Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-აფხაზური შერეული კომისიის მდივნის მკვლელობის მცდელობის საქმე ბურუსითაა მოცული


აფხაზეთში საომარი მოქმედებების დამთავრებიდან ათი წლის თავზე საქართველოში კვლავ ისმის სროლის ხმა. გასული კვირის მიწურულს ძიებისათვის დღემდე დაუდგენელმა ორმა პირმა თბილისში,

საკუთარ საცხოვრებელ სახლთან აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზურაბ ლაკერბაის მოკვლა სცადა. იმის გათვალისწინებით, რომ ლაკერბაია ქართულ-აფხაზური შერეული კომისიის მდივანი და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ვიცე-პრემიერია, მომხდარი ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს.

ზურაბ ლაკერბაიას დაუდგენელმა პირებმა მუცლის არეში სამჯერ ესროლეს. გადატანილი მძიმე ოპერაციის გამო დაზარალებულს პროკურატურის გამომძიებლებისთვის ჩვენება დღემდე არ მიუცია, თუმცა, ვაკე-საბურთალოს პროკურორის, თამაზ გეთიას განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა.

[თამაზ გეთიას ხმა] "აღძრულია საქმე 109 მუხლით, ანუ მკვლელობის მცდელობა... ყოველ შემთხვევაში, დღეის მდგომარეობით საქმე გაუხსნელია. ექიმები ჯერჯერობით არ გვაძლევენ უფლებას დავკითხოთ. მაგის დაკითხვის შემდეგ ბევრი რამ გაირკვევა. ძირითადად ორი ვერსიაა - ან ძარცვა, ან პირადული, ან შურისძიება ან სხვა რამ მოტივი..."

ზურაბ ლაკერბაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად ღუდუშაურის კლინიკის მთავარ ექიმს, გელა არაბიძეს დავუკავშირდი.
[გელა არაბიძის ხმა] "ამ წუთში მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. წნევა, ჰემოდინამიკური მაჩვენებლები სტაბილურია, საკვებს ღებულობს... ამას ჰქვია დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა".

ზურაბ ლაკერბაია ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელსაც თანამდებობა ერთდროულად აფხაზეთის როგორც ლეგიტიმურ, ასევე დე ფაქტო ხელისუფლებაში უკავია. იგი ამავდროულად არის ქართულ-აფხაზური შერეული კომისიის მდივანი.
ჩემ კითხვას, ხომ არ უკავშირდება თავდასხმა ზურაბ ლაკერბაიას საქმიანობას, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, თამაზ ნადარეიშვილი ასეთ პასუხს სცემს:
[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] "ვერსიები ბევრია, მათ შორის ესეც, რა თქმა უნდა, გამოსარიცხი არ არის. ის არის ქართულ-აფხაზური კომისიის მდივანი, ანუ ის არის შუამავალი პრეზიდენტ შევარდნაძესა და სახელმწიფო დამნაშავე არძინბას შორის. ერთ-ერთ ვერსიად არ არის გამორიცხული მისი ეს საქმიანობა, რადგანაც აფხაზეთშიც არიან უკმაყოფილონი მისი საქმიანობით და ქართველებშიც. ამიტომ, რა ვიცი, შესაძლებელია რაღაც კავშირები იყოს, მაგრამ მე არ ვიცი, ეს უფრო გამოძიებამ უნდა დაადგინოს".

თუმცა, გამოძიებას ჭეშმარიტების დასადგენად ზურაბ ლაკერბაიას ჩვენება ესაჭიროება. გელა არაბიძის თქმით, დაზარალებული ჩვენების მიცემას რამდენიმე დღეში შეძლებს.
[გელა არაბიძის ხმა] "ჩემი ანგარიშით, ალბათ, ერთ რამდენიმე დღეში, მაგის თქმა ძალიან ძნელია. ღმერთმა დაიფაროს, უცბათ ტემპერატურამ შეიძლება აუწიოს, რაღაც შეიძლება მოხდეს. ავადმყოფობა დინამიური პროცესია და წინასწარ თქმა ძალიან ძნელია".

თუმცა, საქმის გახსნასთან დაკავშირებით პროკურატურაში იმედს დაზარებულის გამოჯანმრთელებამდეც არ კარგავენ და აცხადებენ:
[თამაზ გეთიას ხმა] "ღმერთმა ნუ ქნას, არ გაიხსნას. არის საქმეები, რომლებსაც გარკვეული დრო სჭირდება და გაიხსნება. წინასწარ, გაიხსნება თუ არ გაიხსნება, ამის თქმა ძნელია".
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG