Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორუფციასთან ბრძოლის პროგრამებით საარჩევნო სუბიექტების შეჯიბრი


ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების სუბიექტებმა ამომრჩეველს თავი ქვების სროლითა და მუშტი-კრივით დაამახსოვრეს. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის, თუ რას აპირებს ეს თუ ის პოლიტიკური ძალა

საკანონმდებლო ხელისუფლებაში არჩევის შემთხვევაში. ეკონომიკურ თუ სოციალურ პროგრამებთან ერთად ძალზედ მნიშვნელოვანია, როგორ აპირებს სახელისუფლებო პოლიტიკური ბლოკი თუ ოპოზიცია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას.

29 სექტემბერს საქართველოს ანტიკორუფციულმა ბიურომ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ორგანიზაციებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის წინასაარჩევნო პროგრამების გამოქვეყნების საშუალება მისცა. როგორც წინასაარჩევნო პერიოდისთვისაა დამახასიათებელი, ანტიკორუფციული პროგრამების პრეზენტაციაც შეჯიბრს დაემსგავსა. ამ შეჯიბრებაში სახელისუფლებო პოლიტიკური ბლოკი "ახალი საქართველოსთვის" ლიდერის პოზიციის მოპოვებას სასტარტო პირველი პოზიციის დაკავებით შეეცადა. ბლოკის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კონცეფციაში ძირითადი ადგილი პროკურატურის რეფორმირებას დაუთმო. სწორედ პროკურატურა არის ძირითადი ანტიკორუფციული ბერკეტი, რომლის მუშაობითაც ზაქარია ქუცნაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს.

[ზაქარია ქუცნაშვილის ხმა] "კორუფციის დამარცხების გარეშე ქართველობას, როგორც ცივილიზებულ ერს და საქართველოს, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოს მომავალი არ აქვს. ამისათვის ჩვენ აუცილებლად გვესახება კომპლექსური სახის ღონისძიებების გატარება. ამ ღონისძიებებიდან, უპირველეს ყოვლისა, მე გამოვყოფდი პოლიტიკურ ნების არსებობის აუცილებლობას. პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს და ეს ნება უნდა იყოს განუხრელი და შეუვალი".

ქუცნაშვილი რომ სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენელი არ ყოფილიყო, მის ამ განცხადებას ანტიკორუფციულ ბიუროში შეკრებილი სხვა პოლიტიკოსები გაგებით მოეკიდებოდნენ. მაგრამ ხელისუფლებას რომ ბოლო წლების მანძილზე პოლიტიკური ნების გამოვლენის უამრავი საშუალება და დრო ჰქონდა, ეს ვერ აპატიეს ოპოზიციონერებმა ზაქარია ქუცნაშვილს. ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერის, დავით კოღუაშვილის თქმით, ზაქარია ქუცნაშვილის კონცეფცია არის მისი კეთილი ნება.

[დავით კოღუაშვილის ხმა] "ბატონი ზაქარიას უკან თუ იდგება ის პოლიტიკური ძალა, რომლის სიტყვა და საქმე ერთმანეთს დაემთხვევა, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათი განზრახვა არის აბსოლუტურად სერიოზული, იმიტომ რომ ბატონი ზაქარია ამას მარტო ვერ შეძლებს. მე შემიძლია თავი დავდო ჩვენს პოლიტიკურ ძალაზე, სადაც ვიცი, ვინ არიან, რა წარსული აქვთ, საიდან მოდიან და რა მოტივაცია აქვთ პოლიტიკაში მოსვლისას. ამიტომ სახელისუფლებო ძალის მხრიდან ამ თემაზე საუბარი ცოტა უხერხული არის".

თუ ახლების წარმომადგენელი საკუთარი თანაპარტიელების პატიოსნებაზე დებს თავს და ასე აპირებს კორუფციასთან ბრძოლას, გაცილებით რადიკალურია "აღორძინების" წარმომადგენელი ჯემალ გამახარია.

[ჯემალ გამახარიას ხმა] "არანაირი პროგრამებით, გეგმებით, ბიუროებით და ასე შემდეგ ამ საქმეს ვერ უშველი. კორუფციის უპირველესი წყარო არის ხელისუფლება და თუ კორუფციასთან ბრძოლა გინდა, მაშინ ეს ხელისუფლება უნდა შეცვალო, მას უნდა ებრძოლო. და ეს დანაშაულებრივი ხელისუფლება რაღაც გეგმებს რომ ადგენს, სუფთა პროპაგანდისტული მიზნით კეთდება ყოველივე ეს".

ამ ანტიკორუფციული, ისევე როგორც ეკონომიკური თუ სოციალური პროგრამების შეჯიბრში გამარჯვებული 2 ნოემბერს გამოვლინდება. საკითხავი ის არის, გამარჯვების შემდეგ ვინმეს გაახსენდება თუ არა წინასაარჩევნო მარათონის დროს გამოთქმული დაპირებები.
XS
SM
MD
LG