Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელს უკან მიაქვს არაფატის მოკვლის მუქარა


საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის გამო ისრაელმა უკან წაიღო მუქარა პალესტინის ავტონომიის ლიდერის, იასირ არაფატის მოკვლის შესახებ. თუმცა, ისრაელი კვლავინდებურად დარწმუნებულია,

რომ თუ იასირ არაფატი პალესტინის ხელისუფლების სათავეში დარჩა, ორ ხალხს შორის მშვიდობის მიღწევა შეუძლებელი იქნება. ამ საკითხის შესახებ უფრო ვრცლად კობა ლიკლიკაძე ისაუბრებს.

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალქ რამალაჰში, სადაც პალესტინელთა ლიდერის, იასირ არაფატის რეზიდენცია მდებარეობს, რამდენიმე დღეა ათეულობით ადამიანი მორიგეობს. "ასოშეიტედ პრესის" ცნობით, მოხალისეეები ამბობენ, რომ მზად არიან ცოცხალ ღობედ აეფარონ მათ ლიდერს, თუკი ისრაელის ჯარებს მის ხელყოფას შეეცდებიან. ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად კი პალესტინელები ორი დღის
წინ ისრაელის მთავრობის სხდომიდან გამოსულმა
ინფორმაციამ აიძულა: ისრაელის ვიცე-პრემიერმა ეჰუდ ოლმერმა მაშინ განაცხადა, რომ პალესტინელთა ავტონომიის მეთაურის თანამდებობიდან იასირ
არაფატის მოცილების ერთ-ერთ ვარიანტად ისრაელის ხელმძღვანელობა მის ლიკვიდაციას განიხილავდა.
[ეჰუდ ოლმერის ხმა] "ბატონი არაფატი მკვლელია. ისრაელის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ, სამწუხაროდ, მოცემულ ვითარებაში იგი იძულებულია მთელი ყურადღება მკვლელებთან და მათს დამკვეთებთან ბრძოლაზე გადაიტანოს. და, თუ საჭირო შეიქნა, გაანადგუროს კიდეც ისინი. არაფატი გამონაკლისი არ არის".
იმავე დღეს, ბაღდადში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა უარყო მოწოდებები არაფატის მოკვლის ან გადასახლების შესახებ და განაცხადა, რომ ასეთ ნაბიჯებს მთელი არაბული და მაჰმადიანური სამყაროს აღშფოთება მოჰყვებოდა.

არაფატის გაძევების და მისი შესაძლო ლიკვიდაციის საშიშროების გამო არაბული სამყაროს ლიდერებმა ორშაბათს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მიმართეს თხოვნით, მიეღო სპეციალური რეზოლუცია, რომელიც ისრაელს ხელს ააღებინებდა ამგვარ განზრახვაზე.

პალესტინელთა წარმომადგენელმა გაეროში ნასერ ალ-კიდვამ ისრაელი სამშვიდობო გეგმის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა.
[ნასერ ალ-კიდვას ხმა] "ამ კრიტიკულ ვითარებაში, გულწრფელად და არაორაზროვნად უნდა ითქვას, რომ პალესტინა და მისი ხალხი არ შეეპუება საოკუპაცო ძალას და განზრახვას, რაც პალესტინის ლიდერის, იასირ არაფატის გაძევებას გულისხმობს. ამგვარი მუქარის გამუდმებული განმეორებაც კი ხელყოფს პალესტინელთა ეროვნულ ღირსებას და ორ მხარეს შორის ნებისმიერი სამშვიდობო პროცესის დასასრულს მოასწავებს".

მას შემდეგ, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო პალესტინელი ლიდერი მოკვლის განზრახვა, ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათ გეგმებში არ შედის პალესტინელთა ლიდერის მოკვლა. მაგრამ როგორც გაეროში ისრაელის ელჩმა დან გილერმანმა განაცხადა, ცხადია, რომ იასირ არაფატი სამშვიდობო პროცესის მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს.

[დან გილერმანის ხმა] "გლობალური ტერორიზმი შექმნილია და ხორციელდება არაფატის მიერ. და როდესაც ეს ვიცით, როდემდე შეიძლება ჩვენს შორის არსებობდნენ ქვეყნები, რომლებსაც ეყოფათ ნებისყობა განაგრძონ ეს შარადა, რაც მდგომარეობს არაფატის რეკლამირებაში, როგორც ლეგიტიმური ლიდერის, რომელიც საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობასა და მეზობლებთან სამშვიდობო ურთიერობებზე ზრუნავს".

დან გილერმანის თქმით, არაფატის ხელისუფლებიდან ჩამოშორება ერთადერთი გამოსავალია, რათა "საგზაო რუკის " სახელწოდებით ცნობილი სამშვიდობო პროცესი წინ წავიდეს.

გაეროს უშიშროების საბჭოს 15-ივე წარმომადგენელი ორშაბათს იასირ არაფატის იძულებითი გადაყენების გეგმის წინააღმდეგი წავიდა და დებატები მეორე დღისთვის გადადეს. ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია რეზოლუციის მიღებას ამ საკითხთან დაკავშირებით.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG