Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის საკითხში გაეროს ასამბლეაზე დიდ გარღვევა არ შედგა


გაეროს ყოველწლიური გენერალური ასამბლეის პირველმა დღემ, რომელიც მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა მეთაურების დებატებს დაეთმო, აჩვენა, რომ ერაყის გარდამავალი ხელისუფლების საკითხში

ძირითადი მიდგომების შეცვლა ნაკლებად არის მოსალოდნელი. შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, რომლებიც ერაყის ომთან დაკავშირებით მთავარ რიტორიკულ ოპონენტებად რჩებიან, გულწრფელი, მაგრამ უშედეგო მოლაპარაკებები გამართეს. პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ხაზს უსვამს, რომ ძალაუფლების გადაცემა ერაყში ეტაპობრივად უნდა მოხდეს, პრეზიდენტი ჟაკ შირაკი კი ფრთხილობს, რომ დაყოვნებამ შესაძლოა შეასუსტოს დახმარების ლეგიტიმაცია. ამ პრობელმას ეხება რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტის რობერტ მაკმაჰონის რეპორტაჟი, რომელსაც ახლა გაგაცნობთ.


21 სექტემბერს მსოფლიოს მთავარ დიპლომატიურ არენაზე სიტყვით გამოსვლისას, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მოუწოდა მსოფლიოს ლიდერებს დახმარება აღმოუჩინონ ერაყს, რომელიც, ბუშის თქმით, ტერორიზმის წიანააღმდეგ ბრძოლაში ფრონტის წინა ხაზზე იმყოფება.
გენერალური ასამბლეის სახლეზე გუშინ გაკეთებულ მიმართვაში, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გაამართლა ამერიკის მეთაურობით მიმდინარე კამპანია ერაყში, სადამ ჰუსეინის დამხობა და განაცხადა, რომ ამ ძალისხმევამ მსოფლიო კიდევ უფრო უსაფრთხო გახადა.
ახლა დადგა დრო, აღნიშნა პრეზიდენტმა ბუშმა,
როცა ყველა სახელმწიფო უნდა დაეხმარის ერაყს და მხარში ამოუდგეს ამერიკის შეერთებული შტატებს, რომელიც ერაყის რეკონსტრუქციის ფართომასშტაბიან პროგრამას ახორციელებს,
[პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ხმა] "მე წინადადებით მივმართე კონგრესს, რათა დამატებითი დაფინანსება გამოყოს ერაყში ჩვენი საქმიანობის მხარდასაჭერად - ეს არის უდიდესი ფინანსური ვალდებულება, რომლის შედარება მხოლოდ მარშალის გეგმასთან თუ შეიძლება. ჩვენ პატიოსანი სიტყვა მივეცით ერაყელებს, რომ დავეხმარებით მათ თავისუფლების მოპოვებაში და ვეხმარებით რა ერაყელ ხალხს მშვიდობიანი და სტაბილური ქვეყნის აშენებაში, ჩვენ ამით საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებასაც ვაძლიერებთ".


გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ერაყელებისთვის ძალუფლების გადაცემის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ეს "ეტაპობრივად და დემოკრატიული გზით" უნდა მოხდეს და რომ ამ საკითხში აჩქარება დაუშვებელია. საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა, რომელიც ერაყის ომის დროს ანტისაომარ დიპლომატიურ კამპანიას ხელმძღვანელობდა, გაეროს ტრიბუნიდან კვლავ გაიმეორა, რომ ერაყელები დარწმუნებული უნდა იყვნენ საკუთარი სუვერენიტეტის სწრაფ აღდგენაში, ვინაიდან შიშობს, რომ ოკუპაციის გაგრძელება დიდ რისკთან იქნება დაკავშირებული.

[ჟაკ შირაკის ხმა] "ერაყელებისათვის, რომლებიც ძველ ხალხებს, ძველ კულტურას, ძველ ისტორიას განეკუთვნებიან, მსგავსი სიტუაცია უჩვეულოა, მათთვის ძნელია შეეგუონ ოკუპაციას. შესაბამისად, ვითარება უფრო და უფრო გართულდება ".

აღსანიშნავია, რომ ბუშის ადმინისტრაციამ მოუწოდა შეერთებეული შტატების მიერ დანიშნულ ერაყის მმართველ საბჭოს, მოამზადოს გრაფიკი ძალაუფლების გადაცემის შესახებ. როგორც მმართველი საბჭოს უფროსმა წევრმა, ადნან პაჩაჩმა რადიო "თავისუფლებას" განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ, საჭიროა გარკვეული დრო, რათა ერაყის ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მართვა შეძლოს, სუვერენიტეტის ფორმალური მონიჭება სასარგებლო იქნებოდა მოკლევადიან პერსპექტივაში.

[ადნან პაჩაჩის ხმა] "დამოუკიდებელი ხელისუფლება შეძლებს სამხედრო, ფინანსური და ეკონომიკური შეთანხმების დადებას სხვა მთავრობებთან. ასე რომ, სუვერენიტეტის მონიჭება ახლა უნდა მოხდეს, ხოლო ძალაუფლების გადმოცემა კი - ეტაპობრივად. ერაყის მთავრობისთვის ძალაუფლების სრული გადაცემა მაშინ განხორციელდება, როცა ჩვენ ამისთვის მზად ვიქნებით".

აღსანიშნავია, რომ ერაყის საბჭოს, როგორც ამ ქვეყნის წარმომადგენლობითი ორგანოს ავტორიტეტი სულ უფრო ძლიერდება. ცნობისთვის: ერაყის მმართველი საბჭოს წევრებმა დაიკავეს მათი ქვეყნისთვის გამოყოფილი ადგილები გაეროს გენერალურ ასამბლეის სხდომაზე, სადაც მომავალ კვირას ერაყის გარდამავალი ხელისუფლების ლიდერის, აჰმად ჩალაბის სიტყვით გამოსვლა იგეგმება.

მიუხედავად იმისა, რომ გენერალური ასამბლეის პირველი დღის შედეგების მიხედვით ძნელი სათქმელია, თუ რითი დასრულდება დებატები ერაყის შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი განაგრძობს პირისპირ შეხვედრებს მსოფლიოს ლიდერებთან და იმედოვნებს, რომ ერაყის რეკონსტრუქციის საკითხში გაეროს უშიშროების საბჭოს მხრიდან მეტ მხარადჭერას მიიღებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG