Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას შეცვლის საქართველო-რუსეთის ეკონომიკური ფორუმი ორი ქვეყნის ურთიერთობაში


სახელისუფლებო ბლოკის "ახალი საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა და სოციალისტური პარტიის თავმჯდომარემ ვახტანგ რჩეულიშვილმა დიდი ხნის ნატვრა აიხდინა და 16 ოქტომბერს

თბილისში რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ფორუმი მოაწყო. თბილისის ეკონომიკურ ფორუმში 250 რუსი და ქართველი ბიზნესმენი მონაწილეობს. ქართული მხარის წარმომადგენლები თავის რუს კოლეგებს 50-მდე საინვესტიციო პროექტს შესთავაზებენ, რაც რუს ბიზნესმენებს უფრო მეტ საშუალებას მისცემს ქართულ ეკონომიკაში კიდევ უფრო გაიმყარონ ისედაც ძლიერი პოზიციები.

რუსეთი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია 1997 წლიდან. მან პირველობა თურქეთს წაართვა და მას შემდეგ თავისუფლად ინარჩუნებს ადრე დაკავებულ პოზიციებს. თუმცა რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მოწინააღმდეგენი მხოლოდ ახლახან გამოჩნდნენ - მაშინ, როდესაც ანატოლი ჩუბაისის "რაო ეესმა" თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანიის აქციები შეიძინა, ხოლო გაზის მომწოდებელი, იტერას ნაცვლად, გაზპრომი გახდა. ამ დაგვიანებულ განგაშს შედეგად ხმაურის მეტი არაფერი მოჰყოლია.

საქართველოში თავისუფალი ეკონომიკის წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ თუ ბიზნესმენების ინტერესსა და ურთიერთობებს უცხო ქვეყნის ხელისუფლება განაგებს, ეკონომიკური თანამშრომლობაც კი საშიში ხდება. მით უმეტეს, ისეთ ქვეყანასთან, როგორიცაა რუსეთი, რომელიც მუქარასა და სამხედრო ძალას არ იშურებს თბილისის დასაშინებლად.

მოსკოვის მიერ სახელმწიფო საგარეო პოლიტიკის განხორციელების მექანიზმად ეკონომიკის გამოცხადების შემდეგ სულ უფრო გაიზარდა რუსი ბიზნესმენების ინტერესი საქართველოს მცირე და გადახდის უუნარო ბაზრის მიმართ. ამაზე მეტყველებს რუსეთის მთავარი მეგობრის ვახტანგ რჩეულიშვილის დიდი ხნის ოცნების რეალიზებაც.
სწორედ ამიტომ მოიწონა რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარემ არკადი ვოლსკიმ პროგრამა საარჩევნო ბლოკისა "ახალი საქართველოსთვის" და მისი ლიდერი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თბილი სიტყვებით მოიხსენია.

[არკადი ვოლსკის ხმა] "პირადად ჩემში საქართველოს მონახულება განსაკუთრებულ გრძნობებს აღძრავს. მე პატივს ვცემ მის შრომისმოყვარე ხალხს. ჩემი შრომითი მოღვაწეობა მე თითქმის 50 წლის წინ ქუთაისის ავტოქარხანაში დავიწყე და ამით ვამაყობ."

აი, ასე პოლიტიკურად დაინტერესებულ რუსულ კაპიტალს ქართველი ბიზნესმენების ნაწილი ძველი კომუნისტი დირექტორების მიერ დანგრევის პირას მიყვანილ ქართულ საწარმოებს სთავაზობს. ბიზნესმენმა და პრეზიდენტის მძახალმა გურამ ახვლედიანმა სცადა რუსი ბიზნესმენები იმ ქართული პროდუქციის წარმოების აღდგენის პერსპექტივით მოეხიბლა, რომელიც რუსეთის ფართო ფენებში საქართველოსთანაა გაიგივებული.

[გურამ ახვლედიანის ხმა] " კანონის მიღება მიწების პრივატიზაციის შესახებ გახდა მძლავრი სიმბოლო აგრარულ სექტორში ინვესტიციების მოსაზიდად. მიწების 43 პროცენტი გამოყენებულია აგრარული საქმიანობისთვის. ახალი სახელმწიფო პროგრამები ჩაის, მევენახეობისა და მეღვინეობის განსავითარებლად ჩვენ ფართო შესაძლებლობას გვაძლევს ბიზნესის საწარმოებლად."

სახელისუფლებო ბიზნესმენებსა და პოლიტიკოსებს იმედი აქვთ, რომ რუსეთთან ამგვარი ეკონომიკური თანამშრომლობით აფხაზეთის დაბრუნებასა და საქართველოს აყვავებას შეძლებენ. თუმცა ყველას კარგად მოეხსენება, რომ რუსეთი ეკონომიკას მხოლოდ საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლისა და თბილისის საგარეო ვექტორების მიმართულების შესაცვლელად იყენებს.
XS
SM
MD
LG