Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონტროლის პალატის მიერ თავდაცვის სამინისტროში აღმოჩენილი დარღვევები


ძნელად თუ მოიძებნება საქართველოს სახელმწიფო უწყება, რომელსაც დარღვევების გარეშე მუშაობა შეეძლოს. კონტროლის პალატას კი ამ დარღვევების აღმოჩენა და რეკომენდაციების გაცემა ევალება და

არცთუ იშვიათად მისი დასკვნები სისხლის სამართლის დანაშაულსაც ასახავს ხოლმე. თუმცა, თავდაცვის სამინისტროს შემოწმების შემდეგ ძნელი სათქმელია რა დარღვევები და რა სახის დანაშაულებები გამოვლინდა, რადგან ყველაფერს სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი დაედო.

16 სექტემბერს თავდაცვის სამინისტროს საბჭოსა და კონტროლის პალატის ერთობლივი სხდომა სასტუმრო "თორში" დახურულ კარს მიღმა გაიმართა. საბჭომ კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგები მოისმინა და აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირების პირობაც დადო.

საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული უცხოური გრანტების ათვისების დროს დაშვებულ შეცდომებსა თუ არამიზნობრივ გამოყენებას. კონტროლის პალატის თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის განცხადებით, უცხოელი პარტნიორების თხოვნის საფუძველზე შემოწმების მასალები გასაიდუმლოებულია და, შესაბამისად, არც ის გამოქვეყნდება, თუ რომელი გრანტის ათვისებისას რა ცოდვა ჩაიდინა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

[სულხან მოლაშვილის ხმა] "ჩვენ ამ ფაქტებს აღვიქვამთ როგორც სერიოზულ ფაქტებს, ვგულისხმობ დარღვევებს, იმასაც, რომ თუ რითია გამოწვეული ეს ფაქტები, იმასაც, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს შემდგომში ამ მხრივ მდგომარეობა და იმასაც, თუ როგორი რეაგირების ფორმები უნდა შევიმუშავოთ მომავლისთვის".

ამ ბუნდოვანი განცხადებიდან იმის გარკვევა შეიძლება, რომ პრობლემები მართლაც სერიოზულია. სულხან მოლაშვილმა მხოლოდ ის დააკონკრეტა, რომ ერთადერთი, სადაც დარღვევა არ გამოვლინდა, თურქეთის გრანტის ათვისებაა, რომლის შედეგად სამხედრო სასტუმრო "თორი" აშენდა.

უფრო კონკრეტული აღმოჩნდა მწირსიტყვაობით სახელგანთქმული თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე. მან გულახდილად ისაუბრა კონტროლის პალატის მიერ აღმოჩენილ მთავარ დარღვევაზე, გრანტების ათვისების დროს არსებულ აღრიცხვიანობის პრობლემაზე.

[დავით თევზაძის ხმა] "განფასებები ჭირს, ძალიან ხშირად იმისა, რაც მოწოდებულია როგორც გრანტი და მეორე - თვითონ მოწოდებული ნომენკლატურა. ძალიან ხშირად ეგ ხდება ასეთნაირად, იქედან შემოდის კოდით, ანუ სახელი არ უწერია და ჩვენ ძალიან გვიჭირს იდენტიფიკაცია რა შემოვიდა. ანუ ვუყურებთ ნივთს, მაგრამ არ ვიცით რა ჰქვია მას".

თავდაცვის სამინისტრომ ისიც კი არ იცის, საბოლოო ჯამში რა მოცულობის გრანტი აქვს მიღებული.

[დავით თევზაძის ხმა] "უი, ეგეც რთული ციფრია. ახლა გააჩნია რომელი ქვეყნის პარამეტრებით ივლით ახლა".

ეს იმას ნიშნავს, რომ თურქეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან თუ სხვა სახელმწიფოებიდან სამხედრო გრანტებით შემოსული სამხედრო ტექნკისა თუ სხვა მეტარიალური საშუალებების რაოდენობა, ღირებულება და ადგილმდებარეობაც კი გაურკვეველია. ამას თავდაცვის სამინისტროს გრანტების აღრიცხვის პრაქტიკის უქონლობას და თავად გრანტების დიდ მოცულობას აბრალებენ. მიუხედავად ამისა, კონტროლის პალატის მიერ შესწავლილი მასალები თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას გადაეცა, რომელსაც საქმეების ბოლომდე გამოძიება და კონკრეტული დამნაშავეების გამოვლენა დაევალა.
XS
SM
MD
LG