Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქვს თუ არა ადგილი საბოტაჟს საქართველოს ელექტროსისტემაში


ჩვენს ბოლოდროინდელ გადაცემებში არაერთხელ შევხებივართ საქართველოს ენერგეტიკაში შექმნილი მძიმე კრიზისის თემას. ამჯერადაც კიდევ ერთხელ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას ელექტროენერგეტიკულ პრობლემებზე,

რადგან უკვე სახელმწიფო სტრუქტურებიც კი ელექტროსისტემაში საბოტაჟის ფაქტებზე ალაპარაკდნენ. კერძოდ, საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა გამოაცხადა, რომ ზამთრისაგან განსხვავებით, შემოდგომის დასაწყისში ელექტროენერგიის დეფიციტი არაბუნებრივი მიზეზებითაა გამოწვეული.

მიუხედავად იმისა, რომ ანტიმონოპოლიურ სამსახურს ჯერ კიდევ 5 წლის წინ ჩამოერთვა ელექტროენერგეტიკაზე მეთვალყურეობის ფუნქცია, იგი სხვადასხვა ირიბი გზებით მაინც ცდილობდა ელექტროენერგიის მომხმარებელთა უფლებების დაცვას. სწორედ ამ სამსახურის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანითა და საქმის მოგებით ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია იძულებული გახდა, რომ თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანაია "ეი-ი-ეს თელასისთვის" მომხმარებელთან ხელშეკრულების დადება დავალებინა.

ამჯერადაც მომხმარებელთა უფლებების უხეშ დარღვევაზე, ანუ ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტზე ხმა კვლავ ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ამოიღო. სამსახურის უფროსის არმაზ თავაძის თქმით, კანონმდებლობის უხეში დარღვევაა, როდესაც მომხმარებელის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადახდის მიუხედავად, მას დენი მაინც არ მიეწოდება.

[არმაზ თავაძე] "რატომ ვთვლით, რომ ეს უფრო გადავიდა ეკონომიკური უსაფრთხოების ჭრილში? აქ არის რამდენიმე საკითხი, რომელიც ამოტივტივდა შესწავლის პროცესში, თუმცა, მე არ ვთვლი, რომ ეს ეხლა პრესისთვის და მოსახლეობისთვის უნდა იყოს ჩვენის მხრიდან ხელმისაწვდომი. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოში ამ ეტაპზე ყველა პირობა არსებობს იმისათვის, რომ შეიძლება 24 საათიან ელექტროენერგიაზე ვერ ვისაუბროთ, მაგრამ, აი, ასეთი პრობლემა ქვეყანაში არ შეიქმნას".

საბოტაჟის უფრო კონკრეტულ მიზეზებზე საუბრობს ენერგეტიკოსთა პროფკავშირების ლიდერი მირონ ფირცხელანი.

[მირონ ფირცხელანის ხმა] "საბოტაჟია ის, რომ მმართველობა არის გაურკვეველი ენერგეტიკაში, ანუ მონოპოლისტი გახდა სემეკი და ბაზა, რომლებიც ფაქტიურად აკანონებენ მხოლოდ და მხოლოდ 17 % გადახდას მწარმოებლისთვის. ამის გამო გამოვიდა მწყობრიდან ჰესებზე და სადგურებში არსებული ტექნიკა, რომელსაც რემონტი სჭირდება ყოველწლიურად, აქედან ჩვენ დავკარგეთ სულ მცირე 700-800 მეგავატი".

ცნობისთვის: ეს სიმძლავრე ზამთრის ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი სრულებით საკმარისია თბილისის გასანათებლად, მითუმეტეს ახლა, როდესაც ენერგეტიკის მესვეურები მთელ იმედებს რუსეთიდან 200-300 მეგავატიანი სიმძლავრის მიღებაზე ამყარებენ. საბოტაჟია თუ არა ენერგეტიკისადმი ასეთი დამოკიდებულება, ამ კითხვით ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლს ნინო ასათიანს მივმართე, რომელიც ბოლო დრომდე ენერგეტიკის სამინისტროს პრესასთან ურთიერთობას ხელმძღვანელობდა.

[ნინო ასათიანის ხმა] "საბოტაჟი ისეთი მძიმე ბრალდებაა, რომ ეგ არის გამოსაძიებელი. სემეკი არ არის საგამოძიებო ორგანიზაცია. სამინისტროშიც იგივე პრობლემები იყო... არსებობს ტექნიკური პრობლემები და არსებობს ეკონომიკური პრობლემები, მაგრამ არსებობს კიდევ სხვადასხვა პრობლემები, რომლებიც ხელოვნურად არის შექმნილი".

საბოტაჟია თუ არა ეს ხელოვნური პრობლემები, ამ საკითხით სამართალდამცავი ორგანოების დაინტერესების შემდეგ გაირკვევა, თუმცა ეს ინტერესი ჯერჯერობით არსად ჩანს.
XS
SM
MD
LG