა ამ თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება იმიტომ, რომ დაინახონ, რომ ჩვენ მივესალმებით ევროპელთა მცდელობას იმისათვის, რომ საქართველოს ფუნქცია გამოყენებული იქნეს რაც შეიძლება ეფექტურად."

აბრეშუმის გზის სრულად დატვირთვის სურვილსა და ამ სურვილში ქართველი ხალხის ერთიანობის დემონსტრირებას, როგორც ჩანს, პროექტის ქართველი ორგანიზატორები იმ საზეიმო კონცერტით გეგმავენ, რომელიც 16 სექტემბერის ღამეს რესპუბლიკის მოედანზე უნდა გაიმართოს.
17 სექტემბერს სატრანსპორტო ქარავანი გეზს აზერბაიჯანისა და კასპიის ზღვისკენ აიღებს. ევროკავშირის ჰუმანიტარულ ტვირთს ქაბულში 1 ოქტომბერს ელიან. კეთილი ნების ნიშნად, თავის მხრივ, ავღანეთმა უკვე მიმართა საქართველოს დეპოზიტარ პარტნიორს, აზერბაიჯანს, ავღანეთის ტრასეკას შემადგენლობაში გაწევრიანების თაობაზე. სავარაუდოდ, ტრასეკას რიგით მე-14 წევრი ავღანეთი მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს სამთავრობათშორისი კომისიის მორიგ სხდომაზევე გახდება.
XS
SM
MD
LG