Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოების ეჭვები ოპოზიციის მიმართ


საზოგადოებაში სერიოზული ეჭვები არსებობს ოპოზიციის მიმართ და ეს ეჭვები არჩევნების შედეგებზე მეტად ან ნაკლებად, მაგრამ უსათუოდ აისახება. პირველ რიგში, უნდობლობას იწვევს მოტივები,

რომელთა გამოც ოპოზიციის დღევანდელი ლიდერები გაემიჯნენ ხელისუფლებას.

რუსი სწავლული დიმიტრი ლიხაჩოვი ინტელიგენციისადმი მიძღვნილ ერთ წერილში წერდა, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, შეიცვალოს შეხედულებები ზნეობრივი შინაარსის მქონე მიზეზების საფუძველზე; მაგრამ თუ ადამიანი შეხედულებებს იცვლის ანგარების გამო, ეს უდიდესი უზნეობაა.

ქართული ოპოზიციისა და ქართველი ამომრჩევლის ურთიერთობის მთავარი პრობლემა ამ განმარტებაში უნდა ვეძებოთ. ზურაბ ჟვანიაც და მიხეილ სააკაშვილიც წლების განმავლობაში ხელისუფლების ნაწილი იყვნენ, დავით გამყრელიძე და ლევან გაჩეჩილაძეც პარლამენტში მოქალაქეთა კავშირის სიით მოხვდნენ. დღეს კი თითოეული მათგანი ოპოზციის ლიდერია. რა იყო ხელისუფლებიდან ოპოზიციაში მათი გადანაცვლების საფუძველი? მსოფლხედვა თუ ანგარება? ზნეობა თუ უზნეობა? ის ადამიანები, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ პოლიტიკოსებს ენდობიან, მათ ქცევაში ანგარებას გამორიცხავენ. სხვები კი, პირიქით, მათში ზნეობის დეფიციტზე მიანიშნებენ.

უზნეობაში ეჭვმიტანილი პოლიტიკოსები თავს ორი არგუმენტით იცავენ: ოთხივე მათგანი ხშირად იმეორებს, რომ ნებაყოფლობით გადადგა თანამდებობიდან, რაც ზნეობრივი მოტივის სასარგებლოდ მეტყველებს. ამის გარდა, ოთხივე მიუთითებს, რომ არასოდეს ჰქონიათ კავშირი კორუფციულ პირამიდებთან, რომლებზეც დგას ხელისუფლება.

ოპონენტები ოპოზიციის ლიდერებს ორივე პუნქტში ედავებიან: აცხადებენ, რომ თუ ჟვანია ნებით არ გადადგებოდა, პარლამენტი ძალით გადააყენებდა მას; იმასაც ამბობენ, რომ პოლიტიკური კორუფცია ქართულ სინამდვილეში სწორედ ჟვანიასა და სააკაშვილის დანერგილია.

არსებობს ამ საკითხის კიდევ ერთი წახნაგი: ხელისუფლებისგან გამიჯვნის მოტივი შეიძლება იყოს მეტი ძალაუფლების მოპოვების სურვილი. ამ მოტივზე წლების განმავლობაში საუბრობდა პრესა და მას ერთმნიშვნელოვნად ანგარებიან მოტივად აფასებდა: ჟვანია, სააკაშვილი და გამყრელიძე იმის გამო დაუპირისპირდნენ პრეზიდენტს, რომ მისგან ვერ მიიღეს მემკვიდრეობის გარანტია. ოპოზიციის ლიდერები, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ დაპირისპირების საფუძველია თავად პრეზიდენტის განდგომა ხალხისა და მისი ინტერესებისგან, ესე იგი, წმინდა ზნეობრივი მოტივი.

დაბეჯითებით მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ითქვას: ნინო ბურჯანაძე, სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, არ ყოფილა პრეზიდენტის გუნდის წევრი და მისგან დაპირებები არ მიუღია. შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარეს ამომრჩეველი არ დაუყენებია რთული შეკითხვის წინაშე: რატომ გაემიჯნა იგი პრეზიდენტს - ზნეობრივი თუ ანგარებიანი მოტივის საფუძველზე. ნინო ბურჯანაძის მაღალი რეიტინგის ერთი საიდუმლო, ალბათ, ესეც არის.
XS
SM
MD
LG