Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დემოკრატიული აღორძინების კავშირი" 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების წინ


2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების კამპანიას "დემოკრატიული აღორძინების კავშირი" სამი პარტიული სუბიექტით იწყებს - "აღორძინება", "ქრისტიან-დემოკრატიული ალიანსი" და "21-ე საუკუნე".

ზემოხსენებული სამი სუბიექტიდან უკანასკნელი ორი, ასლან აბაშიძის მოთხოვნით, პრაქტიკულად "აღორძინებაში" გაწევრიანდა. ამას ერთი ძირითადი მიზეზით ხსნიან: პოლიტიკური პარტნიორები გაცილებით საიმედონი იქნებიან პარტიაში, ვიდრე ბლოკში. თუმცა, მეორეს მხრივ, "აღორძინების" პარტნიორები წელს ბევრად უფრო უღიმღამოდ გამოიყურებიან, ვიდრე ეს 1999 წლის არჩევნების დროისათვის იყო.

"დემოკრატიული აღორძინების კავშირს" დაარსების დღიდან მოჰყვება ერთი განსაკუთრებით ნიშნეული თავისებურება - პარტია აჭარის ლიდერთან ასოცირდება, ძალიან ჰგავს მას და, შესაბამისად, ისე ვითარდება, როგორც თავად ასლან აბაშიძე. "აღორძინება" ქართულ პარტიულ სინამდვილეში იმის გამოხატულებაა, რასაც ასლან აბაშიძე აჭარაში ამკვიდრებს - "აღორძინება" არის ეგრეთ წოდებული აჭარული ოაზისის იდეოლოგი საქართველოში, იმის მიუხედავად, რომ წელგამართულად და უზრუნველად ჩვენი თანამემამულენი არც აჭარაში ცხოვრობენ. ამომრჩევლის ნაწილზე კი ასლან აბაშიძის, როგორც ფეოდალი აღმშენებლის იმიჯი მაინც დადებითად მოქმედებს.

[დავით ჯაფარიძის ხმა] "დემოკრატიული აღორძინების კავშირს" რაც განასხვავებს სხვა პოლიტიკური ძალებისაგან, პირველ რიგში, ეს არის საქმე, უკვე გაკეთებული საქმე იქ, სადაც "აღორძინება" ხელისუფლებაშია და თუნდაც თბილისში. აი, ეს არის განსხვავება. განსხვავება არის საქმე, რომელსაც ჩვენ არ ვლაპარაკობთ, პირდაპირ ვაკეთებთ. საარჩევნო მიმართულებები ერთადერთია, რომ ჩვენ გვყავს ლიდერი, რომელიც ერთადერთია საქართველოში, რომელიც მზად არის პრეზიდენტობისათვის. ეს არის ის ერთადერთი, რომელსაც შესწევს ძალა, რომ გამოიყვანოს სახელმწიფო ამ კრიზისიდან".

"საქართველოს დემოკრატიული აღორძინების" კავშირის თბილისის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის, დავით ჯაფარიძის ნათქვამს დავსძენთ, რომ ასლან აბაშიძე უკვე რამდენიმე დღეა თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფება სტრასბურგში, სადაც, არაოფიციალური ინფორმაციით, ევროპის სასამართლოში თენგიზ ასანიძის საქმეზეა გამოძახებული. აჭარის ლიდერი ასანიძის თემას პოლიტიკური პროცესის ნაწილად მიიჩნევს და ცენტრს ადანაშაულებს. როგორც ჩანს, ცენტრია დამნაშავე იმაშიც, რომ"აღორძინების კავშირი" 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიას შედარებით დასუსტებული შემადგენლობით იწყებს - 1999 წლიდან მოყოლებული დღემდე მან დაკარგა როგორც პოლიტიკური პარტნიორები, კერძოდ, "ტრადიციონალისტები" და "სოციალისტები", ისე პარტიული მეგობრები - ისეთები, როგორებიც არიან წლების განმავლობაში "აღორძინების კავშირის" სახეებად მიჩნეული გიორგი თარგამაძე, ვალერი გელბახიანი, გივი ბოლოთაშვილი, ნოდარ ჯავახიშვილი. არ არის გამორიცხული, მათ რიგს შეუერთდეს სანდრო ბრეგაძეც, რომელიც ჯერჯერობით ასლან აბაშიძის ერთგულებას აფიშირებს. სანდრო ბრეგაძის ეიფორია მინიმუმ მანამდე გაგრძელდება, სანამ პატრონის ხელდასმით, "აღორძინება " საარჩევნო პარტიულ სიას გამოაქვეყნებს. როგორც თავად სანდრო ბრეგაძე ამბობს, იგი ამ სიის რამდენიმე ვარიანტს იცნობს, რომელთა ნაწილში მისი გვარი მართლაც არ ფიგურირებს. სანდრო ბრეგაძის ადგილმონაცვლედ "აღორძიონებაში" უკვე მოიაზრება 28 წლის მომღერალი დავით ხუჯაძე, რომელიც თბილისის ვაკის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატი იქნება "აღორძინების კავშირიდან". შეძლებს თუ არა ხუჯაძე "აღორძინების" რუპორობას და რა დამსახურებებისათვის აღმოჩნდა იგი პარტიაში? მით უმეტეს, რომ მისი ამომრჩევლების სპექტრი თეორიულადაც კი ძალზე ვიწროა. ხუჯაძის ფანების უმრავლესობას ჯერ საარჩევნო ასაკი არც კი შესრულებია.
როგორც ექსპერტთა უმრავლესობა მიიჩნევს, "აღორძინების კავშირი" 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებს სუსტი შემადგენლობით, სუსტი პარტნიორებითა და არასტრატეგიული მიდგომებით ხვდება.
XS
SM
MD
LG