Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ისწრაფიან პარლამენტისკენ კრიმინალები


თამარ ჩიქოვანი, თბილისი უახლოეს დღეებში პარტიები თავის საარჩევნო სიებს გამოქვეყნებენ. ასევე, უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება იმ ადმიანთა ვინაობა, ვინც დეპუტატის მანდატის მოპოვებას მაჟორიტარულ ოქმებში ცდის.

საქართველოს სამწუხარო გამოცდილების გათვალისწინებით, გამორიცხული არ არის, პოტენციურ პარლამენტართა შორის ძებნილები და კრიმინალური წარსულის მქონე პიროვნებებიც აღმოჩნდნენ. ქვემოთ იმაზე გესაუბრებათ, თუ რატომ ისწრაფიან პარლამენტისკენ კრიმინალები და ძებნილები.

გულუბრყვილობა იქნებოდა იმის ფიქრი, რომ პარლამენტარობის მსურველთა რაოდენობის კატასტროფული ზრდა საქართველოში იურიდიული განათლების აღმასვლასთან იყოს დაკავშირებული, ან სამართლებლივი სახელმწიფოს მშენებლობაში საკუთარი წილი აგურის მიტანის სურვილთან. პარლამენტარობის მსურველთა მოტივაცია, ალბათ, სხვადასხვაა - პოლიტიკური ამბიციით დაწყებული, დასაქმების პრობლემის თუნდაც 4 წლით მოგვარების გადაწყვეტილებით დასრულებული. მაგრამ არსებობს ადამიანთა ერთი კატეგორია, რომელთაც სრულიად პრაგმატული მიზანი ამოძრავებთ პარლამენტისკენ გეზის აღებისას.
იმუნიტეტი - სხვა ბევრ სიკეთესთან ერთად სწორედ იმუნიტეტი გამოიყურება ყველაზე მომხიბვლელად მათთვის, ვისაც კანონთან გართულებული ურთიერთობები აქვს. იმუნიტეტი, რომელმაც მოქმედ პარლამენტშიც არაერთ პარლამენტარს კანონის ზევით დადგომის საშუალება მისცა.
პარლამენტარებისთვის იმუნიტეტის მოხსნის, ან შეზღუდვის თემაზე საკმაოდ ემოციური დისკუსია არსებულ პარლამენტში მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტარებისთვის ცნობილი გახდა უშიშრიების საბჭოში მომზადებული დოკუმენტის პროექტის შინაარსი - შეგახსენებთ, ამ დოკუმენტის თანახმად, გარკვეული პარლამენტარების საქმიანობა უცხო ქვეყნის ჯაშუშობის ეჭვს ქმნიდა, მაგრამ, დოკუმენტის ანონიმი ავტორის დასკვნით, იმუნიტეტის გამო, მათთან შესაბამისი ღონისძიებების გატარება შეუძლებელი გახლდათ. მაშინ რამდენიმე პარლამენტარმა სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმების ინიციტივაც კი წამოაყენა. მათ შორის იყო ფრაქცია "მრეწველების" წევრი ზურაბ ტყემალაძე:
[ზურაბ ტყემალაძის ხმა] " მივიღოთ, საერთოდ, გადაწყვეტილება და მოვიხსნათ იმუნიტეტი დამამტკიცებლად იმისა, რომ არაფრის არ გვეშინია და არაფერს არ ვაკეთებთ".
პარლამენტარებმა იმის დასამტკიცებლად, რომ არაფრის ეშინიათ და არაფერს არ აკეთებენ - იმუნიტეტზე უარი არ თქვეს. ოპოზიციონერი პარლამენტარების განმარტებით, იმუნიტეტის მოხსნის შექმთხვევაში, ოპოზიციონერი დეპუტატი ხელისუფლების წინაშე დაუცველი დარჩება. ასე თვლის, მაგალითად, ფრაქცია "ოცდამეერთე საუკუნის" წევრი ჯემალ გამახარია:
[ჯემალ გამახარიას ხმა] " როგორც ოპოზიცონერი დეპუტატი მომხრე არა ვარ, რომ იმუნიტეტი საერთოდ მოიხსნას - ეს ერთადერთი დამცველი, რომელიც ოპოზიციონერს დღევანდელ საქართველოში გააჩნია. მაგრამ მას შემდეგ, რაც დეპუტატის წინააღმდეგ იქნება სერიოზული ბრალდებები წაყენებული, თანაც გენერალური პროკურატურის მხრიდან და ეს მტკიცებულებები იქნება პარლამენტში, უნდა გამარტივდეს პროცედურა".
მიუხედავად იმისა, რომ უშიშროების ყოფილი მინიტრის, იგორ გიორგაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც არის აღძრული და მისი ძებნაც გამოცხადებულია, 13 სექტემბერს სამტრედიის საოლქო კომისიამ იგი სამტრედიის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდატად რეგისტრაციაში გაატარა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ისღა დარჩენია, შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით გაარკვიოს, ცხოვრობდა თუ არა ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში იგორ გიორგაძე - კონსტიტუციით, დეპუტატობის კანდიდატისთვის 2 წლიანი ცენზი აუცილებელია. თავად ძებნილის მამა, "ერთიანი კომუნისტური პარტიის" ლიდერი პანტელეიმონ გიორგაძე ამტკიცებს, რომ იგორი საქართველოს ხშირად სტუმრობს. თუ უშიშროების ყოფილი მინისტრის საქართველოში ყოფნის სხვა მოწმეებიც აღმოჩნდნენ - საეჭვოა, იგორ გიორგაძის რეგისტრაციაში გატარებას რაიმემ შეუშალოს ხელი.
XS
SM
MD
LG