Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის საკითხი არჩევნების კონტექსტში


საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ყოველთვის საგანგებო მნიშვნელობას იძენს აფხაზეთის თემა. თანაც, ქვეყნის გამთლიანების პრობლემა ზუსტად ეწერება არჩევნების საერთო დრამატურგიულ კონტექსტში.

არჩევნების შემდეგ კი ბევრი საკითხი სამუდამოდ დავიწყებას ეძლევა.

გესაუბრებით აფხაზეთის პრობლემაზე 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.

გასულ საპარლამენტო არჩევნებში "მოქალაქეთა კავშირსა" და "აღორძინების კავშირს" შორის დაპირისპირების მთავარ თემად ქვეყნის საგარეო ორიენტაცია ჩამოყალიბდა. ხელისუფლებამ ბათუმური ბლოკი პრორუსულ და "შავ" ძალად მონათლა. "აღორძინების კავშირს" არ უცდია ამ თვალსაზრისის გაბათილება, მაგრამ, სამაგიეროდ, შეეცადა პრორუსული იმიჯით ესარგებლა და აფხაზეთის საკითხის მოგვარების ილუზია შეექმნა. საბოლოოდ, ხელისუფლების მთავარ უპირატესობად დასავლური კურსი გამოცხადდა, "აღორძინების კავშირის" მთავარ "კოზირად" კი აფხაზეთის თემა იქცა.

"აღორძინების" ლიდერები აცხადებდნენ, რომ აფხაზეთში ომი ხელისუფლებამ წამოიწყო და მან ამისთვის პასუხი უნდა აგოს. "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნდა ინტერვიუ თენგიზ სიგუასთან, რომელიც სახელმწიფო საბჭოს სხდომის სტენოგრამაზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ ომი შევარდნაძის უშუალო მითითებით დაიწყო. ეს მტკიცება აბათილებდა თავად პრეზიდენტის განმარტებას, რომ მან, თითქოს, არაფერი იცოდა ჯარების გადაადგილების შესახებ.

არჩევნების წინა პერიოდში აფხაზეთთან დაკავშირებით რამდენიმე სავარაუდო სცენარიც გამოქვეყნდა. დღეს ეს გეგმები მეტისმეტად გულუბრყვილოდ გამოიყურება. თუმცა, მხოლოდ დღეს. მაშინ კი მათზე სრულიად სეროზულად მსჯელობდნენ.

მაგალითად, გაზეთი "შვიდი დღე" წერდა: "რუსეთის გეგმის მიხედვით, არძინბა და ჩიბიროვი არჩევნებამდე მასმედიით განაცხადებენ, რომ მხარს დაუჭერენ საქართველოს იურისდიქციაში დარჩენას, თუ ხელისუფლების სათავეში ასლან აბაშიძე მოვა. რუსული გეგმა საქართველოს კონფედერაციულ მოწყობას ითვალისწინებს".

"რეზონანსის" ინფორმაციით, ასლან აბაშიძეს და ვლადისლავ არძინბას ხელი უნდა მოეწერათ დოკუმენტისთვის, რომელშიც მხარეები ერთმანეთს ნდობას გამოუცხადებდნენ. შეთანხმებას, პირველ რიგში, დევნილთა დაბრუნების საკითხი უნდა გადაეჭრა.

იმ პერიოდში მეტად გავრცელებული იყო კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვითაც, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებაში საგანგებო როლი აკაკი ასათიანს უნდა შეესრულებინა. თავად ასათიანი აცხადებდა, რომ გადაწყვეტილი იყო მოლაპარაკებების გამართვა მისი და აფხაზური მხარის მონაწილეობით. შეხვედრის ადგილად სახელდებოდა სოხუმი ან ბაქო, სადაც, დიალოგის გარდა, ხელი უნდა მოეწერათ დოკუმენტზე მხარეთა დაახლოების შესახებ. ამ ვერსიას ორი გაგრძელება გამოუჩნდა. პირველი გაზეთ "დრონში" გამოქვეყნდა და მკითხველს აუწყებდა, რომ არძინბა ასათიანს შეხვდებოდა მხოლოდ ბაქოში და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს ხელისუფლება, თავის მხრივ, უზრუნველყოფდა ოფიციალურ შეხვედრას არძინბასა და ჰეიდარ ალიევს შორის. "ახალ თაობაში" კი გამოქვეყნდა მასალა, რომლის ავტორმა, აფხაზეთიდან დევნილთა კავშირის თავმჯდომარემ, მურმან ბერაიამ მკითხველს შეახსენა: "არძინბა ხელისუფლებაში ასათიანმა და მისმა ხალხმა მოიყვანა. თუ ვილაპარაკებთ იმაზე, რომ არძინბას ჯგუფს გარკვეული ნდობა აქვს ასათინის მიმართ, ესეც ბუნებრივია. არძინბა ასათიანის მიერ დაწინაურებული ადამიანია და, შეიძლება ახლა სამაგიერო გადაუხადოს".

დღეს, ალბათ, აღარავის სჯერა, რომ აფხაზეთის პრობლემას აკაკი ასათიანი ან ასლან აბაშიძე მოაგვარებენ. რომანტიზმის ხანა დასრულდა. მაგრამ გასული არჩევნების წინ ბევრი ფიქრობდა, რომ აჭარის და აფხაზეთის ლიდერების პირადი ურთიერთობა საკმარისი აღმოჩნდებოდა დევნილთა დასაბრუნებლად. ადამიანები ხავსს ეჭიდებოდნენ იმის მიუხედავად, რომ იმავე პერიოდში სააგენტო "კავკაზ-პრესს" ანრი ჯერგენიამ ერთმნიშვნელოვნად განუმარტა: "ოფიციალური სტატუსიდან გამომდინარე, აჭარის ლიდერს ქართულ-აფხაზური პრობლემის მოწესრიგება არ შეუძლია".

ეს ყველაფერი 1999 წელს მოხდა. მაშინ აფხაზეთის თემა პოლიტიკურ კონტექსტს ძალიან კარგად მოარგეს. წელს ჯერ ბოლომდე არ გამოკვეთილა, გასცდება თუ არა ქვეყნის უმთავრესი პრობლემა "უცნობის" ახალი "კლიპისა" და სატელევიზიო რეკლამის ფარგლებს. არ არის გამორიცხული, ლიდერებმა აფხაზეთის საკითხის არსებითი განხილვა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გადადონ. მათ, დევნილებისგან განსხვავებით, არსად ეჩქარებათ.
XS
SM
MD
LG