Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზურმა მხარემ ენგურჰესზე კონტროლი გააძლიერა


საქართველოში არჩევნების, ხოლო აფხაზეთში ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის დღის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო იძაბება ვითარება აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში.

სოხუმის სეპარატისტული ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დამატებითი სამხედრო ნაწილებია შეყვანილი გალის რაიონში და ნაბრძანებია ენგურის ხიდის გადაკეტვაც. არაოფიციალური ინფორმაციით, აფხაზური შეიარაღებული ძალები კონტროლის დაწესებას ენგურჰესზეც შეეცადნენ.

წინასაარჩევნო ციებ-ცხელებაში ჩაბმული საქართველოს ხელისუფლება ყურადღებას აღარაფერს აქცევს და ყველაფერს აკეთებს, რაც შეიძლება მეტი ხმების მოსაგროვებლად. ამ მიზნის მისაღწევად კი მოსახლეობისათვის კარგი ცხოვრების ილუზიის შექმნას ცდილობს და ქვეყნის 24 საათის მანძილზე განათებისთვის ენგურჰესის რესურსებს მაქსიმალურად იყენებს. ეს კი ენგურის წყალსაცავის ზამთრამდე დაცლის საშიშროებას შეიცავს, რაც ბაზისური ენერგიის გარეშე დატოვებს საქართველოს ელექტროსისტემას. ენგურჰესის დაცარიელების პერსპექტივა არც სოხუმის ხელისუფლებისათვის არის მისაღები, რადგან აფხაზეთიც ზამთრის მანძილზე გარანტირებული ელექტროენერგიის გარეშე დარჩება.

არაოფიციალური წყაროების მონაცემებით, აფხაზ სეპარატისტთა შეიარაღებული რაზმები გალის რაიონში განლაგებულ ენგურჰესის მართვის ცენტრში შეიჭრნენ და ქართველი სპეციალსტები აიძულეს ენგურჰესის მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება 10 მილიონ კილოვატსაათიდან 7 მილიონამდე შეემცირებინათ. მე ინფორმაციის დზუსტება ჩვენს ზუგდიდელ კორესპონდენტს ლაშა ბერულავას ვთხოვე.

[ლაშა ბერულავას ხმა] "არა, შეჭრის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება. ენგურჰესზე საბეროს ტერიტორიაზე, სადაც მდებარეობს მართვის პულტი, გაძლიერებულია დაცვა, აფხაზური მილიციის დამატებითი კონტიგენტია შეყვანილი".

თუ თავდასხმის ფაქტი არ დასტურდება, ენგურჰესმა რომ ელექტროენერგიის გამომუშავება შეამცირა, ამას თბილისშიც აღიარებენ. უფრო მეტიც, ენერგეტიკის მინისტრი მამუკა ნიკოლაიშვილი აფხაზური მხარის პოზიციას იზიარებს და ენგურჰესის რესურსების დაზოგვის მომხრეა.

[მამუკა ნიკოლაიშვილის ხმა] "რასაკვირველია, მიზეზი ობიექტურია. მოგეხსენებათ, წყალსაცავის ხარჯვა ყოველგვარი ნორმის გარეშე არის შეუძლებელი. ენგურის წყალსაცავი ჩვენი ძირითადი რესურსია საქართველოს ენერგობალანსში. აქედან გამომდინარე, ეს შეზღუდვები, უფრო სწორედ, კორექტირებული გრაფიკი იქნება გამოყენებული აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით და ის ფაქტი, რომ რაღაც შეჭრა იყო და ძალადობა იყო, მე ამას ვერ დავადასტურებ".

ქართულ-აფხაზური შეთანხმების მიხედვით, აფხაზეთი ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიიდან 120 მეგავატი სიმძლავრის დენს მოიხმარს, დანარჩენი კი დანარჩენ საქართველოს ეკუთვნის. თუმცა, სოხუმი ამ გარანტირებული სიმძლავრის გარეშე, დარჩება თუ თბილისმა ენგურჰესის ჰიდრომარაგები არჩევნებამდე დახარჯა.

"თელასის" ცნობით, ენგურჰესზე შეზღუდვების დაწესებამ თბილისის მოსახლეობის ნაწილის ჩაბნელება გამოიწვია და რამდენიმე რაიონს ელექტროენერგია თითქმის მთელი დღის განმავლობაში არ მიუღია. თუმცა, სულ სხვა რამეს ირწმუნება ენერგეტიკის მინისტრი:

[მამუკა ნიკოლაიშვილის ხმა] "თბილისის მოსახლეობას ეს არანაირად არ უნდა შეეხეოს. რეგიონებში ჩვენ გვაქვს გარკვეული გრაფიკი. ანუ საღამოს პიკზე მათ მიწოდება ექნებათ ელექტროენერგიის, დილით ექნებათ, დღის განმავლობაში შედარებითი შეზღუდვები".

შეძლებს თუ არა ენგურჰესი ორმხრივ დაწოლას გაუძლოს, ეს უახლოეს მომავალში, ნოემბრის არჩევნების შემდეგ გამოჩნდება.
XS
SM
MD
LG